პრეზიდენტმა შარლ ფრიესთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში შარლ ფრიესთან საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. 

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. პრეზიდენტმა დაგმო რუსული აგრესია, შეტევები მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება რუსეთის მეზობელი, ყველა პატარა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება კვლავ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები. 

ევროკავშირის წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა ჰუმანიტარული მიმართულებებით განხორციელებული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახორციელებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ევროკავშირის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს ინკლუზიური.

ხაზი გაესვა ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოს როლი და შესაძლებლობი კიდევ უფრო იზრდება ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება