საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველოში პოლონეთის კულტურის წელი, პოლონეთში კი, ქართული კულტურის წელი გამოცხადდება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამის შესახებ პრინციპული თანხმობა პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან მიღებულია.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ვარშავაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებს დიასპორის საკითხებთან დაკავშირებით მისი წარმომადგენელი, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა წარუდგინა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობისათვის.

პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირში არსებული გამოწვევების მიუხედავად, პოლონეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერია და მისი მხრიდან არ შენელდა მზადყოფნა იყოს საქართველოს ერთგვარი ელჩი ამ მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
,,საქართველოს ჰყავს სხვა მეგობრები, მაგრამ ევროპის ცენტრში პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია. ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 1 მაისს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ,,ვარშავის დეკლარაციას ევროპის გაერთიანების შესახებ", რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთთან ჩვენ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ. არამხოლოდ ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით, არამედ კულტურის, განათლებისა და ეკონომიკური მიმართულებებით - ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტუდენტები რუსეთთან ურთიერთობის საკითხებითა და რუსულ აგრესიულ პოლიტიკაზე რეაგირების მექანიზმებით დაინტერესდნენ. რუსეთზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრებისას მისი თხოვნაა, რომ რუსეთს შეახსენონ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

სხვა სიახლეები