
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უკვე მესამედ ვარ ლიეტუვაში, ეს ჩემი მეორე ოფიციალური ვიზიტია ვილნიუსში, რაც საქართველო-ლიეტუვას მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.
ჩვენი ქვეყნების ისტორია გუშინ არ დაწყებულა. ჩვენ არაერთი ბრძოლა გამოვიარეთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპულ მომავლისთვის. რამდენიმე დღეში საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს გავიხსენებთ, მაგრამ ჩვენ ასევე, არ გვავიწყდება 1989 წლის 23 აგვისტო, ბალტიის გზა - „Baltic Way”, რომელიც ჩვენი 9 აპრილის მსგავსად ასევე, ასახავდა დამოუკიდებლობის მოპოვებისადმი ჩვენი ხალხის მიდრეკილებასა და მისწრაფებას... და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მოვიპოვეთ თავისუფლება და მოვიპოვეთ იმის საშუალება, რომ გვევლო ამ ევროპულ გზაზე, იმ გზაზე, სადაც, თქვენმა ქვეყანამ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენზე ადრე მიაღწია შედეგსა და მიზანს.
თქვენი ქვეყანა მუდმივად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ამისთვის მე მინდა, საქართველოს მოსახლეობისა და მთლიანად საქართველოს სახელით გამოვხატო ძალიან დიდი მადლიერება.
სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს, რომ გულწრფელად, პარტნიორულად და მომავალი მხარდაჭერის იმედით ვისაუბროთ ერთად და ყველა საკითხზე ვნახოთ, როგორი შეიძლება იყოს ერთობლივი გზა, რამეთუ მეგობრების გარეშე, ევროპელი მეგობრების გარეშე და იმ ქვეყნების გარეშე, რომლებსაც გავლილი აქვთ ეს რთული გზა, საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი.
დამეთანხმებით ასევე, რომ დღეს ურთულესი გამოვევის წინაშე დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო და მთლიანად, ევროპა. უკვე 1 წელზე მეტია, რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია დაიწყო და მიმდინარეობს ომი უკრაინაში, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ბუჩა, მარიუპოლი, ირპინი, ბახმუტი, ხერსონი - ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია ამ აგრესიის სისასტიკესი და ამავე დროს, უკრაინელი ხალხის შეუპოვარი გამძლეობის.
მინდა, რომ დღეს, აქედანაც გამოვხატო ჩვენი მეგობარი უკრაინისადმი საქართველოს და ჩვენი ხალხის სრული სოლიდარობა. სოლიდარობა მეგობარი უკრაინისადმი, რომელმაც ჩვენსავით გაიარა ის ძალიან რთული და მძიმე გზა, რაც ჩვენ გვაერთიანებს.
ამ ომმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო რუსულმა აგრესიამ და იმპერიალისტური ამბიციების ჩვენებამ ჩვენთან 1992-93 წლებში, 2014 წელს ყირიმში, 2008 წელს, კიდევ ერთხელ, საქართველოში - ამ ომმა მთელ ევროპას და მსოფლიოს დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე. ეს უკრაინელი ხალხის ბრძოლის პირველი და უდიდესი მიღწევაა. ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში, ან 2014 წლის ყირიმის აგრესიისას საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული შემდეგი, დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. მე მახსოვს ასევე, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომა 2008 წლის აგრესიისა და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო მთლიანად ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა.
დღეს, ამ ომის შედეგად, მსოფლიო და საზოგადოება რეალურად, ორ ბანაკად იყოფა - ვისაც სჯერა, რომ უძლეველი და დაუმარცხებელი არავინაა და სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგავრად გაიმარჯვა. გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა, რადგან რუსეთმა ვერ მიაღწია თავისი ომის მიზნებს და გაიმარჯვა, რადგან რეალურად ბოლომდე დაიცავს თავის ტერიტორიას.
ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს სად არის მისი საზღვრები. ყველას ერთიანი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების, მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია.
ბატონო პრეზიდენტო, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველომ სირთულეებით სავსე, 32 წელი გამოიარა. ქართველმა ხალხმა მრავალი სიძნელე და გამოწვევა გადალახა თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების არჩევანის დასაცავად. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა, ამ დღებში, კიდევ ერთხელ და არაერთხელ გასულ წლების მანძილზე, დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანი ევროკავშირში ინტეგრაციაა. ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაა გამყარებული. გასული ათწლეულის მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო, თუ არის დღესაც. 2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც ჩვენსა და ევროპას შორის იყო აღმართული, საბოლოოდ დაინგრა და ეს კითხვა: - ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპულ ოჯახს და ევროპულ პერსპექტივას, ჩვენს წინაშე უკვე აღარ არსებობს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ჩვენი უალტერნატივო მიზანია, და მე ამას ვამბობ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა მთელი ქართველი ერისა. დღეს საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, 14 მარტს ევროპარლამენტისადმი მიმართვაში, საქართველოს ევროპულ მომავალს დაუჭირეთ მხარი და ამისთვის მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება, რამეთუ ლიეტუვა დგას იმ ადგილას, სადაც იდგა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მხარს გვიჭერს ამ გზაზე.
დიახ, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში, ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება, ეს იქნება ევროპის სიძლიერისა და ერთობის კიდევ ერთი დადასტურება.
თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც მოწმენი ვართ ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა, ივლისსში ლიეტუვა ნატოს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია.
საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის ნატოს სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ, გასული 20 წლის განმავლობაში, ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს, დროა, რომ ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგერსი დაგვანახოს.
ზოგადად, არავინ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ იქცეს.
ბატონო პრეზიდენტო, 2024 წელს საქართველოსა და ლიეტუვის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. გვაქვს ყველანაირი პირობა იმისა, რომ წარმატებით შევხვდეთ ამ თარიღს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის და მადლობა მოვახსენო ლიეტუველ ხალხს ქართველი ხალხისაგან.
ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა
მოხარული ვარ მოგესალმოთ ლიეტუვაში.
ლიეტუვა და მისი ხალხი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს განწყობას და სიმტკიცეს.
Შეხვედრაზე შესაძლებლობა გვქონდა დეტალურად განგვეხილა პერსპექტივები, ლიეტუვასა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთთანამშრობლობის სფეროებში - Პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის, მხარდაჭერა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციისადმი, ინსტიტუციონალური და უწყებრივი თანამშრომლობა.
პრეზიდენტო, თქვენ და თქვენს ხალხს გასულ წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გილოცავთ. გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროკავშირის წევრობისაკენ სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა, ეს ქვეყნის ტრანსფორმაციის გზაა, ეს გასაგები და ხელშესახები რეფორმებია, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებიის კეთილდღობისთვის. Ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, რომ ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსულირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები.
Ჩვენ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და დეზინფორმაციაზე, აუცილებლობაზე რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუტების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პრო-ევროპული და პრო-ატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა, არ არის გზა, რომელიც დემოკრატიასა და მოქალაქეობის მედეგობას აძლიერებს.
Ჩვენ ასევე განვიხილეთ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი გავლენა აქვს როგორც ევროპის, ასევე რეგიონული უსაფრთხოებისათვის. Რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზირებას ახდენს, როგორც რეგიონში, ასევე მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდამჭერი უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება. ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა.
პრეზიდენტო, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს გააღრმავოს ურთიერთობა ნატოსთან. Ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რომ თქვენ თავად აირჩიოთ ალიანსები. გარე ძალებს არ აქვს უფლება ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში. ლიეტუვა ყოველმხრივ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და მუდმივ მცდელობებს გააძლიეროს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, როგორც დემოკრატიული, ისევე აყვავებული სახელმწიფო.
Მადლობა ყურადღებისთვის!