პრეზიდენტი - სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ამ ქვეყანას ექნება მომავალი!

ორბელიანების სასახლეში დღეს 1923 წლის 21 მაისს საბჭოთა ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის დახვრეტილი 15 ქართველი სამხედროს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

,,სამხედრო ცენტრის“ წევრ 15 სამხედროს ეროვნული გმირის წოდება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ.

ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, ელიზბარ გულისაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, ლევან კლიმიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, როსტომ მუსხელიშვილი, სიმონ მუხრან-ბატონი, ივანე ქუთათელაძე, ფარნაოზ ყარალაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, ვარდენ წულუკიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი სიკვდილის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ. 

სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც ამ გმირების პატივსაცემად გახსნილ ,,კოტე აფხაზის კაბინეტში“ იქნება დაცული.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, აუცილებლად აღსანიშნავია ამ პიროვნებების სიდიადე, რომლებსაც დღეს ვაჯილდოებთ ეროვნული გმირის ორდენითა და წოდებით. 

,,ეს ადამიანები არიან მაგალითი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან ამ ქვეყანაში, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ქვეყანა იქნება ძალიან ძლიერი და მას ექნება მომავალი!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ეროვნულ გმირთა შთამომავლებს სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ.

,,კოტე აფხაზი მაშინ კი არ გახდა გმირი, როდესაც თქვა, რომ ბედნიერია რომ კვდება საქართველოსთვის, ან უშუალოდ დახვრეტის წინ, - მას უკვე არჩეული ჰქონდა სიკვდილთან სითამამე, როდესაც 2 კვირით ადრე შესთავაზეს საქართველოს დატოვება, მან თქვა ძალიან მარტივი რაღაც: „მე ვარ საქართველოს გენერალი და გენერალი არასოდეს ტოვებს თავის ჯარისკაცებს ბრძოლაში!“, მაშინ გადადგა მან ეს ნაბიჯი.

გმირობის განმარტებისათვის რამდენიმე მარკერი ამოვირჩიე რადგან ამ მარკერში ჯდებიან ის ადამიანები, რომლებსაც დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ: თავგანწირვა, ყველა იყო მზად, რომ თავი გაეწირა და გაწირეს კიდეც; სიკვდილის არაფრად მიჩნევა - ყველაზე დიდი ღირებულება ის კი არ არის, რას აკეთებ აქ, არამედ როდესაც გადადიხარ სხვა სამყაროში- როგორ გააკეთებ ამას და ამით, ხალხის მეხსიერებაში ზნეობრივ მაგალითს ტოვებ. როდესაც გგონია რომ გკლავენ სიცოცხლეს განიჭებენ“, - განაცხადა დავით თევზაძემ.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: დახვრეტილ გმირთა შთამომავლები, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები და ახალგაზრდები.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება