პრეზიდენტი მოხალისეებს - თქვენ სწორედ იმ დიდ ძალას წარმოადგენთ, რომელსაც ვერავინ შეაკავებს, რადგან თავისუფალი ძალაა! თქვენ ხართ ევროპა!

საქართველოს  პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.

,,დღეს ძალიან შთამბეჭდავი დღეა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე ბევრნი ხართ და ყველამ შეძელით სასახლეში მობრძანება. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქ ყოფნა. მოხალისეობა, პირველ რიგში, მოქალაქეობის გამოვლენა და იმის გაგებაა, რომ საზოგადოება და ქვეყანა პირად ინიციატივაზეა დაყრდნობილი. თქვენ ყველამ გამოავლინეთ პირადი ინიციატივა, რაც ნიშნავს ამავე დროს ქვეყნის პასუხისმგებლობის შეგრძნებას, ყველანი ერთნაირად პასუხისმგებელნი ვართ - ზოგი ცოტა მეტად, პრეზიდენტი მაგალითად, მაგრამ არა ყოველთვის. ჩვენ ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს შესატანი.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს ასეთი ბევრნი მოხვედით აქ და მე ვისურვებდი, რომ მეტი ადგილი ყოფილიყო, რომ ყველა მიგვეღო, რაც ვერ შევძელით, ეს სასახლე ფიზიკურად, მეტ ადამიანს ვეღარ იტევს. 

თქვენ სწორედ იმ ძალიან დიდ ძალას წარმოადგენთ, რომელსაც ვერავინ შეაკავებს, რადგან ეს თავისუფალი ძალაა, რომელიც არა მხოლოდ თავის ხმას მიაწვდენს ევროპას, არამედ თქვენ ხართ ევროპა, რადგან ევროპა ეს არის - თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგება იმისა რა სჭირდება საზოგადოებასა და ქვეყანას. თქვენ ძალიან მრავალფეროვან სფეროებში მოღვაწეობთ, ეხმარებით ადამიანებს, ხანშიშესულ ადამიანებს, შშმ პირებს, ცხოველებს, ანუ ყველა სფეროს თავისი აზრი და თავისი საჭიროება აქვს და თქვენ ეს ყველაფერი აღმოაჩინეთ თქვენით, ჩაერთეთ და არავისი კარნახი არ დაგჭირდათ ამისათვის. ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, რომ მოხალისეობაში ჩართული ამდენი ახალგაზრდა არსებობს.

მოხალისეობა ახალი არ არის. მოხალისეები იყვნენ 1924 წელს შეფიცულები, როცა ჩოლოყაშვილთან ერთად ებრძოდნენ სწორედ იმ უცხო რეჟიმის, რომელიც დამკვიდრებას ცდილობდა და მოსახლეობის ნაწილიც ებრძოდა ამ რეჟმის დამკვიდრებას. ეს იყო წმინდა წყლის მოხალისეობა. 

ასევე, მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ისინი იქ, თავისუფლად და ნებაყოფლობითი არჩევანით, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ და მე მინდა, რომ აქ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭების ხსოვნას, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებულნი არიან. 

მოხალისეები იყვნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 13 ივნისს ებრძოდნენ სტიქიას და შეძლეს ამ ქალაქისთვის მაგალითის მიცემა თუ როგორ უნდა დაიცვა თავი ასეთ წარმოუდგენელი და სრულიად მოულოდნელი სტიქიის დროს. დღევანდელ დღეს კლიმატური ცვლილებების ფონზე, ალბათ, მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. 

ასევე ძალიან ტრაგიკული იყო შოვის ტრაგედია, რომელსაც ის 3 ახალგაზრდა შეეწირა, რომელსაც დღეს დავაჯილდოებთ იმისთვის, რომ მუდამ ცოცხლები დარჩნენ, დარჩნენ ერთგვარად მაგალითი იმისა, რას ნიშნავს იყო მზად, რომ სიცოცხლის ბოლომდე და სიცოცხლის ფასად მიიყვანო შენი საქმიანობა ბოლომდე. მათ დააარსეს ,,ცოდნის კაფე“ თავიანთ ქალაქში.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ არსებობს ჩვენი საზოგადოების ასეთი დიდი და ძალიან წარმატებული ნაწილი. ეს ქვეყანა, მისი მომავალი თქვენია და თქვენი მომავალი კი, ევროპული საქართველოა. საქართველო იქნება ევროპაში,  სწორედ ამ გულანთებით და ამ თავისუფლებით, რასაც დღეს თქვენ აქ წარმოადგენთ!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.