საქართველოს და ირლანდიის პრეზიდენტების მხარდაჭერით „ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“ გამოიცა

საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და საქართველოს და ირლანდიის პრეზიდენტების მხარდაჭერით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა „ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“. კრებულის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და Literature Ireland- ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ქართულ ენაზე ითარგმნა ირლანდიის პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, მათ შორის, ირლანდიის პრეზიდენტის ლექსები. წიგნს წინასიტყვაობა გაუკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ დ. ჰიგინსმა. 

,,25 წელია, რაც საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. მრავლისმთქმელია, რომ ამ თარიღს ლიტერატურული კრებული ეძღვნება, რადგან მხატვრული ნაწარმოებები ინახავს ყველაფერს, რასაც ერის იდენტობად მოვიაზრებთ, მის სიბრძნეს, აზროვნების სიღრმეს, მის მიმართებას სამყაროსთან, ეროვნულ მისწრაფებებს, მის წუხილსა და სიხარულს... მოხატავს შინაგან კავშირს ჩვენს ორ ერს შორის, რომელთაც ისტორიულად თავისუფლებისათვის ბრძოლა ერგოთ ბედად.

ევროპის ორ უკიდურეს ნაწილში მდებარე, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ, უძველესი და მრავალფეროვანი ისტორიის მქონე ქართველი და ირლანდიელი ერების ენასა და ლიტერატურას დიდი ტრადიციები აქვს. 

მათი ხალხური ზეპირსიტყვიერების ფესვები შორეულ წარსულში იკარგება და ერის ცნობიერების უღრმესი საწყისებიდან იკვებება. მათი მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა ცხადყოფს, რომ ისინი ერთნაირად იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. საქართველო თავისი ხანგრძლივი განვითარების გზაზე ყოველთვის იყო ევროპული ღირებულებების ერთგული, რამაც მისი ეროვნული იდენტობა განსაზღვრა და დიდ ევროპულ ოჯახთან გააერთიანა.

ქართველთა და ირლანდიელთათვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მათი დახვეწილი ენებია, რომლებიც მსოფლიოს უძველეს ენებს შორის უნიკალურობით გამოირჩევიან, სწორედ ეს ენებია მათი კულტურის, განვითარებისა და შემოქმედებისა და ნაციონალური თვითშეგნების ძირითადი ფაქტორი. ქართულ ენას მდიდარი, უძველესი ლიტერატურული მემკვიდრეობა და ანბანი აქვს, ირლანდიურ ენაზე შექმნილი ხალხური ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე ძველია დასავლეთ ევროპაში. 

ირლანდიური ლიტერატურა კარგად არის ცნობილი საქართველოში და მას ბევრი მოყვარული ჰყავს. სასიხარულოა, რომ სხვა თანამედროვე ავტორებთან ერთად, ანთოლოგიაში ირლანდიის პრეზიდენტის, მაიკლ დ. ჰიგინსის ლექსებიც შევიდა და მან ამგვარად არა მხოლოდ ლიტერატურის სიყვარული, არამედ საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაც დაგვიდასტურა. 

საკაცობრიო იდეალებით შთაგონებულ, სიცოცხლისა და თავისუფლების სიყვარულით გაჯერებულ, გამორჩეული ენობრივი გამომსახველობითა და ავტორთა უდიდესი ოსტატობით შექმნილ როგორც ქართულ, ისე ირლანდიურ ლიტერატურას, უდიდესი ადგილი უჭირავს მსოფლიოს საგანძურში, ორივე მათგანი საუკუნოვან ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებს. ეს ანთოლოგიაც ამას მოწმობს“, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის წინასიტყვაობაში.

 

სხვა სიახლეები