პრეზიდენტი - ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ენერგეტიკაში, რადგან ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში კონფერენცია „ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“ გახსნა და „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა“ და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებული კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართა.

,,ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია გიმასპინძლოთ აქ, ორბელიანების სასახლეში, თქვენ, ქალ სპეციალისტებს, ექსპერტებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს. 

ენერგეტიკა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მომავლის დარგია და ქალთა ძალიან აქტიური ჩართულობა, ამ მომავლის დარგში, ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენ ყველა მიმართულებით გვჭირდება პროფესიონალი ქალები, მაგრამ უფრო მეტად სწორედ ამ დარგში გვჭირდება, რადგანაც ეს სპეციალობები ნელ-ნელა დავკარგეთ, იწყება ისეთი პერიოდი და ისეთი ეპოქა, როცა უფრო მეტი პროფესიონალიზმი იქნება საჭირო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონისათვის, ამას ხაზგასმა არც სჭირდება რამდენად მნიშვნელოვანია დღეს და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის, ჩვენი ევროპასთან კავშირების იმ გზაზე, რომელზეც ვდგავართ და საითკენაც მივდივართ. გვჭირდება ძალიან ბევრი ქალი, ძალიან ბევრი წარმატებული ქალი და ყველა მიმართულებით ნამდვილი პროფესიონალები. 

აქვე მინდა ორბელიანების სასახლის დანიშნულებასაც გავუსვა ხაზი. სწორედ აქ უნდა გაიმართოს ასეთი შეხვედრები და ეს ადგილი უნდა იყოს იმისთვის, რომ ერთად გაიაზროთ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი და ამ ჩვენს მომავალში თქვენი ჩართულობა.  

მინდა გისურვოთ წარმატებული დღე და გისურვოთ წარმატებული მომავალი!“- განაცხადა პრეზიდენტმა.

კონფერენცია მიზნად ისახავს ენერგეტიკის დარგში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალიზებას, მომავალი სპეციალისტი ქალებისთვის დარგში არსებული ტენდენციების, სიახლეებისა და შესაძლებლობების გაცნობას, ქალთა ჩართულობასთან დაკავშირებით ენერგეტიკის დარგში მომუშავე, გადაწყვეტილების მიმღებ მამაკაცებში ცნობიერების ამაღლებას.

ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის ჩართულობა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: პრეზიდენტის ფიგურა ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის გენდერულ თანასწორობასა და თანაბარ შესაძლებლობებს. საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც აქტიურად და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ არჩევანს და ასევე, არის განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდამჭერი, შეუძლია ხელი შეუწყოს ამ თემის აქტუალიზაციას საზოგადოებაში და ესოდენ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ენერგეტიკის დარგში პირველ ნაბიჯებს დგამენ.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - ჩვენთვის სპორტი ეგზისტენციალური გახდა: ერთობის ერთ-ერთი სახეობა, ჩვენი ერთად დგომის, ერთად ყოფნის და ერთობლივი სიხარულის, რაც ძალიან გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დაგვიბრუნდებით, ესეც დიდი, ერთობლივი სიხარულის მომენტი იქნება

შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს

გიორგი მსხილაძე - პენსიის კანონში ცვლილებები აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, რაც შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს