​სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა.
 
განსახილველ საკითხებს შორის საქართველო -საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა.
 
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ისევე როგორც მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ხელს უწყობს საფრანგეთთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის და უსაფრთხოების, განათლების და კულტურის სფეროებში.
 
პრეზიდენტის განცხადებით, ევროპა საქართველოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად აღიქვამს რეგიონში. საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყანაა, რომლის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია. ქვეყანა რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციის კუთხით ლიდერია  რეგიონში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის ფარგლებში.
 
სალომე ზურაბიშვილმა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს, რომელიც გამუდმებით ცდილობს ევროკავშირში ერთობის, კეთილდღეობისა და სოლიდარობის შენარჩუნებას, რაც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესია.
 
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუქცევადი პროგრესის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, ქვეყანა კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ასევე ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შემდგომ განვითარებას.
 
შეხვედრისას საფრანგეთის მხრიდან აღინიშნა, რომ საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო 2008 წელს. იგი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
 
მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რეგიონული გამოწვევები. ასევე ისაუბრეს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.
 
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, ემანუელ მაკრონმა კი, მიწვევა მიიღო.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების საკითხს, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი და აღინიშნა, რომ ამ დიალოგის სახით საფრანგეთთან თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და მაღალ დონეზე გადავიდა.
 
დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
 
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

სხვა სიახლეები