საქართველოს პრეზიდენტი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით, სეულში ვიზიტით მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მუნ ჰი-სანგის შეხვდა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ - საგანმანათლებლო სფეროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი: აფხაზური ენა და კულტურა გაქრობის საფრთხის წინაშეა, მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილება, ადგილობრივ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საჭიროა ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის გააქტიურება და უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა. აღინიშნა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მნიშვნელობა. ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ასევე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, ბიზნესფორუმების ორგანიზებისა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მეტ შესაძლებლობას გააჩენს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარების მიმართულებითაც. საქართველოს პრეზიდენტი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მუნ ჰი-სანგიმ, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით, სეულში ვიზიტით მიიწვია, თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმაც მოიწვია კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში.

სხვა სიახლეები