საქართველოს პრეზიდენტმა ქართული კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საზღვარგარეთ მისი საუკეთესოდ წარმოჩენისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნინო სანადირაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ასევე ღირსების მედლებით დააჯილდოვა მეცნიერი და მკვლევარი ელისო კოტრიკაძე და ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობი ანნა ასათიანი.
სახელმწიფო ჯილდო ელისო კოტრიკაძეს ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობისათვის გადაეცა, ხოლო ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობ ანნა ასათიანს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.
,,დღეს დავაჯლიდოვებთ სამ ქალბატონს, რომელთა წვლილი თოჯინების ისტორიის ბოლო საუკუნენახევრის ისტორიაში ძალიან დიდია.
თოჯინების შექმნა ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც რამდენიმე კომპონენტს - მხატვრობასა და დიზაინერობსაც მოიცავს.
ამ სამუზეუმო ექსპონატებს განსაკუთრებული ქართული ხასიათი აქვთ. უკვე რამდენიმე წელია ამ თოჯინებს სახლი არ აქვთ. თოჯინები, რომლებიც მუზეუმში ინახებოდა და რომლებსაც ნამდვილად, ისტორიული, ძალიან დიდი ფასეულობა გააჩნიათ, დღეს სამწუხაროდ, ვერ იქნება გამოფენილი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე საშუალება გვექნება, რომ ახალ შენობაში, ახალ პირობებში ვიხილოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურული საგანძურია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სადაც თოჯინების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა იყო წარმოდგენილი.