საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა მონაწილეობა მიიღო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში, რომელიც განათლების, პროფორიენტაციის, დასაქმების, დამოუკიდებელი ცხოვრების, ჯანმრთელობის მეთვალყურეობისა და 7-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სახელმწიფო მომსახურებების საკითხებს ეხებოდა.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან და სჯერა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო სტანდარტი მიიღწევა დაინტერესებულ მხარეებთან სწორი კომუნიკაციით.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით გამართული კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სიმონ პეტრიდისმა და ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში შშმ პირთა საბჭოების როლსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე, ასევე განათლების სისტემაში და დასაქმების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ (WDSD) 2011 წელს გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ეწყობა აქტივობები და ღონისძიებები, რომელიც მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ერთიანი ადვოკატირების კამპანიის შექმნას ისახავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად.
წელს დღევანდელი დღის სლოგანია ,,ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, დაუნის სინდრომის საერთაშორისო ქსელი აწარმოებს კამპანიას ქმედუნარიანობის უფლებაზე, გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის მოდელზე და ადვილად გასაგებ კომუნიკაციაზე.