ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარებაში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა განისაზღვროს ის მიმართულებები, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ახალგაზრდებს კი პროფესიის არჩევაში დაეხმარება.
პრეზიდენტს მიღებაზე ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა უმასპინძლა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის საგანმანათლებლო კავშირები დიდი მნიშვნელობის მქონეა, რადგან ისინი ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეს განსაზღვრავენ. ბრიტანეთის სასწავლო პროგრამები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსებით ხორციელდება და საქართველოდან პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 350-ს მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩს აღნიშნული სასწავლო პროგრამების განხორციელებისათვის და განაცხადა, რომ ეს უზარმაზარი რესურსია, რომელიც საქართველომ შეძლო თავისი სტუდენტებისთვის მოეპოვებინა, რათა მათ მიიღონ გამოცდილება, განათლება და სამშობლოს ახალი გამოცდილებით დაუბრუნდნენ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, განათლების საკითხი საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, ამიტომაც საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზაობას დიდი რესურსი გამოყოს განათლებისთვის, პროფესიული განათლებისთვის, თითქმის ბიუჯეტის ერთი მეოთხედი. ,,თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ ადამიანური რესურსისა და კაპიტალის სრულყოფილად გამოყენებას, რომელმაც საზღვარგარეთ მიიღო განათლება და გამოცდილება. ზოგი დაბრუნდა, ზოგმა დატოვა ქვეყანა და როდესაც ისინი ასე იქცევიან, ეს ჩვენი ბრალია. ვერ ვახერხებთ წინასწარ განვსაზღვროთ პროგრამების პრიორიტეტულობა, ვერ ვეუბნებით ახალგაზრდებს რა გვჭირდება მომავალი 10 წლის განმავლობაში. ათი წლის შემდეგ დაგვჭირდება ინჟინრები, ეკოლოგები, გეოლოგები და ა.შ. არ ვამბობთ ამას და ამდენად, ვსწავლობთ ერთსა და იმავე სპეციალობებზე»- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ბრიტანული სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.