საქართველოს პრეზიდენტი ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო

"საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართები, სიძულვილის ენა და გაუტანლობაა, სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა"
 
საქართველოს პრეზიდენტი, საპატიო სტუმრის სტატუსით, ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
 
"დღეს თავისუფლების დღეა. "დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება", - ჩვენი ჰიმნის სიტყვები დღეს, როგორც არასდროს, გამართლებულია.
 
დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი დღეა, არა მხოლოდ გერმანიისა და არსებული ევროკავშირისათვის,  არამედ ყოფილი აღმოსავლეთის ბანაკის ქვეყნებისა და საქართველოსათვის.
 
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მისწრაფება ყოველთვის იმარჯვებს. რა დროც არ უნდა დასჭირდეს მას, ბოლოს სიცოცხლე და თავისუფლება მაინც გამარჯვებული იქნება.
 
მაგრამ დღეს გრძელდება ახალი კედლების აღმართვა, რომელიც სხვადასხვა ფორმას იღებს.
 
დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი კედლები მავთულხლართებია, კედლებია სიძულვილის ენა, გაუტანლობა და სანამ ამ კედლებს არ დავანგრევთ, ვერ ვიქნებით გაერთიანებული ქვეყანა და ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც მიაღწია გერმანიამ.
 
ამ კედლების ნგრევა ჩვენზეა დამოკიდებული.         
 
გერმანია იმედის მაგალითია, რომ ოკუპირებული ქვეყნის გაერთიანება შეიძლება.
 
შეიძლება იყოს სირთულეები, მაგრამ ბოლოს მაინც ერთი ერი და ერთიანი სახელმწიფო შენდება და  ეს დრო როცა მოვა, ჩვენ კიდევ უფრო მხიარულნი ვიქნებით, ვიდრე ეს ახალგაზრდები არიან ამ ფოტოებზე",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
პრეზიდენტს მიღებაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა უმასპინძლა.
 
მიღებაზე ბერლინის კედლის აღების შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო