თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციამ კონფლიქტების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი თემები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით, დღეს თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია (TWIC) უკვე მეორედ ჩატარდა.

კონფერენცია 9 ძირითად პანელს მოიცავდა, რომელზეც განხილული იყო კონფლიქტების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი თემები.

კონფერენციაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ქალ დელეგატებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელ ქალებს ეძღვნება, რომლებიც დღეს უკრაინის ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენენ, და რომლებიც დღესაც,  წელიწადნახევრის შემდეგაც, ჭურვების ქვეშ იმყოფებიან.

მაღალი დონის პანელების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა ბეარიმ, რომლებიც თბილისს საქართველოს პრეზიდენტის პირადი მოწვევით სტუმრობენ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია ბურიჩის განცხადებით, ევროპული საბჭო დემოკრატიული უსაფრთხოების ქვაკუთხედია, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ დღეს და არამხოლოდ წევრი ქვეყნებისთვის, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ომის წარმოების პერიოდშიც.

,,დღევანდელი ჩემი სიტყვა მინდა დავიწყო ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის პრეზიდენტისადმი მადლიერების გამოხატვით.

მადლობას გიხდით, რომ ეს ღონისძიება უკრაინას  და უკრაინელ ქალებს  მიუძღვენით. ისინი არა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე,  არამედ ყურადღების ცენტრში არიან, ვინაიდან იბრძვიან და თავის საკეთებელს აკეთებენ უკრაინის მშვიდობის მოსაპოვებლად. 

წინა კვირას ვიყავი ლონდონში,  სადაც პატივი მქონდა მენახა ის ე.წ ლონდონის შეთანხმება, რომელიც ევროპული საბჭოსთვის დამფუძნებელ დოკუმენტს წარმოადგენს. ჩვენ მას მშვიდობის შეთანხმებას ვუწოდებთ, რომელიც დაიდო იმიტომ რომ ევროპულ კონტინენტზე დასადგურებულიყო მშვიდობა. ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ზოგადად ამ დოკუმენტმა და დღეს ამიტომ ვართ აქ, რომ ქალებმა ერთად ვიმუშაოთ ამ მიზნისათვის. 

თუკი დააკვირდებით იმდროინდელ სურათებს, ნახავთ, რომ მასზე მხოლოდ კაცები არიან ასახულნი, კადრში არცერთი ქალი არაა. უბრალოდ აღსანიშნავია რამდენად წინ წავედით ამ საკითხში. დღეს უკვე ძალიან ბევრი ქალია წამყვან პოზიციებზე და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. ევროპული საბჭო დემოკრატიული უსაფრთხოების ქვაკუთხედია, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ დღეს და არამხოლოდ წევრი ქვეყნებისთვის, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ომის წარმოების პერიოდშიც. უკრაინის წამყვან პოზიციებზე მყოფი მამაკაცები და ქალებიც თავდაუზოგავად იბრძვიან. 

როგორც იცით, უკრაინამ სტამბულის თანასწორობის კონვენციის რატიფიკაცია, უკრაინაში ულტრამემარჯვენე ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, გასული წლის ივლისში მოახდინა, ამიტომ საბჭოსთვის მნიშვნელოვანია განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა ამ საომარი მოქმედებების დროს“, - განაცხადა მარია ბურიჩმა.

პანელის მეორე ნაწილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს უიდედ ბუშამაუის და დოქტორ რუთ მიჩელის დაეთმო.

,,ახალგაზრდები ჩვენს მომავალს წარმოადგენენ. თქვენ წარმოადგენთ მომავალს ჩვენთვის და მომავალს თქვენთვის. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ გამოსავლის ნაწილი და გაქვთ არსებითი მნიშვნელობის როლი. ასევე, მიიღეთ გამოწვევები და იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის“, - მიმართა უიდედ ბუშამაუიმ კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდებს.

ნობელიანტმა რუთ მიჩელმა ქალების რამდენიმე განსხვავებულ როლსა და საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

,,რეალობაა ისაა, რომ ქალებს რამდენიმე როლი აკისრიათ და მრავალ საკითხს ერთდროულად უმკლავდებიან და რასაკვირველია, რომ არსებობს დამატებითი ვალდებულებები და დებულებები იმის შესახებ თუ რა უნდა გააკეთონ ქალებმა. მე მჯერა, რომ ეს მეტნაკლებად ყველა კულტურაში ჭეშმარიტებაა. აქედან გამომდინარე, სწავლა იმისა თუ როგორ ვაკეთოთ ეს ყველაფერი, იმ ხალხის მოძებნა, ვისთან ერთადაც გავაკეთებთ ამას  და აღიარება, რომ ამ ყველაფრის ერთად კეთება არ შეგიძლია, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა რუთ მიჩელმა.

,,კასპიისა და შავი ზღვების აუზები - ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების“ პანელზე ისაუბრეს ინდუსტრიებში ქალთა ჩართულობისა და აქტივობის გაზრდაზე. 

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის ოლგა ალგაიეროვას განცხდებით, ჩვეულებრივ, ინდუსტრიები, მაგალითისათვის სატრანსპორტო ინდუსტრია მამაკაცისაა. ,,მე თავად მაქვს იგივე პრობლემა ჩემს ორგანიზაციაში რამდენადაც ჩვენი სატრანსპორტო და ენერგოგანყოფილება იმართება მამაკაცთა უმრავლესობის მიერ. ამიტომ ჩვენ უნდა დავასაქმოთ და ჩავრთოთ მეტი ქალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითხების დღის წესრიგში, რადგან ეს ნამდვილად გვაკლია“, აღნიშნა მან.

ენერგეტიკის ქარტიის გენერალური მდივნის მოადგილის აცუკო ჰიროსეს განცხადებით, კი იმისათვის, რომ ახალ გამოწვევებს სისტემატიურად შესაბამისად ვუპასუხოთ, რეკომენდირებულია, რაც შეიძლება სწრაფად, დეტალურად დავამუშაოთ საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების კონცეფცია. ასევე მიზანშეწონილია დავაფუძნოთ სპეციალური სამუშაო განყოფილება კონცეფციის შესრულებისათვის და დავიწყოთ ორგანიზების, დაფუძნების, განვითარებისა და ინსტიტუციური მენეჯმენტის პროცესები. 

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა პანელზე განიხილეს კონფლიქტების წინაშე მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხები, მათ შორის: ქალების მიერ მოყოლილი ომის ისტორიები, კასპიისა და შავი ზღვის კავშირებადობა, ქალების როლი კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, განიხილეს ქალების მმართველობითი როლი კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდებში.

 

სხვა სიახლეები