პრეზიდენტი - ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი!

გილოცავთ! გილოცავთ ჩემო თანამემამულენო! გილოცავთ აქ, საქართველოში და ვულოცავ მათ, ვინც დღეს საზღვარგარეთაა და იქიდან გვიყურებს. გილოცავთ ყველას, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობთ, რამეთუ ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი ევროპული მომავალი თქვენი მომავალიცაა!

გილოცავთ! ეს დღე თქვენ გეკუთვნით! ეს დღე საქართველოს მიღწევაა! დღეს მე ნამდვილად მიხარია, დღეს ჩვენ ყველას ერთად გვიხარია! ეს დღე ჩვენი წინაპრებისაა, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და წინსვლისთვის იბრძოდნენ და ვინც სიცოცხლე შესწირეს მას. 

ეს დღე ილიასია, რადგან დღეს მისი დაბადების დღეა, მაგრამ ეს დღე აკაკის, ნიკოსი, ვაჟასი, სულხან-საბასი, ერეკლესია და.. ყველას ჩამოთვლა არ შემიძლია... ეს დღე ჩვენია, ყველასი, მათი, ვინც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იზიარებდა ამ უდიდეს მისწრაფებას, რომ საქართველო, თავისი კულტურისა და იდენტობის საფუძველზე, ყოფილიყო იმ ცივილიზებული ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა, ევროპული ცივილიზაცია და ევროპული კულტურა ჰქვია. 

ეს დღე ზვიადის და მერაბისაა. ეს დღე ზურა ჟვანიასია და ამ ქვეყნის ყველა იმ მეთაურისა, რომელმაც ამ დიდ საოცნებო საქმეში თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ, ყველაზე უფრო მეტად ეს დღე თქვენი დღეა, რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნების გამოხატვა ლხინსა და ჭირში, ომის, ოკუპაციისა და სხვა ზეწოლის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, თავისი გზა აირჩია და აღარ უყოყმანია ამ გზაზე, რამეთუ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი დაცულობის, ჩვენი მშვიდობისა და ტერიტორიული გამთლიანების ერთადერთი გზაა, სხვა გზა კი, მონობამდე და ჩვენი თავის დაკარგვამდე მიდის. ეს ქართველ ხალხს არ ესწავლება.

ეს დღე არანაკლე მათი დღეა, ვინც ამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა და ამ დღეს ვერ დაესწრო. ყველა იმ ადამიანის დღეა, ვინც ამ ქვეყნის უსამართლო და ტრაგიკულ ოკუპაციას ემსხვერპლა, რამეთუ სამშობლოს ამ შეუპოვარ სიყვარულზე დგას ჩვენი წარსულიც და მომავალიც. 

ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს! ეს არის ჩვენი პასუხი ოკუპაციას! ეს არის ჩვენი პასუხი ყველა მის უღირსობაზე და ეს ყველას გამარჯვებაა, ვინც ამას ებრძოდა, ვინც ამას გაუმკლავდა და დღევანდელ დღეს, აქ, ჩვენთან ერთად არიან, რადგან ისინი ამ დღისთვის იბრძოდნენ.  

მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ და მათი ხსოვნა იყოს ამ დღეს, ამ სიხარულში. 

მე ახლა ვესაუბრე უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს და მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაცია მიენიჭათ, ეს მათთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენც მივყვებით მათ ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან, ყველასგან. მათ კი მთხოვეს, რომ გადმომეცა თქვენთვის, ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და მათი დიდი სიყვარული, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის სიყვარულის ნიშანია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვივლით ამ ჯერ კიდევ გრძელ გზაზე. ერთად ვივლით ამ გზაზე და ერთ მშვენიერ დღეს სამივე ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები აღმოვჩნდებით და იქ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის საქმიანობას, რამეთუ ეს არის ის მომავალი, რასაც ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს ჰპირდება და ჩვენ იქ ვიქნებით ერთად! დღეს მივიღე მოლოცვა ჟოზეფ ბორელისგან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან და უამრავი მოქალაქისგან ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან.

დღეს აქ, ჩვენთან ერთად არიან ევროკავშრის 27 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც მოვიდნენ, რათა ეს დღე მოგილოცონ. მათი მხარდაჭერის გარეშე დღეს ჩვენ აქ არ ვიდგებოდით. ესენი იმ ქვეყნების ელჩები არიან, ვისგანაც ჩვენ 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით (როგორც ვიცით იკრიბება ევროპული საბჭო და ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება). ჩვენ დღეს რასაც ვზეიმობთ და გვიხარია ეს კომისიის რეკომენდაციაა და ეს ამ საბოლოო გადაწყვეტილების ძალიან დიდი ნაწილია. ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, წინსვლა არ იქნებოდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ეს ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ეს საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია სწორედ ამ თითოეულ ქვეყანაზე, რადგან არ შეიძლება რომელიმემ უარი თქვას, ან შეეწინააღმდეგოს საერთო გადაწყვეტილებას, ეს არის ევროკავშირის წესი და რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ რა მოხდება, მაგრამ არა გულხელდაკრეფილნი. 

ჩვენზეა დამოკიდებული როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - ეს ჩვენზეა  დამოკიდებული, ჩვენს მიერ გამოხატულ ერთიან ნებაზე. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ევროკავშირი - ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ჩვენი ნება უნდა იყოს გამოხატული ერთიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აქამდე, ხვალ და მომდევნო კვირებში, იმ საქმეში, რაც ამ საბოლოო გადაწყვეტილებას გვაშორებს, ყველანი ერთიანნი უნდა ვიყოთ, ყველა ჩართულნი და ერთად პასუხისმგებელნი.

რაც შემეხება პირადად მე... აქამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ,,მშვიდობის ფორუმი“ ტარდება და სადაც შარლ მიშელთან ერთად, მონაწილეობა უნდა მივიღო პანელში, რომელზც კრიზისები და კონფლიქტები განიხილება. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ეხლა დაიგეგმა მასზე პრემიერის დასწრებაც. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ, ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა გამოგვივა.

ამიტომაც დღეს ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რადგან დღეს იწყება (ჩვენი, არა ჩემი), ხელმოწერების კამპანია - ,,ჩვენი ხმა ევროპას“! კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა, თქვენზე და მთელ ქვეყანაზეა დამოკიდებული. ეს კამპანია უნდა გაიშალოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ და ყველამ უნდა შეძლოს ხელმოწერა, მისაღებია ყველანაირი ინიციატივა.

და ვისაც სურვილი აქვს დღესაც შესაძლებელია ხელი მოაწეროს ამ მიმართვას, ხვალიდან კი, ხელმოწერებისთვის გავხსნით ორბელიანების სასახლეს. ვისაც ფიზიკურად სურს მოსვლა და ხელმოწერა, შეუძლია მოვიდეს, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ყველანაირ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პლატფორმას - აქ [ბანერზე] მითითებულია QR კოდი, რითაც შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტზე და მიმართვას ონლაინ მოაწეროთ ხელი.

ამ მხრივ, მინდა მივმართო ჩვენს დიასპორას - მათი როლი ძალიან დიდია, რადგან ისინი უკვე არიან ევროპაში, ან სხვაგან, მაგრამ ძირითადად ევროპაში, მათ აქვთ ვალდებულება, რომ ჩვენთან ერთად მოითხოვონ ის, რასაც თვითონ უკვე კარგად გაეცნენ, რითაც ისინი უკვე სარგებლობენ - ეს არის ქვეყნის მომავალი და არ შეიძლება ისინი ამ წამოწყების სრულად მონაწილენი არ იყვნენ.

ძალიან დიდი იქნება რეგიონების როლი. იმედი მაქვს, რომ მრავალმხრივი ინიციატივები იქნება გამოხატული და სადაც საჭიროდ ჩათვლიან იქ შევუერთდები მათ, მაგრამ ყველა თავისუფალია. აქ მთავარია თავისუფლება და თავისუფლების გამოხატვა ერთიანობასთან ერთად. რადგან ინიციატივებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ აქ, სასახლეში იქნება დარგობრივი და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლების შეხვედრები. სხვადასხვა ჯგუფები მოვლენ სასახლეში, ხელს მოაწერენ და გამოხატავენ თავიანთ ევროპულობას.

აქ, [სცენაზე] ჩემს უკან უკვე დაინახავდით 50 მხატვრის მიერ შექმნილ ნამუშევარს. დღეს მხატვრები ჩვენს შეკრებას ესწრებიან. სანამ ხელმოწერების აზრი დაიბადებოდა, მხატვრების ეს ინიციატივა ,,მხატვრების ხმა ევროპას“ უკვე არსებობდა, და თუ არა ხატვითა და ამ მშვენიერი შემოქმედებით, რითი უნდა გამოხატონ მხატვრებმა თავიანთი ნება და თავიანთი მისწრაფება? მათ იმედი, დიდი სურვილი და ოცნება აქვთ, რომ (შეიძლება ამაში დავეხმაროთ, შეიძლება ევროკავშირის ელჩიც დაეხმაროს), რომ მათი ეს კოლექტიური ნამუშევარი ჩავიდეს ევროპის გულში და იქ წარმოგვადგინოს ჩვენ. 

დაბოლოს, ხელმოწერების პროცესი ღიაა ყველასთვის. დღეს ჩვენ ყველა დავპატიჟეთ აქ - პოზიციაც და ოპოზიციაც.  არ ვიცი ყველა მოვიდა თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ აქ ერთიანობის სურათს ვიძლევით.

ხელმოწერა ღია ყველასათვის. პოლიტიკური თუ რელიგიური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი, რადგან ეს ყველას მომავალია, ეს საქართველოს მომავალია.

და ახლა მინდა წაგიკითხოთ ჩვენი მიმართვა და შემდეგ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, პირველი მოვაწერ ხელს და ხელმოწერები გაიხსნება:

,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები,

მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ - ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს. 

ეს არის თქვენი ხმა!“