შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი შშმ ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა.
აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ ქალებზე. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები მრავალგვარი დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.
სწორედ, მათი უფლებების თანაბარი უზრუნველყოფისათვის სიმბოლურიცაა, რომ დღევანდელი შეხვედრა შშმ ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტის, სიმონ პეტრიდისის კოორდინაციით, შშმ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თემატური ჯგუფებში შეხვედრებსა და მუშაობას გააგრძელებენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტი შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
,,მე ვარ თქვენი დამხმარე, თქვენგან უნდა წამოვიდეს მთავარი საორიენტაციო საკითხები, რომლებსაც შემდეგ გავაჟღერებ, სადაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირების ჩართულობის აუცილებლობას და აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად, მიმდინარეობს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამოქმედო სტრატეგიის ჩამოყალიბება და სწორედ ამას ემსახურება თემატური ჯგუფების შეხვედრები.