პრეზიდენტი - ,,National Geographic – საქართველოს“ გამოცემა ეროვნული და სახელმწიფოებრივი საქმეა

,,National Geographic – საქართველო“ ეს არა მხოლოდ კარგი, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივი საქმეა და სწორედ ამიტომ ვიმყოფები დღეს აქ! -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დღეს National Geographic – საქართველოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ერთი ბიზნესის წარმატება, ეს ნამდვილად ის საქმეა, რასაც  ეროვნული საქმე ჰქვია და რაც ესოდენ გვჭირდება. ამ ჟურნალის მეშვეობით ჩვენ გავდივართ გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც მრავალი წლის მანძილზე საბჭოთა სისტემის მიერ იყო ჩაკეტილი და მის კულტურასა და მეცნიერებას არ ეძლეოდა  საზღვრებს გარეთ გასვლის საშუალება.

,,მეორე მხრივ, მას შემოაქვს ქვეყანაში ყველა ის თემა, ყველა ის ცოდნა, რაც საჭიროა ჩვენი ახალგაზრდებისთვის და ეს განათლების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. 

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალში შეტანილია ასევე, ეკოლოგია, გენდერი და ყველა ის თემა, რომელიც დღეს მსოფლიოს აწუხებს. ვიცი, რომ სკოლებში რიგდება ეს ჟურნალი და იმედი მაქვს, რომ თუ ამ მასალის გამოყენებით გაიზრედებიან ჩვენი პატარები, ისინი საქართველოსი და მსოფლიოს ღირსეული მოაქლაქეები იქნებიან. ამითი ჩვენ ვხდებით მსოფლიოს ნაწილი და მნიშვნელოვანია, რომ ვიგრძნოთ ეს დიდი პასუხისმგებლობა 

დაბოლოს, მინდა ვთქვა, რომ  ეს არის ჟურნალისტიკის უმაღლესი დონე და ხარისხი, ანუ ფაქტობრივი, მეცნიერული, ცოდნით აღჭურვილი და არა ჭორაობით, ბოღმით, ან ჭიდილით. ასეთი ჟურნალისტიკაში არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ თავისი თავი დაინახოს.

National Geographic-ის ქართულ გამოცემაში აისახება ის ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენს თავზე. და შეიძლება, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის, რათა აღვზარდოთ მომავალი თაობა, რომელიც სხვანაირად დაინახავს ამ ქვეყანას და სხვანაირად გაუფრთხილდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟურნალი სილქნეტის მხარდაჭერით 2012 წლიდან გამოიცემა ქართულ ენაზე და მისი ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საბუნებისმეტყველო, ისტორიული თუ სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების, აგრეთვე ტექნოლოგიების სფეროებში.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ: National Geographic Partners-ის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო მედიისა და ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იულია ბოილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ხელოვანები, National Geographic – საქართველოს ავტორები და ფოტოგრაფები და ერთგული მკითხველები.

ჟურნალის გამოცემის პარალელურად, National Geographic – საქართველოს ამოცანებია საქართველოში გეოგრაფიული, არქეოლოგიური, ისტორიული, ბიოლოგიური და სხვა საბუნებისმეტყველო სპეციალიზირებული ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა და განხორციელება. ჟურნალი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან. 

ქართულენოვანი ჟურნალის პირველი ნომერი 2012 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობოლი ბრენდის საქართველოში შემომყვანი და ქართულენოვანი გამოცემის მხარდამჭერი კომპანია „სილქნეტია“.

სხვა სიახლეები