პრეზიდენტმა გრიგოლ ფერაძის დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ გახსნა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს და პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ წმინდანად შერაცხული არქიმანდრიტის გრიგოლ ფერაძის დაბადებიდან 120 წლისთავს ეძღვნება.

 

საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს წარმატებები უსურვა, იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და გრიგოლ ფერაძის შესახებ ისაუბრა.
 

,,ჩემთვის გრიგოლ ფერაძე მხოლოდ მითიური სახე არ არის, ეს იმ ისტორიის ნაწილია, რომელშიც აღვიზარდე. გრიგოლ ფერაძეს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი კვალი ქართულ ემიგრაციასა და ქართულ ეკლესიაში ძალიან ძლიერია. მან ემიგრაციაში ის როლი შეასრულა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში მუდმივად ასრულებდა ქართული ეკლესია - გამაერთიანებლის, რწმენის გაძლიერებისა და ქართული იდენტობის შენარჩუნების. საქართველოს დამოუკიდებლობის ამ სიმბოლოების შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უცხოეთში და ემიგრაციაში. ეს დაიწყო გრიგოლ ფერაძით და გრძელდება დღემდე. გრიგოლ ფერაძე ჩვენი ქვეყნისათვის ღირსებისა და თავდადების მაგალითია. ის გვასწავლის, როგორ შეიძლება შეეჭიდო და გაუძლო ტოტალიტარულ სისტემას. ჩვენს ირგვლივ ძალიან ძნელია სამაგალითო ადამიანების დანახვა.

ამიტომ სჭირდება ჩვენს ისტორიას ასეთი ფიგურები არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ საზოგადოებაშიც რომ ნამდვილ მაგალითებზე გაიზარდოს ერი. ისიც უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ფერაძე პირველად პოლონეთმა აღიარა. ესეც ჩვენი ჩვევაა, რომ გვიჭირს აღიარება, გვიჭირს ჩვენში ნამდვილი ძალის დანახვა. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ პოლონელებს, რომლებმაც პირველებმა დაინახეს თუ რა ფასეულობა იდო ამ პიროვნებაში და როგორ შეიძლებოდა მისი ცხოვრების გაკვეთილის შენახვა.

პირველებმა მათ დაბეჭდეს მისი ნაწერები. გრიგოლ ფერაძესთან არ შეიძლება არ ვახსენო თამილა მგალობლიშვილი, რომელმაც გააცოცხლა გრიგოლ ფერაძე და მუშაობდა მის ნაწერებზე. ალბათ, დრო გავა და უფრო დაფასდება ის უზომო ღვაწლი რომელიც თამილა მგალობლიშვილს მიუძღვის ქართულ არქეოლოგიაში, ისტორიაში და გრიგოლ ფერაძესთან მიმართებაში.

დღევანდელი კონფერენციის თემა - ,,საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“ ძალიან ლოგიკურია, რადგან ეს იყო გრიგოლ ფერაძის პირდაპირი ინსპირაცია, რაზეც ის მუშაობდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპას ვუბრუნდებით სწორედ ამ ჩვენი ქრისტიანული ცივილიზაციით და არა მის გარეშე, რადგან ევროპა ქრისტიანული ცივილიზაციაა, ეს არის ერთ-ერთი ის, რაც გვაერთიანებს. გრიგოლ ფერაძე იყო არაჩვეულებრივი ევროპელი, ევროპელი თავისი ქრისტიანობით, თავისი კულტურით, თავისი განათლებით და რაც მთავარია თავისი თავისუფლებით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობის ცენტრის დირექტორი იან მალიცკი, შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია. კონფერენციაში მონაწილეობს 50-ზე მეტი მომხსენებელი საქართველოდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან