პრეზიდენტი ლატვიაში ქართველ სტუდენტებსა და სასწავლო პროგრამის მონაწილე საჯარო მოხელეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიაში ვიზიტი ქართველ სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამთვიანი, სასწავლო პროგრამის მონაწილე საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებს ლატვიაში ვიზიტის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის მთავარი მხარდამჭერები არიან, ამიტომ აღნიშნული ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. რაც ეხება ორმხრივ ურთიერთობებს, პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლებელია მისი გაღრმავება და განვითარება კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით. სტუდენტებმა პრეზიდენტთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა, უცხოეთში განათლებამიღებული სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, რათა ისინი დაბრუნდნენ საქართველოში და დაეხმარონ საკუთარ ქვეყანას განვითარებაში. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დასახოს სტრატეგია - ვთქვათ, 3 წელიწადში რა მიმართულების სპეციალისტები დასჭირდება, რათა მომავალმა სტუდენტებმა სწავლის მიმართულებები მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრონ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართველი ახალგაზრდა საჯარო მოხელეები, რომლებიც ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამთვიან სასწავლო პროგრამაში ,,ევროკავშირის სამართალი და ეკონომიკა" მონაწილეობენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას ეცნობიან და პრაქტიკაში საჯარო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას აკვირდებიან. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები: შსს-დან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, გარემოს დაცვის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, უზენაესი სასამართლოდან, სახალხო დამცველის აპარატიდან. ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.

სხვა სიახლეები