საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კულტურული მემკვიდრეობის როლის გაზრდის ხელშეწყობის დოკუმენტს ,,ბერლინი მოგიწოდებთ მოქმედებისაკენ"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  მოძრაობას ,,კულტურული მემკვიდრეობა ევროპის მომავლისათვის" შეუერთდა და ხელი მოაწერა დოკუმენტს ,,ბერლინი მოგიწოდებთ მოქმედებისაკენ".
საქართველოს პრეზიდენტს დოკუმენტის ხელმოწერის რეკომენდაცია და დოკუმენტი ორგანიზაცია ,,ევროპა ნოსტრა" EUROPA NOSTRA გენერალურმა მდივანმა სნეშკა მიხაილოვიჩმა  წარუდგინა.
 
დოკუმენტი ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის როლის გაზრდის ხელშეწყობას, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე, ჩვენს ყოველდღიურობაში, რათა კულტურა გახდეს ყოველდღიურობის ნაწილი და ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი.
დოკუმენტის ხელმომწერები იღებენ პასუხისმგებლობას გამოიყენონ მოცემული შესაძლებლობა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალი, რათა ევროპა გახდეს უფრო მშვიდობიანი, წარმატებული და ინკლუზიური.

,,ბევრი გამოწვევისა და საფრთხიდან გამომდინარე, რომელიც ემუქრება ევროპულ ღირებულებებს, საუბარი არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ საერთო კულტურულ მემკვიდრეობას ევროპის პოლიტიკისა და პრიორიტეტების შუაგულში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან