საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმოილერთან ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ ინტეგრაციის პროცესში მიღწეული ყველა წარმატება. აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში კარგი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივას, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველო - ნატოს მომავალი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად ეროვნული არჩევანია. პრეზიდენტის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებები.

 

 

 

სხვა სიახლეები