საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის 2022 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
2022 წელს საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ: გიორგი სოსიაშვილს - მონოგრაფიისთვის ,,პატარა ლიახვის ხეობის ისტორია“; თინათინ სადუნიშვილს, ინეზა მაისაიას, ქეთევან ბაცაცაშვილს, შალვა სიხარულიძესა და თამაზ დარჩიძეს - მონოგრაფიისათვის ,,საქართველოს აგრარული კულტურა“.
ხოლო 2022 წელს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა როსტომ ჩხეიძეს ბიოგრაფიული რომანისათვის ,,კალამი გოლგოთაზე“.
საქართველოს პრეზიდენტმა ლაურეატების გამარჯვება მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
,,სახელმწიფო არსებობს თავისი მეცნიერებით, თავისი კულტურით და ამ მეცნიერების და კულტურის დაყენებით იმ საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქვეყნისთვის შესატყვისი და მისაღებია.
საქართველო, საერთაშორისო არენაზე, მუდამ თავისი კულტურით, თავისი მეცნიერებით არსებობდა. შესაძლოა ამით ბევრად უფრო მეტად იყო გამოჩენილი, ვიდრე თავისი ზომითა თუ თავისი მოსახლეობის რაოდენობით. ეს ხარისხობრივია და ჩვენ ამით ვიყავით, ვართ და ვიქნებით გამოჩენილნი.
მე არ ვიცი, არ ვიცნობ კომისიის წევრებს, არ ვიცი და არ ვიცნობ ვინ შემოიტანა ნამუშევრები, მონაწილეობა არ მიმიღია გამარჯვებულების გამოვლენაში. ეს კომისიის წევრებმა კარგად იციან და ეს სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა.
თქვენ, ვინც ახლა აქ გამარჯვებულებს წარმოადგენთ, მინდა წინასწარ მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯება და დიდი მადლობა მოგახსენოთ მათ, ვინც ამ შერჩევის პროცესში მონაწილეობდით“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე ნუნუ მიცკევიჩი. მან ისაუბრა გამარჯვებულ ნაშრომებზე და აღნიშნა, რომ ორივე გამარჯვებული პროექტი თანამედროვე მკვლევარების ნაშრომების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ,,მე მინდა, პირველი ნაშრომის ავტორს დავუდასტურო დიდი პატივისცემა. გარდა იმისა, რომ ის ადამიანი ასეთ ნაშრომებს უძღვნის საქართველოს ისტორიას, ცხოვრობს ზუსტად გამყოფ ხაზთან. მის ეზოში გადის გამყოფი ხაზის მავთულხლართები. ის არის იქ, სადაც უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია მისი იქ ცხოვრება. ის ამბობს, რომ თუ ჩააქრობს სინათლეს, მაშინ მისი სოფელი დაიცლებაო. მისი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც მიენიჭა ჯილდო, ზუსტად იმ ხეობას ეხება.
მეორე ნაშრომი, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების შესახებაა. ეს არის ჯგუფური ნამუშევარი. ამაყი ვარ, რომ სამი ქალბატონი მეცნიერია და მინდა, ხვალინდელი დღე, ქალ მეცნიერთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მოგილოცოთ.’’
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის თავმჯდომარემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზაზა აბზიანიძემ ხაზი გასუვა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ტრადიციის აღდგენის მნიშვნელობას.
,,წიგნი, რომლესაც ვაჟა-ფშაველას პრემია მიენიჭა, პასუხობს იმ საზოგადოებრივ რეზონანსს, კულტურულ ტრადიციას, იმ სატკივარს, რაც დღესაა.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ერთი თუ ორი თაობის წინ ჯერ კიდევ საშიში იყო წერა იმაზე, რაზედაც ფიქრობ. მიხეილ ჯავახიშვილმა და არაერთმა მისმა კოლეგამ, ქართველმა მწერალმა, ამ თავისი სიმართლის მტკიცებას, თავის ძიებას სიმართლის, ღირსებისა, თავისი პიროვნული ღირსების, მწერლის ღირსებისა და ქართველი ერის ღირსების სიცოცხლე შესწირა. დღეს, რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაცია არ არის, მაგრამ დღეს წაკითხული წიგნი მიხეილ ჯავახიშვილსა იმ დროზე, სადაც ძალიან საშიში იყო და სასიკვდილოდ საშიში იყო იმის თქმა, რასაც ფიქრობ, ნამდვილად სასაგრბლოა.’’
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს გამარჯვებულმა ავტორებმა - როსტომ ჩხეიძემ და თინათინ სადუნიშვილმა.
,,ჩვენ თუ გვინდა გავერკევეთ რა ხდება დღევანდელ საქართველოში, და რა უნდა მოხდეს მომავალ საქართველოში ერთერთი მეგზური ამისთვის არის მიხეილ ჯავახიშვილი. მისი წიგნების გარეშე წარმოუდგენელია ვიფიქროთ ქართულ კულტურაზე, ქართულ საგანმანათლებლო ცხოვრებაზე, ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ყოფაზე, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, რათა საქართველო არ იყოს ვინეს კუდიმდევარი, იგი იყოს სრულფასოვანი სახელმწიფო და მონაწილე დასავლური ცხოვრებისა,“ - აღნიშნა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გამარჯვებულმა, როსტომ ჩხეიძემ.
თინათინ სადუნიშვილმა მადლობა გადაუხადა კომისიას. ,,ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს კოლეგებთან ერთად ქვეყანაში მეცნიერებაში ყველაზე მაღალი ჯილდო, საქართველოს ეროვნული პრემია მივიღე. ჩვენი წიგნი ეხება უმნიშვნელოვანეს ამბავს, სულიერ და მატერიალურ ფასეულობას ჩვენი კუტლურის, ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანს“, - განაცხადა ეროვნული პრემიის გამარჯვებულმა, თინათინ სადუნიშვილმა.