პრეზიდენტი - საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა მეგობრობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა; დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება

თქვენო აღმატებულებავ,

ბატონო პრემიერო,

მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებო,

ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო,

მე არ მაქვს ტექსტი, არც კი დამიწერია, მაგრამ ეს ის სიტყვებია, რომელიც მინდა მთელი გულით გითხრათ, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ აშშ-ის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რადგან სწორედ მაშინ იწყებს ქვეყანა არსებობას, როცა საკუთარ ისტორიას ხვდება. მინდა ყველას მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ ამერიკა, როგორც მეგობარი, უკვე ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წელზე მეტია, გვერდში გვიდგას. ის იყო ჩვენს მხარეს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ამ ძალიან გრძელ გზაზე. სახელმწიფოს შენების ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ მუდმივი მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ.

სოციალისტური ეკონომიკიდან რეალურ ეკონომიკაზე გადასვლა, ეს ასევე ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ამერიკის წარმოუდგენელი მხარდაჭერა მივიღეთ. ეს არის ის, რაც ვიცით და რასაც არ ვივიწყებთ.

ადამიანის უფლებების ხელახლა აღმოჩენის მხარდაჭერა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის ის, რაღაც ღირებულება, რომელსაც ქართველი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იზიარებს, მაგრამ ჩვენ გვქონდა 70 წელი; როცა ეს თავი დავხურეთ და საჭირო გახდა ადამიანის უფლებების მიმართ ჩვენი წრმენის აღდგენა, თქვენ ჩვენს გვერდით იყავით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და არასოდეს დანებებულხართ ისევე, როგორც ჩვენ არ დავნებებულვართ. მე, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული არმიის შექმნა, ქართული არმიის მოდერნიზაცია და დღეს ქართული არმიის ყოლა, რომელიც შეიძლება ამაყი იყოს ნატოს სტანდარტების ქონით, ამან მოგვცა საშუალება, რამდენიმე, ძალიან რთულ მისიაში მიგვეღო მონაწილეობა,როგორიც იყო ერაყი, თუ ავღანეთი და ასევე განვითარებულიყავით, რათა ჩვენი არმია უფრო მოქნილი და გამძლე გაგვეხადა.

ჩვენ ეს ყველაფერი გავიზიარეთ, გავიზიარეთ ყველა ის ღირებულებები, რომლებიც ნებისმიერ დემოკრატიას ჰპოვებს. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან პარტნიორობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა; დღეს კი, როგორც არასდროს, თქვენი იმედი გვაქვს, გვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება. ჩვენ გვჭირდება, რომ გადავინაცვლოთ ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე. ეს ჯერ არ არის წევრობა, მაგრამ ეს ძალიან არსებითი ნაბიჯია მისკენ, რაც ერთგვარად წინასწარ მოგვცა უკრაინამ მისი წარმოუდგენელი ბრძოლის წყალობით. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი სიტყვა ევროპელ პარტნიორებთან იმ გადამწყვეტ პოლიტიკურ მომენტში, რომელიც დადგება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ და ჩვენ ეს ვიცით.

ჩვენ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, რომ წინ წაგვიყვანთ ნატოში ჩვენი ინტეგრაციისკენ, უსაფრთხოების მეტი გარანტიების მისაღებად, გაგვიყვანთ იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს იქ, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად უზრუნველყოფილია და აღარ იქნება გამოწვევები. ჩვენ მუდმივად გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ჯერ კიდევ აქვს ქვეყანას ორი ოკუპირებული ტერიტორია და საოკუპაციო ხაზი. 

ჩვენ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, დღეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო იმ წარმოუდგენელი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა უკრაინის მიმართ რუსული აგრესია, რუსული იმპერიალიზმის ეს ახალი რუსული გამოვლინება, რომლის მიმართაც, რაღაც მომენტში გვქონოდა განცდა, რომ წარსულს ჩაბარდა, მაგრამ არა, აქაა და ისეთივე აქტიურია, როგორიც იყო. 

ჩვენ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, როცა რუსული პროპაგანდის წინაშე ვდგავართ, რომლის მცდელობა ახალი ,,რბილი პოლიტიკის“ განვითარებაა, სადაც არ შეიძლება იყოს და არ იქნება სამხედრო პოლიტიკა, იმ დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმების წინ, რასაც ჩვენ ვხედავთ.

ჩვენ გვჭირდება, რომ  ჩვენს გვერდით იყვნენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ გვჭირდება ისინი ჩვენს გვერდით კიბერშეტევების დროს, რომლებიც დღეს ქვეყნის აგრესიის კიდევ ერთი გზაა და ზოგჯერ ძალიან ეფექტური, ან შეიძლება იყოს ეფექტური.

ხვალ თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება. და დროის ამ მომენტში, იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შეიქმნას ახალი მსოფლიო წესრიგი. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც გამოწვევის წინაშეა - საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების, ქვეყნებს შორის თანაარსებობის პრინციპებს, რაც ხელახლა უნდა იყოს შექმნილი, ეს ყველაფერი ხელახლა უნდა იყოს შექმნილი და იმ დროს, როცა ეს ხელახლა იქნება შექმნილი, ჩვენ თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ვერავინ დაუშვებს, რომ ამ დროის შემდეგ, ზოგიერთი ტერიტორიის ოკუპაცია გაგრძელდეს, რადგან თუ ეს დასაშვებია, თუ ჩვენი პარტნიორები დაუშვებენ, მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ ეს რუსეთი რამდენიმე წლის შემდეგ აკეთებს იგივეს, რასაც დღეს უკრაინაში.

არჩევანი არის, არჩევანი ჩვენზეა, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ერთიანები, ჩვენი ფრონტის დაშლა შეუძლებელია. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანი და გვსურდეს ის, რაც ხვალ უნდა მოხდეს - მშვიდობიანი, სტაბილური დემოკრატიული სამყარო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, რომელიც დაფუძნებულია მეზობლების პატივისცემასა და დაფუძნებულია ერთად ცხოვრებაზე. ეს სამყარო ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ და ამისთვის თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ამერიკა თავისუფალთა მიწა და მამაცთა სამშობლოა და საქართველო თავისუფალთა მიწად და მამაცთა სამშობლოდ თვლის თავს. ეს იყო საქართველო გუშინ და იქნება ხვალ.  

ნება მომეცით დავასრულო ქალბატონო ელჩო, მადლობის გადახდით ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ ქვეყანაში, რაც სცადეთ და ჩვენ ვცდილობთ, მინდა გისურვოთ წარმატება თქვენს მომავალ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, რომ დაგრჩებათ აქ მეგობრები, საქართველო იქნება თქვენი მეგობარი და როგორც ქვეყანას, რომელსაც უყვარს მეგობრების მასპინძლობა, ყოველთვის იქნებით როგორც მეგობარი.

ძალიან დიდი მადლობა!