სოლიდარობა უკრაინას! ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

ორბელიანების სასახლე უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა და ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ ,,არ შემეხო" გამოიფინა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ მონუმენტური ნახატით გამოხმაურებოდა უკრაინაში ომის წლისთავს. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შთაგონებულია პიკასოს „გერნიკით“ (Guernica), როცა 1937 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე პიკასოს ერთადერთი ნამუშევარი ,,გერნიკა“ ჰყვებოდა ომის საშინელებებსა და ომის პერიოდში ადამიანურ ტრაგედიას. 

,,პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სწორედ ეს მონუმენტური ტილო გამოიფინა, რადგან ის ასე ლაკონურად გამოხატავს უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობას, უკრაინის ომთან მიმართებით ქართველი ერის განწყობას.

ეს ნახატი არის პასუხი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოხატოს მსგავსი საკითხების მიმართ, და ამ შემთხვევაში, კულტურა საუკეთესო ინსტრუმენტია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში კოტე ნეცვლიშვილმა.

ინფორმაცია ლევან სონღულაშვილის ტილოს Noli Me Tangere შესახებ:

ლევან სონღულაშვილმა მონუმენტური ტილო "არ შემეხო" / "Noli Me Tangere" (Touch Me Not) 2022 წელს შექმნა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს. 

Noli Me Tangere-ის ინტერტექსტუალურ ანალიზს თუ მივმართავთ, თანამედროვეობის ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა იგულისხმა ავტორმა ახალი აღთქმის რელიგიურ სცენაში. 

სურათის ცენტრალურ ფიგურას (ქრისტე) თმა უკრაინის დროშის ფერში აქვს წარმოდგენილი (ცისფერი), მის უკან მდგარ ფიგურას კი უკრაინელი ქალის ნაციონალური თავსაბურავი მოსავს. წინა პლანზე წარმოდგენილი მცენარეებიც ცისფრისა და ყვითლის ტონებისგან შედგება. 

უფრო საინტერესო კი სურათის სიღრმეში იმალება: მკვდარი ჩიტები როგორც დაღუპული უმანკოების, ან ზოგადად სიკვდილის სახე-ხატი და კუბოკრულ ქურთუკში გამოწყობილი პატარა უკრაინელი ბიჭუნა, რომელმაც პოლონეთის საზღვარზე ატირებულმა, მსოფლიო კიდევ ერთხელ აღაშფოთა და შეძრა!  

მწვანეს, თეთრის და ცისფრის ტონებს, ტილოს მარჯვენა ზედა ნაწილიდან შავად მოვლენილი ჩიტების გუნდი არღვევს, როგორც მოსალოდნელი საფრთხის და სიკვდილის გარდაუვალობის სიმბოლო. ნამდვილი ტრაგედია სურათის არა ფრონტალურ, არამედ მის ზედა ნაწილშია წარმოდგენილი, გარდაცვლილი ქალის სხეულს ადამიანები მიასვენებენ.

ინფორმაცია ხელოვანის შესახებ:

ლევან სონღულაშვილი - ხელოვანი (ფერმწერი, გრაფიკოსი, ინსტალაციის და ვიდეო არტისტი) ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის (დაბადებული 1991 წელს თბილისში) შემოქმედება არა მარტო დიდ გამომსახველობით შთაბეჭდილებას იწვევს, არამედ კონცეპტუალურადაც კომპლექსურია. 

იგი ცნობილია უნიკალური სტილით და ტექნიკით, რომელიც აბსტრაქციის და რეპრეზენტაციული ხელოვნების ერთგვარ სინთეზს ჰქმნის. ხელოვანი მრავალფეროვანი მასალით მუშაობს, როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე კედლის მხატვრობაში, ინსტალაციასა და ვიდეო არტში.

სხვა სიახლეები