​საქართველოს პრეზიდენტი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელს ეწვია. პრეზიდენტს ბელგიის დედაქალაქში სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტის მოლოდინებს, ბრიუსელში შეხვედრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია აფასებს. 
"წინასაარჩევნოდ პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა გაცხადებული, რომ მისი პირველი ვიზიტი იქნება ბრიუსელში. ეს გულისხმობდა ევროკავშირთან შეხვედრებს და, ასევე, ნატოსთან მოლაპარაკებებს. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ვიზიტი. მეტი ევროკავშირი გვჭირდება ჩვენ საქართველოში, მეტი ახსნა საქართველოს მოსახლეობისთვის, რას წარმოადგენს ევროკავშირი - განსაკუთრებით, რეგიონებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეტი ინფორმაციის მიწოდება იგივე ახალგაზრდებისათვის - რა უპირატესობები აქვს ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს მათთვის, მათი მომავლისთვის; ისევე, როგორც სავიზო რეჟიმის უპირატესობები, როგორ უნდა გამოვიყენოთ და, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. აუცილებელია, რომ ეს ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს და, ასევე, მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივები ამ მიმართულებით ",-აღნიშნა ლაშა ჟვანიამ. 
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ანტონიო ტაიანისთან. საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.

სხვა სიახლეები