პრეზიდენტი მეცნიერებს - ევროპა ჩვენი მომავალია!

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

,,ჩვენი ხმა ევროპას“- ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპაში და ევროსტრუქტურებშია დაცული. არცერთი სხვა ორგანიზაცია არ არსებობს, სადაც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან გაწევრიანებული [ქვეყნები], ასეთი ორგანიზაცია ისტორიამ არ იცის; სხვა ისტორიამ იცის იმპერიები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ და თუ რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას.

ცოდნა - ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციაა ის მთავარი რამ, რაც მივიღეთ, მაგრამ არა მხოლოდ. მაგალითად, ,,ერასმუსის“ პროგრამა, ერთ-ერთი ძალიან დიდი მიღწევაა, რითაც სარგებლობს ბევრი ჩვენი ახალგაზრდა, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები, მაგრამ ,,ჰორაიზონ ევროპა“ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის; შემოქმედებითი ევროპა -,,კრეატივ ევროპა“ კულტურის სფეროსათვის, რომელიც ასევე ჩვენი შესაძლებლობის გახსნისა და გაშლისათვისაა.

ჩვენ ფრანკფურტში მასპინძელი ქვეყანა ვიყავით და დღეს ევროპალიას მასპინძლები ვართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისე ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობებით, როგორც საჭიროა და როგორც შეიძლებოდა, მაგრამ მაინც ხომ ვართ იქ და ის, რომ მეტი შეიძლება ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა მათზე, ვინც ამ საშუალებას გვაძლევს და გვიხსნის და ჩვენც, ზოგჯერ, ჩვენს თავში ჩაკეტილები ვერ ვახერხებთ იმას, რომ ისე გამოვიყენოთ ეს როგორც საჭიროა.

ევროპა ჩვენი მომავალია, რადგან ეს არის საშუალება რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია -  ჩვენი ადამიანური რესურსის პოტენციალი. განვითარება ნიშნავს არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, ეს ნიშნავს პროფესიონალიზმს, ეს ნიშნავს ჯერ ერთი, იმ დარგების დაბრუნებას, რომლებიც პრაქტიკულად ქრება საქართველოში: გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები, რომლებიც მეტი გვჭირდება ამ ქვეყანაში, (მართლაც ბევრი საგანძურია, რომელიც ბოლომდე გამოკვლეული არ არის) და ძალიან ბევრი დარგია, სადაც ბევრად მეტი სპეციალისტი გვჭირდება, მაგალითად, ახლა შოვის ტრაგედია გავიარეთ და ჩვენ მყვინვართმცოდნეები ბევრად მეტი გვჭირდება, (1 თუ 2 გვყავს, თუ არ ვცდები და ეს, ასეთ ქვეყანაში წარმოუდგენელია!) გეოლოგები გვყავდა უამრავი ამ ქვეყანაში და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის; გარემოს დაცვის სპეციალისტები - ყველა ეს მიმართულება ქვეყნის დაცულობას ნიშნავს;  

ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა განვავითაროთ და იმისთვის, რომ განვავითაროთ, გვჭირდება იმ საზღვარგარეთ ცოდნის მიღება, მაგრამ ამავდროულად, იქ მიღებული ცოდნის დაბრუნება. არ არის საკმარისი იქ წასვლა, თუ შემდეგ არ არის ის განცდა და ის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ნაწილობრივ მაინც ეს ახალი ცოდნა ამ ქვეყანას დავუბრუნო და მოახმარო. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც ფიზიკურ დაბრუნებას. 

მაგალითად შემიძლია მოვიყვანო: გია დვალი რომ ცერნში, თუ მაქს პლანკის ინსტიტუტში ასწავლის ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ის ჩამოდიოდეს აქ და აქაც მისი ცოდნა ახალგაზრდებს გაუზიაროს. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ასევე, ,,ორმაგი მოქალაქეობის კანონი“. ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ყველა დარგში - ეკონომიკურ დარგში. ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მათაც უნდა დაინახონ და იცოდნენ, რომ ეს ქვეყანაც დამოკიდებულია მათ ჩართულობაზე - პოლიტიკურ ჩართულობაზე; არ შეიძლება უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს-ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულებს მუდმივად დახმარებას ვთხოვდეთ (მათი ოჯახების, თუ სხვა ფორმით) და არ ვაძლევდეთ მათ იმ ელემენტარულ უფლებას (რის გარეშეც დისკრიმინაციაზე შეიძლება ვისაუბროთ), არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. 

ჩვენი სათქმელი საზოგადოების სათქმელი უნდა იყოს. საზოგადოებამ უკვე აჩვენა ევროპას და ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა იმისთვის, რომ ამ ეტაპამდე მივსულიყავით. დაინახონ, რომ ეს მართლაც ამ ქვეყანაში ერთობლივი განწყობაა და რომ ის, რაც სხვადასხვა რეიტინგებსა და გამოკითხვებში აისახება, ეს მართლაც ამ ქვეყანაში საერთო განწყობაა. თქვენზეა, ის, რომ ეს ჩვენი კამპანია კიდევ უფრო გაიშალოს და მიიღოს კიდევ უფრო დამაჯერებელი ფორმა.

სხვა სიახლეები