საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი - სამი მთავარი იდეა, რომელსაც მიხელ მუსხელიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა - სამართალი, ევროპა და საქართველო, ჩვენთვის დღესაც ძალიან აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა მიხეილ მუსხელიშვილი (სიკვდილის შემდეგ) ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე:

,,ძალიან სასიხარულოა, რომ დადგა ის დღე, როცა უნდა გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი. ჩვენს ისტორიაში საკმაოდ ბევრი ფიგურა მივიწყებას მიეცა. არ ვიცი, ასეთ პიროვნებებს ისტორიაში რატომ არ აქვთ ის ადგილი, რომელიც უდაოდ ეკუთვნით.

წელს, როდესაც ჩვენ ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, (ალბათ, ჯერ ვერც კი დავაფასეთ რას ნიშნავს ეს) არ შეიძლება არ გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი. ჩვენ დღეს გვჭირდება და ძალიან გვაკლია სამაგალითო პიროვნებები. ეს დღევანდელი დღის ყველაზე რთული მოცემულობაა და იმისთვის, რომ ახალი თაობა გაიზარდოს, ის სწორედ ასეთი მაგალითებით უნდა საზრდოობდეს. მიხეილ მუსხელიშვილი ნამდვილად ასეთი პიროვნებაა, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისთვისაც.

მან დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. (ქართველი უნდა ყოფილიყო, რომ დაეწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია), მართალია, ეს იყო ფედერალური კონსტიტუცია და შემდგომ ის არ აისახა, რადგან ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფი პირველი ქვეყნები სხვა კონსტიტუციური ფორმისკენ წავიდნენ, მაგრამ გაერთიანებული ევროპის, გაერთიანებული ევროპული სივრცის, გაერთიანებული საგანმანათლებლო სივრცის აზრი და იდეა სწორედ მას ეკუთვნის.

მუსხელიშვილი ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა. მანამდე, სხვა, ბევრი სტუდენტის მსგავსად, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ევროპაში გააგზავნა, სწავლობდა გერმანიასა და  საფრანგეთში, რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში და როგორც ბევრი სხვა, 1921 წელს ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა და ასწავლიდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და ომის პერიოდში, ეგვიპტეშიც. 

მიხეილ მუსხელიშვილმა მთელი ცხოვრება სწორედ სამ მთავარ იდეას მიუძღვნა: სამართალს, ევროპას და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთად მის მოღვაწეობას უნიკალურ ელფერს აძლევს. ჩვენთვის დასაფიქრებელია, რომ ეს სწორედ ის სამი მიმართულებაა, რომელიც ჩვენთვის დღესაც აუცილებელია.

სამწუხაროა, რომ წელს, როცა ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა და როცა უნდა გავიაზროთ მისი მნიშვნელობა, ის გეოგრაფიული კითხვისნიშნები, რაც აქამდე არსებობდა ამ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, რაზეც ალბათ, ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი. საქართველოში სრულიად გაუგონარი ანტიევროპული და ანტიდასავლური გამონათქვამები და ჯგუფები გამოჩნდა, რომელიც ალბათ, საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან არ ყოფილა და ალბათ, არც უნდა არსებობდეს, თუმცა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომელიც ადრე მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა.

მიხეილ მუსხელიშვილმა სწორედ ამ ევროპული იდეის გამო, 70 წლის წინ, 1952 წელს მან ,,ქართულ-ევროპული მოძრაობა“ დაარსა, რომელიც მისი ერთ-ერთი ოცნება იყო (თუ როგორი და სად უნდა ყოფილიყო საქართველო). ეს ოცნება აერთიანებდა იმ დროს მთლიან ემიგრაციას და საქართველოს ნაწილს, რომელიც იმ დროისთვის, ამ ოცნებას საჯაროდ ვერ იზიარებდა. 

დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ საჯაროდ გავიზიაროთ მისი ეს ოცნება, დღეს უკვე ჩვენი უახლოესი მომავალი და შესაძლებლობა. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ქვეყნისა და ხალხის მიმართ ძალიან დიდი დანაშაულია. დანაშაულია იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც დროზე ადრე გაიზიარეს და მოიფიქრეს, ამისთვის იღწვოდნენ.

კიდევ ერთხელ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე მეძლევა შესაძლებლობა დავაჯილდოვო მიხეილ მუსხელიშვილი, რათა მისი ღვაწლი ჩვენს ევროპელობაში ერთხელ და სამუდამოდ იყოს აღიარებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.