პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტისა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს დღეს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული სასახლის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. პრეზიდენტმა სტუდენტებთან სასახლის ისტორიის, სასახლეში მცხოვრები ბოლო ოჯახისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისაბედ ორბელიანის შესახებ ესაუბრა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პირველი ლექტორი ქალი, "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი, ქალთა უფლებების გაუმჯობესებისათვის მებრძოლი, პოეტი, ქველმოქმედი და მეცენატი იყო. 

"მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ პერიოდის ავეჯის შეგროვებითა და სასახლეში განთავსებით ჩვენ ვეცადეთ აღგვედგინა სასახლეში არსებული მაშინდელი სულისკვეთება. ჩვენ ორი, ძალიან მძიმე საუკუნე გავიარეთ და ვიცით, რომ ჩვენში ცოტაა შემორჩენილი ასეთი ისტორიული სასახლეები, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის განცხადებით, იანვრის ბოლომდე სასახლე უმასპინძლებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს, შემდეგ კი სასახლე გაიხსნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამთვალიერებლისათვის. ორბელიანების სასახლე, თავისი დღევანდელი შინაარსით, ასახავს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას, ქვეყნის ისტორიასა და საქართველოს კულტურის უმთავრეს პერიოდს საქართველოს კულტურის ისტორიაში, რასაც როგორც ეროვნული, ასევე ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს. 

ორბელიანების სასახლის პირველი სტუმრები დღეს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები და ბავშვთა სახლის აღსაზრდელები იყვნენ. ორბელიანების სასახლეში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, დაგეგმილია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, უცხოეთში საქართველოს ელჩების, წარმატებული ქალების, 2019 წლის მედალოსანი სპორტსმენების, საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების, ქუთაისისა და წყალტუბოს მუსიკალური სკოლის მოსწავლეებისა და პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის "ლირა" ბენეფიციარი ახალგაზრდა მუსიკოსების მიღება.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან