პრეზიდენტი - ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, მშვიდობისკენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს მიმართეს და ევროპის დღეს მიულოცეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:

,,ძვირფასო ქართველებო და ძვირფასო პრეზიდენტო, 

დღეს ევროპის დღეა და პირველი ევროპის დღეა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა განცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. თქვენ, ქართველებმა, თქვენ გააკეთეთ მკაფიო არჩევანი, მკაფიო არჩევანი ევროპული ღირებულებებისათვის, მკაფიო არჩევანი თავისუფლებისათვის, და ამიტომაა, რომ თქვენი მომავალი ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახშია. 

ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, თქვენ ყველას გვერდით!

გილოცავთ ევროპის დღეს!"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

,,მოგესალმებით! ეს ჩვენი დღეა, ეს ჩვენი მომავლის დღეა! 

პირველ რიგში, მინდა თქვენი სახელით დიდი მადლობა გადავუხადო შარლ მიშელს, რომელიც დაგვთანხმდა, რომ დღეს თავისი ღრმა მხარდაჭერით ეს მისალმება გაეკეთებინა და მართლაც გულწრფელობით ჩაწერა ეს მიმართვა, რადგან ის ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორთაგანია, რომელსაც ნამდვილად სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის და მზადაა, რომ ყველა ნაბიჯზე დაგვეხმაროს, დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია. ჩვენი, ესე იგი, პირველ რიგში, საზოგადოების. ჩემი დახმარებით, ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს გზა, რომელიც მიდის ჯერ ამ წლის ბოლომდე, და შემდეგ ასე არ დამთავრდება, კიდევ სხვა ეტაპებიც იქნება, მაგრამ ეს გზა უნდა გავიაროთ. ყველანაირად უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. 

ყველას, ვინც აქ ხართ, ძალიან ბევრს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში, ან იმედი აქვს, რომ ისწავლის, ან იმუშავებს ევროპაში. მაგრამ ჩემი იმედი სხვანაირია, ჩემი იმედია, რომ ჩვენ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც მივდივართ ევროპაში. აქ იყოს ცხოვრებისა და სამუშაოს ის სტანდარტი და კეთილდღეობა, რასაც ვეძებთ სხვაგან. 

ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს ევროპასთან, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არანაკლებია და აქ შემოვიყვანოთ ევროპელები. აქ გვაქვს იმ შავი ზღვის გამოსახულება (რუკა), რომლის ნაწილი ვართ და რომელიც დღეს და ხვალ ევროპისა და საქართველოს გამაერთიანებელი იქნება, სწორედ ის შავი ზღვა, რომელიც მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში გვაშორებდა, როგორც კედელი, დღეს უკვე ხიდია, ხიდი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი რამ მოუტანოს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპასაც. ძალიან კარგად ესმით ჩვენი სტრატეგიული ადგილი, ჩვენი სამომავლო როლი. თუ ჩვენ შევძლებთ ვიყოთ იქ, სადაც საჭიროა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თვით ევროპისთვის. 

ევროპა არის მშვიდობა, ეს ისტორიაში ქვეყნების ერთადერთი ასეთი გაერთიანებაა, რომელმაც სრულად შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა და მშვიდობა, არცერთ ქვეყანას არ დაესხა თავს. ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია, ჩვენი მშვიდობიანი და თავისუფალი მომავალი მათთან ერთადაა, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებითა და რაც მთავარია, ჩვენი განვითარებით.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: დღეს 9 მაისია, ვითომც რაღაც დაპირისპირებაა ამ 9 მაისის, ევროპის, თავისუფლების, მომავლის დღის აღნიშვნასა და იმ 9 მაისს შორის, რომელმაც დაამარცხა (8 და 9.. გააჩნია ვინ როგორ) ნაციზმი. ტოტალიტარიზმის დამარცხება სწორედ ევროპაა, ტოტალიტარიზმის დამარცხება სწორედ თავისუფლებაა და სანამ ბოლო ტოტალიტარიზმი არ დამარცხდება, სანამ ყველა ოკუპირებული ტერიტორია არ იქნება გათავისუფლებული, საბოლოო გამარჯვება არ იქნება, და გამარჯვების ამ გზაზე, ჩვენ ვართ გზა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, ჩვენი აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის, ჩვენ ვართ გზა ევროპისკენ, ჩვენ ვართ გზა მშვიდობისკენ,  ჩვენ ვართ გზა თავისუფლებისკენ. 

მე ყველას გისურვებთ ამ თავისუფლებას, ამ ევროპელობას, ოღონდ აქ, საქართველოში, აღარ დაგჭირდეთ სადმე წასვლა იმისთვის, რომ იყოთ ევროპელები.

დიდი მადლობა!"

საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.

სხვა სიახლეები