პრეზიდენტი: საჯაროდ მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს - დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო

ეს ბრიფინგი ცხადია, მიეძღვნება რუსეთში არსებულ მოვლენებს, თუმცა მე არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო [რუსეთის] შიდა მოვლენებზე. მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც შეიძლება ჩვენ გვეხებოდეს და გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვალდებული ვარ, დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე. ამიტომ გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა, პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურისგან: ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი და ის, ამავდროულად, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს; 

ვერც სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის უწყების კანონის თანახმად, ერთ-ერთი მიმართულება ქვეყნის საგარე საფრთხეებისგან დაცვაა;

ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობების პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. 

არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც კი ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებულ მოვლენების მიმართ.  ამიტომ, იძულებული ვარ საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო. მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ ფორმატში დროს აღარ ითმენს.

ერთი, ეს არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა. 

მეორე  - სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, ანუ იმ სიების, რომელსაც  ჩვენი პარტნიორები აკონტროლებენ. 

არ უნდა შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი. საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს ყველა მისთვის საჭირო ინფორმაცია - რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები და რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციული ვაკუუმია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება.  

ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული რეაქციები, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ მოსახლეობაში უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ.

დაბოლოს, აუცილებელია ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია.