პრეზიდენტი - თუ გვინდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფო, გონს უნდა მოვიდეთ, დავინახოთ საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს!

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პანაშვიდს დაესწრო, რომელიც შოვში სტიქიური უბედურების შედეგად და 2008 წლის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებლად, მამა ილიამ გადაიხადა.

პანაშვიდის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას და აღნიშნა, რომ თუ გვინდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფო, ის, რისთვისაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც აქ, [მუხათვერდის სასაფლაოზე] განისვენებენ, გონს უნდა მოვიდეთ, დავინახოთ საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს!

,,ეხლა მოვდივართ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილი რაჭაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, ვილოცეთ მათთვის, ვინც შეიძლება ჯერ კიდევ  ცოცხალია და შეიძლება დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამავდროულად, 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის.

ჩვენ გვებრძვის მტერი ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან თვალსაჩინოა და რომელსაც ჩვენი ერთიანობა სჭირდება, ასევე გვებრძვის განრისხებული ბუნებაც და მის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. 

დღეს ჩემთვის მიუღებელი განცხადებები ისმის თუ იწერება სოციალურ ქსელში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ზოგადად, ქართველისა და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა დამოუკიდებლობა და სახელმწიფო რისთვისაც იბრძოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებენ, გონს უნდა მოვიდეთ, დავინახოთ სად არის ჩვენი საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს!"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები