საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი - მსურს, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონები იყვნენ არა სტუმრები, არამედ მასპინძლები

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა პროექტის ,,რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ წარდგენისას. პროექტი დღეს საზეიმოდ ,,სვანეთს დღეებით“ გაიხსნა.

დღევანდელი დღე, ერთი მხრივ, სიახლის დღეა, მეორე მხრივ კი, გაგრძელეებაა იმ პოლიტიკისა, რასაც პირველივე დღიდან პრეზიდენტის როლში რეგიონებთან და მათ განვითარებასთან დაკავშირებით ვახორციელებ.

ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს რეგიონები დავისახე. კოვიდის მიუხედავად, ჩემს ადმინისტრაციასთან ერთად, ძალიან აქტიურად მოვიარეთ რეგიონები, გავეცანით მათ საქმიანობას, ქალ მეწარმეებს, რადგანაც ისინი ჩვენს რეგიონებში, დღეს ერთ-ერთ ძალიან მდგრად და ცოცხალ ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც კიდე უფრო უნდა განვითარდნენ, მათ კიდევ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. 

რეგიონები მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ, ადგილზე სხვადასხვა მიმართულებების გაცნობა, მაგრამ საჭიროა, რომ აქაც, დედაქალაქშიც, მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე ამ ფორმით, სწორედ, იმისთვის იქნა მოგონილი, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც ყველაფერი შესაძლებელია: გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, საზოგადოებრივი დიალოგი და ყველაფრის წარმოჩენა. 

მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან ეს რეგიონებისთვის ძალიან კარგი შემოთავაზება იყო, ჩვენ ყველას მივწერეთ, მივმართეთ - ჩამოდით, ჩვენ გითმობთ ამ სასახლეს, კიდევაც ვაფინანსებთ თქვენს ჩამოსვლას და რაც აუცილებელია, იმისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვა და შესაძლებლობას ახლდეს თან. 

ჩამობრძანდით, ეს თქვენი ადგილია. როგორც გინდათ ისე მოაწყვეთ, ვინც გინდათ ის გამოიყვანეთ და ამგვარად გამოაჩინეთ თქვენი თავი ამ ქვეყანაში, და არამხოლოდ, ასევე ქვეყნის გარეთაც. მე, მაგალითად, ვაპირებ რომ მომავალი, 2023 წლიდან, სხვადასხვა ქვეყნაბში ჩემი ოფიციალური ვიზიტებისას, რომელიმე რეგიონის წარმომადგენელი წავიყვანო ჩემთან ერთად, რათა მათ სხვა ქვეყნებთან შეძლონ იმ ურთიერთობების დამყარება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. 23 ნოემბერს, ,,სვანეთის დღეების“ ბოლო დღეს, მიღებაზე გვეყოლება დიპლომატებიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოვიწვიოთ რეგიონების წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და აქ, რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი. 

არ არის ნორმალური, როცა ასეთი შეთავაზება არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც (ხაზი მინდა გავუსვა) არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ რეგიონების წარმომადგენლების მიმართ არანაირი მოთხოვნა არ იყო და იყო სრული თავისუფლება. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. რადგან ძალიან გვიან მივიღეთ ზოგი პასუხი, ჩვენც ცოტა მოგვიანებით მოგვიწია თბილისში ოფიციალური პირებისთვის მოწვევების გადაცემა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ დაინტერესებული ჩვენი რეგიონების გავითარებაში, აქაც არავინაა. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე. 

სვანეთი, არ მიწყინონ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი რეგიონია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქნება ყოველთვის, სვანეთისთვის თვითმმართველობა და ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რომელიც გაჟღერდება ამ სასახლეში, რამეთუ რეგიონების თვითმმართველობა, ჯერ ჩვენთან არ არის რეალურად განვითარებული. ქაღალდზე არის, მაგრამ გაცოცხლებული თვითმმართველობა არ გაქვს, იმ მხრივ, რომ რეგიონებს არ აქვთ იმ გადაწყევტილებების მიღების უფლება, რომელიც ქმნის რეალურ თვითმმართველობას - ფინანსური თვითმმართველობა და დამოუკიდებელობა და საშუალება, რომ  მიიღოს გადაწყევტილებები როგორ დაიხარჯოს ეს თანხები, ეს არის თვითმმართველობის ღერძი და ჯერ არ ვართ აქ მისული. ამაზე დისკუსია ძალიან საინტერესო იქნება.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი სვანეთის მემკვიდრეობაში ეს არის მათი სამართალი, რაც არ ვიცით ისე კარგად, როგორც უნდა ვიცოდეთ. იმ დროს, როცა ძალიან ბევრი საუბარია როგორ უნდა გადადგას საქართველომ რეფორმის ნაბიჯები, რომელიც ახლოს ევროპულ სამართალთან მიგვიყვანს და ამ დროს, ჩვენ ისეთი ტრადიციები გვაქვს, რომლებიც თავის დროზე ევროპაში არ არსებობდა, ჩვენთან კი უკვე იყო დამკვიდრებული. მაგალითად, მედიატორის ინსტიტუტი, ამაზეც გვექნება საუბრები. მე მგონი, ეს ყველასთვის ძალიან საინტერესო იქნება.

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, როცა მივდივართ ევროპის გზაზე და სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს. როცა მივდივართ ამ გზაზე, უნდა წავიდეთ ჩვენივე ბირთვით, გამოცდილებითა და ცოდნით - ეს გზაში არ უნდა დაგვეკარგოს. 

კულტურაში სვანეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად იყო ჩვენი საგანძურის დამცველი და ძალიან სერიოზული თავისივე კულტურის შემქმნელი. ამ ორივე კუთხით, უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვრიჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი ტურისტული და კულტურული რეგიონი გახდა. 

ეს მხოლოდ მთა არ არის, ეს მთა და კულტურა ერთადაა, რაც ძალიან იშვიათია. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად ასეთი განვითარებული, ადგილობირივი კულტურა იყოს და ამას კიდევ ერთხელ ემატება ის, რომ ჩვენი დიდი საგანძურის ნაწილი ნამდვილად იქაა შემორჩენილი და გადარჩენილი. 

სვანური ენა - დღევანდელ მსოფლიოში, დღევნადელ ევროპაში, როცა ხარ ქვეყანა, რომელსაც ასეთი სიმდიდრე გაგაჩნია, რასაც სვანური, მეგრული, აფხაზური ენა ჰქვია, უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი არ შევინარჩუნოთ, არ გავიტანოთ გარეთ და მსოფილიოს არ ვაჩვენოთ, ენები, რომლებიც ოდიდან მოდის და რომელიც ნამდვილად ჩვენი ძალიან დიდი სიმდიდრეა. პირველ რიგში, ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ და მერე ყველა ის ზომა უნდა მივიღოთ, რაც ამ ენებს დაიცავს, განავითარებს და ჩვენ შემდეგ თაობებს დაუტოვებს. 

ეკონომიკა - როცა სვანეთზე ვსაუბრობთ მხოლოდ წარსულზე და მის მნიშვნელობაზე არ შეიძლება ვისაუბროთ. ეს საქართველსოთვის მომავლის რეგიონია, რამეთუ იქ ჩვენი მთავარი სიმდიდრეა. ბევრი რესურსი არ გაგვაჩნია, მაგრამ ჰიდრორესურსები ძირითადად სვანეთთანაა დაკავშირებული და დღეს თუ ვინმემ არ გაიგო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებულია ჩვენს ენერგოდამოკიდებულებაზე, იმან ვერაფერი ვერ გაიგო დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობისა და იმისა, რა ხდება დღეს მსოფლიოში.

ბევრმა ქვეყანამ გვიან, მაგრამ უკვე გაიგო და ჩვენ ეს მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, რომ ის მოძრაობები, რაც არსებობდა, რომელიც ამ განვითარებას ხელს უშლიდა, ეს ყველაფერი დისკუსიისა და ინფორმაციის საგანია. გასაგებია, რომ მოსახლეობის მოსაზრებები და ბუნების დაცვა უნდა იყოს გათვალისიწინებული, მაგრამ არანაკლებ ვიდრე, ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის დამოუკიდებლობა. ენერგორესურსები სამომავლო, ეკონომიკური, ძალიან დიდი პოტენციალია. 

უზარმაზარი პოტენციალია ასევე, სამთო-სათხილამურო მიმართულება და ალპინიზმი. მე, როგორც გიორგი ნიკოლაძეს ოჯახის წევრს, არ შეიძლება არ გავიხსენო, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ალპინიზმს, რამდენად სჭირდება ამ დარგს მხარდაჭერა და განვითარება.

სვანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რეგიონია, სადაც ყველაფერია -  კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ბუნება და ასე შემდეგ. 

და არ შეიძლება, არ ვახსენოთ, სხვა ბუნებრივი რესურსები, პირველ რიგში, ტყე, რომელიც ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი დასაცავია ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება. 

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტყის რესრუსრსი და დიდი წილი სწორედ სვანეთს უკავშრდება. ეხლა მოდის საშობაო პერიოდი და უცხოეთში მილიონობით იყიდება ჩვენი ნაძვის ხე, რომელიც სვანეთიდან და რაჭიდან მოდის - ნორდმანი. მთელი ევროპა მოცულია ამ ნორდმანის ჯიშის ხეებით. ძალიან ძვირადღირებულია და ჩვენ რატომღაც, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი პოტენციალია. 

სასახლეში იქნება გამოფენები, სვანეთიდან ჩამოსული გუნდის კონცერტი, თეატრალური  წარმოდგენა.

,,სვანეთის დღეები“ პირველი მცდელობაა და ეს ყველაფერი სხვადასხვა რეგიონების მოპატიჟებით მომავალ წელსაც გაგრძელდება. იმედი მაქვს, რომ მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიული იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს სასახლე ყველასია. ამას ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ. 

ეს არ არის ჩემი, ეს არ არის ჩემთან დაკავშირებული და თუ მე ვიღაცებისთვის უხერხული ვარ, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი თავისუფალი, ღია ადგილი და ასეთად უნდა დარჩეს.