პრეზიდენტი - არა და არასოდეს! ვეტოს დადებით არ შევალ რაღაც ყალბ, ხელოვნურ და მატყუარა მოლაპარაკებებში, რადგან არ ვუღალატებ საზოგადოების ამ სულისკვეთებას

საქართველოს პრეზიდენტი: 

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლიეტუვის პრეზიდენტს, ბატონ გიტანას ნაუსედას, რომლის ინიციატივითაც განხორციელდა ოთხი ნორდიკული ქვეყნის, ჩვენი ოთხი მეგობრის: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი ვიზიტი საქართველოში. 

დღეს მათი ვიზიტი საქართველოს ევროპული მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი სიგნალი და ჩვენი მხარდაჭერაა, რისთვისაც მე მადლობელი ვარ და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც ამდენი დღეა გარეთ დგას.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე წერტილი დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით - კენჭისყრაზე 84 ადამიანის მხარდაჭერით, რომელიც მძიმე წერტილი იმ ხელისუფლებისათვის, რომელმაც თქვა, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით; ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თვისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მყარად იდგა შუა გზაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში იყო, რომ ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში. 

ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ პრაქტიკულად 30 დღიანი ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით უპასუხა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზედაც ყველა ვსაუბრობდით, ჩვენი საზოგადოების 80-85%-იანი მხარდაჭერა ევროპულ მომავალს არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს რეალობაა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ და ამით შეგვიძლია ყველამ ნამდვილად ვიამაყოთ.

ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე. დემოკრატიულობა და თავისუფლება ის ევროპული ღირებულებებია, რისთვისაც საქართველო იბრძოდა. ამ ღირებულებებით და ამ შემართებით ეს საზოგადოება არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს. 

ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მე ძალიან გარკვეულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს!!! რადგან არ ვუღალატებ არსებულ სულისკვეთებას ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. 

ამ გზავნილს მიიტანენ ჩვენი მეგობრები ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოყენება შეიძლება ამ ხელისუფლების რაღაც სახის გადასარჩენად. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. 

ამისთვის, ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენ მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილებების ის ერთობლიობაა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე - ერთად და მობილიზებულად, რომელიც ამ არჩევნებით საქართველოს თავის გზაზე დააბრუნებს. ჩვენი უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის მობილიზაცია, სადაც ჩვენ ყველანი ერთად, უთუოდ, გავიმარჯვებთ, რათა საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან პრაქტიკულად ყოველდღე გვეხმარებიან და რომლებმაც მოგვცეს ეს შანსი მივიღოთ ჯერ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, კანდიდატის სტატუსი და რომლებიც დარწმუნებული ვარ და ვიცი, იქნებიან ჩვენს გვერდით როგორც კი ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი:

ჩვენ ჩამოვედით საქართველოში, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები, მეგობრები, რომლებიც საქართველოზე და მის ხალხზე ზრუნავენ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ადარდებს.

ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მედიის ჰედლაინებში - პარლამენტის მიერ ,,საგარეო გავლენის გამჭვირვალობის“ საკამათო კანონი, აქციის მონაწილეების მიმართ სრულიად მიუღებელი ძალის გამოყენების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების მიმართ ორკესტრირებული დაშინების კამპანიის გამო, მაგრამ ასევე, იმ შეუდარებელი სიმტკიცის გამო, რომელიც ხალხმა აჩვენა, რომელიც შეუჩერებელი იყო ძალადობის და დაშინების მიუხედავად, არ შევიდნენ შეცდომაში ანტიდასავლური პროპაგანდის გამო, მათი ევროპული მისწრაფებები ყველამ გაიგო და უფრო თვალსაჩინო გახადა.

თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული აქტივია და არა ვალდებულება. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ხედავენ ჩახშობის მექანიზმებს ძალაუფლების შენარჩუნების გზად.

მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ახშობენ მათ, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების გზას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო ამ მოლიპულ ფერდობზე არ აღმოჩნდება.

ამრიგად, ჩვენი აქ მოსვლის პირველი მიზანია გამოვხატოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართ, ვინც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ეს მომავალი ქართველი ხალხის საკუთრებაა და ის არავის ხელში არ უნდა იყოს.

ჩვენი მეორე მიზანია მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, მივცეთ ძალიან მკაფიო გზავნილი იმ რისკებისა და მძიმე შედეგების შესახებ, რის წინაშეც საქართველო აღმოჩნდება, თუ ისინი ამ ძალიან საშიშ კურსს განაგრძობენ.

საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უკვე ბევრს მიაღწია. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ისე ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც გასულ დეკემბერს. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაგებით, რომ იგი გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს. თუმცა არც წარსულის მიღწევები და არც მომავალი პერსპექტივები არ შეიძლება იქნას მიღებული როგორც მოცემულობა, ძალიან ბევრი წელი და დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერი შეიძლება თვალის ერთ დახამხამებაში დაიკარგოს.

ჩვენი მოვალეობაა ეს ყველაფერი მოგიყვეთ ისე, როგორც არის. ნება მომეცით ძალიან მკაფიო ვიყო. ,,უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები, შეაჩერებს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირისა და ნატოს გზაზე. თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას ეკისრება. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიან.

ქალბატონი პრეზიდენტისგან გავიგეთ, რომ ის გეგმავს კანონზე ვეტოს დადებას და ეს მთავრობისთვის გამოსავალია, რომ საერთოდ გააუქმოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა. არ უნდა არსებობდეს ილუზია, რომ კოსმეტიკური ცვლილებები ამ კანონში შეიძლება გახდეს დემოკრატიული, ან ევროკავშირისგან დადასტურებული. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ არჩევანს. თქვენ არ შეგიძლიათ გამოასწოროთ ის, რაც ფუნდამენტშივე გატეხილია.

ჩვენი ჭეშმარიტი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს ევროპულ მოგზაურობაში საბოლოო დანიშნულებამდე. საქართველო ევროპას ეკუთვნის. როგორც საქართველოს გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როცა საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა: - ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“- და დიახ, თქვენ ხართ!

მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:

ჩვენ აქ ლექციის ჩასატარებლად არ მოვედით -  რა უნდა გააკეთოს ან რა არ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნები ამისთვის არსებობს და დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა იცის როგორია მისი მომავალი. ჩვენ აქ მოვედით როგორც ნამდვილი მეგობრები მხოლოდ ფაქტების სათქმელად და არა ადვოკატირებისათვის. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან საშიშია.

სამწუხაროდ, შუაში ყოფნის არჩევანი არ არის. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში ჩააგდო, რომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვიყოთ თავისუფლებისკენ თუ რუსეთის მხარეს და ეს არის არჩევანი.

დღეს აქ ვარ, რადგან ესტონეთი საქართველოზე როგორც ისტორიულად, ასევე დღესაც ძალიან ზრუნავს. ჩვენ კი ქართველ ხალხზე ვზრუნავთ, რადგან ჩვენ ქართველებისთვის ისტორიულად საუკეთესო მეგობრები ვართ და ეს თქვენ იცით.

ჩვენ ათწლეულების მანძილზე მხარს ვუჭერდით ქართულ რეფორმებს. ჩვენ საქართველოს მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ დემოკრატიული და აყვავებული საქართველოს საუკეთესო გარანტია ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო თავისუფლებებს და ყველაფერს, რასაც ევროკავშირი იცავს, ეს კანონი სიმბოლოა - რუსეთსა და ევროკავშირს შორის.არჩევანის სიმბოლო.

ეს კანონი საქართველოს ევროკავშირის გზიდან აშორებს. ეს უკუსვლაა, რომელზეც ევროკავშირს აუცილებლად რეაქცია ექნება. ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. რეფორმების გატარებით მიიღებთ სარგებელს,  როგორიცაა სავიზო თავისუფლება ან უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა გახდეთ ევროკავშირის წევრი, როცა საქართველო უკან დაიხევს, ამ ყველაფერს დაკარგავთ. ადამიანის უფლებების დარღვევის, რეპრესიების შემთხვევაში, ევროკავშირი ჩვეულებრივ სანქციებს დააწესებს. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ და ვიზიარებთ ქართველი ხალხის ნებას, რომ საქართველოს კანონიერი ადგილი ევროკავშირშია. ეს პრინციპული არჩევანია და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თუ რა მომავალს აირჩევს. ჩვენ თქვენთან ვართ!

თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი:

ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რათა გამოვხატოთ სოლიდარობა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მე მოვდივარ პატარა ქვეყნიდან, რომელიც ყოველდღიურად იცავს ამ ფასეულობებს, რომლებსაც ახლა საფრთხე ემუქრება.

კერძოდ, მე აქ ვარ იმისთვის, ვთქვა, რომ თავისუფლება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში შესასვლელად, არამედ ძალიან კონკრეტული გასაღებია კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს ჩვენი საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ, გაგვიმართლა და მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, დავინახეთ, რომ მათ ამ გზაზე მოუტანა კეთილდღეობა.

ჩვენი ვიზიტი საქართველოს, მისი ხელმძღვანელობისა და ხალხის პატივისცემის გამოა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩავთვალოთ საქართველო, როგორც მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს თავისუფლებებსა და იმ უფლებებს, რომელსაც რუსეთის ესხმის თავს და ეს რეალურად აისახება საქართველოს მოსახლეობის 85%-ზე მეტზე, რომელიც მხარს უჭერს ტრანსატლანტიკურ გზას.

ბაიბა ბრაჟე, ატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი:

გამარჯობა საქართველო და მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი. ჩვენ აქ ვართ, როგორც საქართველოს უახლოესი მეგობრები. ჩვენ აქ არ ვართ იმისთვის, რომ თქვენი შიდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი გავხდეთ. მინდა ძალიან მკაფიო ვიყო.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიზნები ჩაიწერა  კონსტიტუციაში, რადგან ქართველების 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ჩვენ, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და როგორც სკანდინავიურ-ბალტიურმა ჯგუფმა, უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური და სხვა კაპიტალი ჩავდეთ ევროკავშირისა და ნატოს მაგიდასთან საქართველოს მიზნის მხარდასაჭერად.

მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს ინტერესი რჩება. ჩვენ გვინდა და საქართველოს ევროკავშირის ნაწილად ვხედავთ. ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზა, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის, ალბანეთისა და სხვა ქვეყნების ევროპული გზა.

ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოვთქვით. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკური მიზანი არ არის. ეს ქვეყნის მხრიდან ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს, მისი სამართლებრივი, მართლმსაჯულების, სამართალდამცავი სისტემის და მრავალ სხვა ევროპულ სტანდარტებთან მორგების მიზნით. ეს არ არის შიდა პოლიტიკაში ჩართვა. ეს ევროპული სტანდარტებია, რომლებიც ჩვენ ყველას უნდა შეგვესრულებინა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

ასე რომ, არაფერია ანტიქართული, არაფერია ანტისახელმწიფოებრივი იმ გზავნილებში, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ის, რაც ჩვენ თვითონ გავაკეთეთ, ეს არის ის, რაც მოეთხოვება ყველა კანდიდატ სახელმწიფოს. ამ მხრივ, ძალიან რთულია იმის გაგება, თუ რატომ უნდა მიეღოთ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეს კონკრეტული კანონი.

დიახ, ჩვენ მოვისმინეთ ვეტოს შესახებ გზავნილი და ვიმედოვნებთ, რომ იგი გამოყენებული იქნება კანონის სრული გადახედვისთვის, ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს მოითხოვება. ასე რომ, ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი.

არის ასევე სხვა კანონების პაკეტი, რომლებზეც შეშფოთებულები ვართ. შეშფოთებულები ვართ, როგორ ექცევიან აქციის მონაწილეებს. მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა და ყველა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ეს.

ასე რომ, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. მეგობრებს, რომლებიც ძალიან გახსნილები და დაინტერესებულნი არიან საქართველოს მომავლით, სურთ ნათლად დაინახონ ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას.