სალომე ზურაბიშვილი -ქართული ფოლკლორი ჩვენი ქვეყნის საზრდოა, რომელშიც ჩვენი მომავლის ძალა დევს

საქართველოს პრეზიდენტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზის გახსნას და ცენტრის საქმიანობის სამი წლის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

პრეზიდენტმა ფოლკლორის ცენტრში დაცული უნიკალური საარქივო ნიმუშები დაათვალიერა, მოწვეულ სტუმრებთან ქართული მრავალხმიანობის, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და ფოლკლორის სხვადასხვა მიმართულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფოლკლორის ცენტრის ანგარიშს შთამბეჭდავი უწოდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ქართული ფოლკლორი ჩვენი ქვეყნის მაცოცხლებელ ძალას და საზრდოს წარმოადგენს.

"ქართულ ფოლკლორში ჩვენი მომავლის ძალა დევს და რეგიონში ფოლკლორული სკოლები ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა. ამ მიმართულებით რეგიონების განვითარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონების განვითარება უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეების დაბრუნების საფუძველი გახდება. რეგიონების ეკონომიკური განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული სწორედ, მათ კულტურულ განვითარებაზე, რომელიც თავის მხრივ, ფოლკლორის მდიდარ საფუძველზე დგას.

ყველამ ვიცით, რომ ქართული საგალობელი ჩვენი დიდი საუნჯეა, მაგრამ ყველა არ ვუფრთხილდებით მას ისე, როგორც გვევალება. ამ კუთხით დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია და მე ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. აქ მე დღეს მოვიყვანე ჩემი სტუმარი პარიზიდან, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც დავდიოდი ქართულ ცეკვასა და საგალობელზე ეკლესიაში. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, როგორი ქართველი ვიქნებოდი. საჭიროა, რომ ჩვენს უზარმაზარ დიასპორაში გავაძლიეროთ საგალობელთა გუნდები, მოცეკვავეთა ჯგუფები, რათა იქ ქართული ფოლკლორი ენასთან ერთად შეინარჩუნონ. არ შეიძლება ენისა და ფოლკლორის შენარჩუნების გაყოფა და განცალკევება.

ეს ყველაფერი ჩვენი იდენტობაა, რომელიც არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ მომავალშიც გავაძლიეროთ. ფოლკლორი ჩვენთვის მხოლოდ წარსული არ არის. კოსმოსში გაგზავნილი ჩაკრულო ჩვენი ქართული კულტურული ტრადიციების მომავალში გაგრძელების სიმბოლოა. გლობალურ მსოფლიოში უამრავი საფრთხეა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა ამ ყველაფრის დასაძლევად, რადგან ქართულ კულტურასა და ტრადიციებში დევს გლობალიზაციის პროცესის პასუხი.

ეს პასუხი - ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ფოლკლორია. სწორედ ესაა მსოფლიოსთან ჩვენი საკომუნიკაციო ენა. ამ ურთულეს რეგიონში, რომელშიც ვიმყოფებით გამაერთიანებელი ენა გვჭირდება, რათა გავიგოთ და გვესმოდეს ერთმანეთის. ძალიან ნათელია, რომ ჩვენი კულტურით შესაძლებელია დავიპყროთ მსოფლიო და მოვიზიდოთ უცხოელები, რადგან ძალიან საინტერესო ერი ვართ, თუნდაც მრავალსაუკუნოვანი და მრავალრიცხოვანი საგალობლებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში პრეზიდენტს ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმასპინძლეს.

ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

სხვა სიახლეები