პრეზიდენტი - არც ვიზების მოხსნა გვჭირდება და არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მსოფლიოსთვის აგრესორი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია!

ყოველდღე მორიგი, რუსული პროვოკაციული განცხადება! რას ემსახურება ეს პროვოკაცია? შესაძლებელია, ერთი მხრივ, ეს იყოს ბახმუტში თავიანთი მარცხის, კრახის, გადაფარვა. შესაძლოა, ეს იყოს პასუხი ევროკავშირის გუშინ გამოცხადებულ ახალ სანქციებზე, მეთერთმეტე პაკეტზე. ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ რაც მთავარია ჩვენთვის, ეს არის პროვოკაცია პირდაპირ ჩვენი საზოგადოების გამოწვევისთვის და ჩვენ ხელისუფლებას ძალიან დიდ გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს პარტიებს შორის უთუოდ გამოიწვევს ერთგვარ დაძაბულობას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაში ეს არანაირ დაძაბულობას არ გამოიწვევს; ამას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვება საზოგადოებისგან, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯებს თავისი ინტერესიდან გამომდინარე დგამს. სამწუხაროა, ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ გაიგო, არ დაფიქრდა ჩვენს ისტორიაზე და არ დაფიქრდა ყველა არსებულ მაგალითზე, რომ რუსეთი ხელისუფლების დათმობებზე არასოდეს პასუხობს დათმობით, პასუხობს იმით, რაც უფრო გაურთულებს მდგომარეობას. ეს მისი მუდმივი ქცევის მეთოდია და მგონია, რომ ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. 

ჩემი პოზიცია უკვე გამოვხატე საერთაშორისო დონეზე Twitter-ზე. მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელი და უადგილო დროა - არც ვიზების მოხსნა გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა. სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტია ასეთი ჟესტი ნამდვილად უდროო და მიუღებელია! 

მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მკაფიოდ გამოაჩინოს თავისი პოზიცია. დროა, (რასაც უკვე არაერთხელ მოვითხოვ), შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს სამთვიანი ვიზების დაწესება, რომელიც საჭიროა ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე. სახელმწიფოსგან მეტი კონტროლია საჭირო იმ რუსების მიმართ, რომლებიც შემოდიან და რჩებიან ქვეყანაში, აუცილებელია, რაღაც ზომები იყოს მიღებული, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჩაჯდეს ნორმალურ, ცივილიზირებულ ჩარჩოებში. 

ჩვენ ძალიან ტოლერანტი ქვეყანა ვართ, ყველას ვიღებთ და ეს გამოჩნდა ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ შეიძლება მოხდეს ქვეყანაში: არ შეიძლება, გაიხსნას რუსულენოვანი ბაგა-ბაღები, სადაც იმავდროულად არ იქნება აუცილებელი ქართული ენის სწავლებაც; არ შეიძლება, არ დაწესდეს რაღაც ზომები სხვადასხვა პროფესიებზე, რა არის მოთხოვნები ამა თუ იმ პროფესიის ადამიანებზე? ეს ნიშნავს ლიცენზირებას, თუნდაც ტაქსის მძღოლებზე, გიდებზე და კიდევ ბევრ სხვა პროფესიაზე. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაცულობა და ეს არის სწორი პასუხი დღევანდელ პროვოკაციაზე. 

ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები რუსეთიდან, ვითომც რაღაც დათმობა. ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში იმავე მხარეს ვართ, სადაც ჩვენი ყველა ევროპელი მეგობარია და ეს საქართველოს ღირსების დაცვაა, რომ ყველასგან განსხვავებით ჩვენ ახლა არ დავიწყოთ რაღაცა ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ყველაფერს გაგვირთულებს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებებისგან, რომელიც სანქციების გვერდის ავლის შესახებ ისმის. 

მე ვადასტურებ, რომ დღეს საქართველოდან ასეთი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ამ ბრალდებებისგან ვეღარ დაიცვათ თავი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოუსმინოს ხალხის ძალას კი არა, მოუსმინოს ხალხის ხმას! 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოება ერთიანია. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ ერთი რამაა, რაც შეიძლება შეეწინააღმდეგოს ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღებას და ესეც მაფიქრებინებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა და საქართველოს ღირსებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც სოლიდარულია მეგობარი უკრაინის მიმართ. 

ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ სხვანაირად მოხდება (და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება), საზოგადოებასაც ექნება ამაზე თავისი პასუხი.