პრეზიდენტი - ჩვენი მომავალი ევროპაა! არ შეიძლება ჩვენი მომავალი იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს!

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან

,,მოგესალმებით,

ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, ამ სასახლეში, კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრის საშუალება მეძლევა. იმედი მაქვს, რომ ეს არ არის ბოლოჯერ, ვნახავთ... როგორც იქნება ისე იქნება. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ხართ, რამეთუ დღეს და ახლა, არდადეგების შემდეგ, რეალურად ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ პერიოდში შევდივართ, სადაც თქვენი როლი, და მე თქვენ მოგმართავთ როგორც საზოგადოების წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანია.

ვიცი, რომ დღეს ყველა ვერ დავპატიჟეთ აქ, რადგან ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამწუხაროდ, აქ არ იმყოფება, მაგრამ თქვენ ჩვენი ქვეყნის სწორედ იმ სექტორს წარმოადგენთ, რომელიც გასაკეთებელი საკითხების თვალსაზრისით, დღეს უმნიშვნელოვანესია.

მე ჩემ თავს ვთვლი ხალხის, მოსახლეობის, საზოგადოების წარმომადგენლად, და სწორედ თქვენ მოგმართავთ რადგან, თქვენ ხართ ამ საზოგადოების აქტიური ნაწილი და გაქვთ საშუალება, რომ თქვენი ხმა მიაწვდინოთ საზოგადოებას. და დღეს, როცა ჩვენ ერთგვარად, ევროპის კარებთან ვართ მისული, ყველამ ვიცით, რამდენად გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის მომენტი სტატუსის მონიჭების და არ ვიტყვი: - ან არ მოგვენიჭება - ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი! მაგრამ ცხოვრებაში თავისით არაფერი მოდის და ეს მთავარი გზა არის ის, რაც დღეს ჩვენი, თქვენი, ერთად გასავლელი გზაა.

ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ნებისმიერი ნაბიჯი: ყველა თავისი საშუალებებით, ეს იქნება კულტურა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, სამართლებრივი, თუ ანალიტიკური სფერო - ყველას თავისი როლი აქვს, ეს ერთი ადამიანის გასაკეთებელი საქმე არ არის.

მე ვიქნები თქვენთან, მე ვიქნები იქ, სადაც შემიძლია და ვაგრძელებ ჩემს ვიზიტებს. მალე წავალ ბალტიის ქვეყნებში, ვიქნები პოლონეთში, ბელგიაში ,,ევროპალიაზე“, როგორც ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანა. მაგრამ ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც მას შეუძლია. ცხადია, ყველაზე დიდი როლი შეიძლება, მედიას აქვს, რომ მან არ მისცეს საშუალება არავის, სხვადასხვა საკითხებით გადაიფაროს ის, რაც მთავარია და მთავარია ის, რომ ჩვენ, ყველას: ქვეყანასა და საზოგადოებას ევროპული მომავალი უნდა, სხვა მომავალი ჩვენ არ გვაქვს და სხვა მომავალი, და ამას მინდა დღეს ხაზი გავუსვა, არ შეიძლება, რომ იყოს რუსეთი! საქართველო ამას არ დაუშვებს, მე არ დავუშვებ, თქვენ არ დაუშვებთ და არავინ არ დაუშვებს!

ერთ-ერთმა... მგონი, ბატონმა კახამ თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე, ევროპაში ჩემი ვიზიტებია, - არა, ბატონი კახა. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფ ეს ბეს“, თუ „კა გე ბეს“ აგენტი ყოფილა, ესაა ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომლებიც დღეს ამას უნდა იძიებდეს და ვიზეცაა პასუხისმგებლობა.

მე აქ, სწორედ თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას დეტალური გამოძიებით, დეტალურად გაეცეს პასუხი, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა. კიდევ დავამატებ, რომ რაღაც მოქალაქეობაზე იყო აქცენტები, ჩვენთან [ადმინისტრაციაში] მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არც არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა არ შემოსულა. ანუ აქ ისრების გადატანა არ გამოვა! ნათელია, სადაა პასუხისმგებლობა.

მე იმ დღესვე, სანამ წავიდოდი ბაზელში, შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რათა გამეგო მათი მხრიდან რა მონაცემები არსებობდა და მგონი, კარგი იქნება, რომ სწორედ იმ უწყებებმა, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ამ ყველაფერზე დროულად გაგვცენ პასუხი. არსებობს პასუხები, მონაცემები და მტკიცებულებები და არავინ არ სთხოვს ამერიკას დღეს, რომ კიდევ მეტი მტკიცებულება მოგვაწოდოს. მგონი, ყველაფერი ნათელია. აქ გამოძიებაა ჩასატარებელი და აქ ანგარიშებია გასაჩერებელი და ყველაფერი გასაკეთებელი, რომ ამ ქვეყანამ თავისი სახე და რეპუტაცია არ დაკარგოს, ქვეყანამ კი არა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე.

ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გასაკეთებელია და ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ეს კულტურა და ჩვენი კულტურული ნაწილი და ამ კუთხით, ევროპაში ჩვენი გზავნილებია, რადგან ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად გვინდა ევროპაში, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, ვიყავით და ვიქნებით. ესაა ის, რაც ,,ევროპალიაში“ ჩვენი მონაწილეობის მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ამ საკითხზე აქ დიდად არავინ საუბრობს, რაღაც მიჩქმალულია ეს თემა, როცა ეს ევროპაში ჩვენი კულტურული შესვლის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. მე მინდა, მოვუწოდო ,,ევროპალიის“ ყველა მონაწილეს და ამას გავაკეთებთ კიდევ სხვა ფორმით, რომ გვქონდეს ეს განაცხადი, რომელიც ჩემი აზრით, ამ ,,ევროპალიის“ ღონისძიებების სათაური უნდა ყოფილიყო, რომ ,,საქართველო ევროპაა“ - ეს იყოს ჰაშთაგი, რომელიც გააერთიანებს ყველა ჩვენ მონაწილეს, რომლებიც იქ ჩადიან და ამ ექვსი თვის მანძილზე ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან. ეს ძალიან დიდი როლია და წინასწარ ძალიან დიდი მადლობა მათ.

ამავე მიზეზიდან გამომდინარე, მე აქ უნდა ვახსენო კოტე ნაცვლიშვილი, რომელმაც ბაზელში და ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის გამოფენის მთელი იდეა წამოიწყო და რომელიც ამ ყველაფრის სათავეში იყო, რაც განხორციელდა. ეს არაჩვეულებრივი გამოფენაა და ჩვენ იქ წარმოდგენილები ვართ, როგორც ევროპელები.

მე ყველას მოგიწოდებთ, ვისაც ამის შესაძლებლობა გექნებათ, ჩახვიდეთ და ნახოთ ეს გამოფენა. იქ გაქვს დიდი სიამაყის გრძნობა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ იქ ვნახე გერმანიიდან და შვეიცარიიდან სპეციალურად ამ გამოფენის სანახავად ჩამოსული ამდენი სტუდენტი და მათში იყო ეს დიდი სიამაყე, რომ ვართ ქართველები. ამით დავაბრუნებთ ჩვენს ხალხს ევროპაში, ამით გავალთ იქ და ამით დავაბრუნებთ ევროპას აქ. ამიტომ, ეს მომენტი ძალიან დიდი ოპტიმიზმის მომენტია. ჩვენ არავინ არ შეგვაშინოს, არავინ არ დაგვაჯეროს, რომ რაღაც შეუძლებელია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას ვერავინ დაგვაკარგვინებს, ვინც ამას ეცდება, ის თვითონ დაიკარგება!

მე მინდა, სწორედ ამ მიღებით მოგცეთ თქვენ ახალი ენერგია. ვიცი, რომ თქვენ სავსე ხართ ასეთი ახალი, ენერგიული გეგმებითა და ახალი მოწოდებებით, მინდა, ყველანი ერთად შევუდგეთ ამ ძალიან დიდ საქმეს, რომელიც გველოდება და რომელიც თქვენც იცით, მეც ვიცი და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ამ წლის ბოლომდე წარმატებული იქნება. წინასწარ მოგილოცავთ ყველას თქვენს წარმატებულ საქმიანობას. 

დიდი მადლობა!"