პრეზიდენტის მიმართვა

მოგესალმებით, დღეს პირველი სექტემბერია. ეს შემოდგომა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება და ყველას ჩართულობას მოითხოვს.

ყველას კარგად გახსოვთ თუნდაც ,,ნაცებისმიერ ჩემი შეურაცხყოფის ძალიან ბევრი მაგალითი, ან დღესაც, ვიღაც სამეულების თუ ოთხეულების განცხადებები, პირადად მე, სულ მუდამ ვემიჯნებოდი და ვერიდებოდი იმას, რომ რამე ფორმით ჩავრთულიყავი რაღაც პოლემიკაში, რომელიც პინგ პონგის ფორმას მიიღებდა. ერთი მხრივ, მგონია, რომ პრეზიდენტს არ ეკადრება და მეორე მხრივ, მიუღებელია, რადგან თავისთავად პოლარიზაციას აღვივებს.

ჩემი მოწოდება პირველივე დღიდან იყო და დღესაც რჩება ის, რომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს პოლარიზაცია, რაც ევროკავშირის რეკომენდაციების ის პუნქტია, რომელიც ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ.

ასე რომ, ჩემი დღევანდელი გამოსვლა არ იკითხება როგორც რაიმე პოლემიკაში ჩართვა, მაგრამ ამავე დროს, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს ევალება გარკვეულ საკითხებზე თავისი პოზიციის გამოხატვა, რათა საზოგადოებამ გაიგოს - რატომ მიიღო პრეზიდენტმა ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამიტომ რამდენიმე კონკრეტულ საკითხზე გეტყვით - რატომ მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება.

ეს ეხება, პირველ რიგში, ძალიან გახმაურებულ საქმეს, ჩვენს ყოფილ ელჩს ამერიკაში, და დღეს უკვე გაეროში ჩვენს მუდმივ წარმომადგენელს, სადაც მე, მისი ხუთწლიანი საქმიანობის შესახებ ჩემი პროფესიონალური პოზიცია გამოვთქვი. ეს არგუმენტები მე არასაჯაროდ წარვადგინე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პრემიერთან კონსულტაციების კონფიდენციალურ ფორმატში, წარვუდგინე მათ ეს არგუმენტაცია როგორც საჭიროა, ნებისმიერი ელჩის დანიშვნის დროს კონსულტაციისას, რაც გათვალისწინებულია ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს [ელჩების კანდიდატურები] ეს წარდგენა უნდა იყოს კონფიდენციალური (ეს შედის კონფიდენციალური ტექსტების ნუსხაში), და შემდეგ, როცა დასრულდება კონსულტაცია, მოდის ოფიციალური წარდგენა, რომელიც მომივიდა და რომელსაც მე ხელი მოვაწერე. ხელი მოვაწერე არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დამაძალა, რომ რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ რომ (აქამდე, სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და მთავრდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ) ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი. [პროცესის] შეფერხება არ უნდა მოხდეს და მით უმეტეს, გაეროს შემთხვევაში, როცა სამ კვირაში გენასამბლეა იმართება და ჩვენი ქვეყნის ინტერესი ნამდვილად არ არის რომ, როცა გენასამბლეაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული, იმ მომენტში, იქ, არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება, რომელსაც ასევე, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეეწყო დეპოლარიზაციისთვის, ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს, ჰოი, საოცრებავ, მივიღე შვიდი წარდგენა ისე, რომ არცერთი კონსულტაცია და კონსულტაციების ის საიდუმლო ნაწილი არ ჩატარებულა და მაგიდაზე დამიდეს ეს შვიდი წარდგენა, რომელიც, მე ვიტყოდი, ხელისუფლების მხრიდან ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ერთგვარი პასუხია.

და მე მგონი, უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია და მართლაც საჭიროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ტექსტები, განიხილოს არსებული პრაქტიკა და ის კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც გვაქვს და რაც ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, მით უმეტეს, ამ დარგში. ამიტომ საკონსტიტუციომ თავისი თქვას - მე ამას მოუთმენლად ველოდები.

მეორე საკითხი ეხება ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ჩემს მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურას. აქაც ხაზგასმით ვამბობ, რომ მე ადამიანებზე არანაირი პერსონალური შეფასება არ მაქვს. მაქვს პროფესიონალური შეფასება და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის პროფესიონალიზმზე ჩემი შეფასება იყო და არის ძალიან პოზიტიური - ეს საჯაროდაც ვთქვი. ამას დაეთანხმნენ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლებიც. ის არჩევნები სრულყოფილად ჩატარებული არჩევნები იყო და მან ამ კუთხით სრულიად შეასრულა თავისი ვალდებულება. ამდენად, მე ეს ადამიანი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ორჯერ წარვადგინე და რადგანაც მან ვერ მიიღო 2/3 ხმების, გადავწყვიტე მესამედ არ წარმედგინა და პარლამენტში შემეტანა კომისიის მიერ კონკურსის წესით შერჩეული ახალი კანდიდატები, იმ იმედით, რომ რომელიმე მათგანი მოაგროვებს ხმების 2/3-, რაცაა ევროკავშირის მოთხოვნა, სწორედ, იმ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე. ამ საკითხებში რას გვთხოვს ევროპა, რომ მაქსიმალურად ეცადეთ, მონახოთ მაღალი ლეგიტიმურობის მქონე და რაღაც ფორმით კონსენსუსის მატარებელი კანდიდატები, სწორედ ესაა დეპოლარიზაცია და ეს ეხება როგორც ცესკო- თავმჯდომარეს, ასევე სხვა თანამდებობებს, მაგალითად, სახალხო დამცველს.

მე არანაირი როლი არ მაქვს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, მაგრამ აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის მოთხოვნების სულისკვეთებას თუ მივყვებით, თუ ეს გვაინტერესებს და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვთხოვენ მეტ სოლიდარობას, მეტ კონსენსუსს, იმ ადამიანების ერთად შერჩევას, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ამ ძალიან საპასუხისმგებლო ადგილებზე. მხოლოდ ეს იყო და არანაირი პოლიტიკური, ან პერსონალური ხედვა არ მქონია, როცა კომისიის შერჩეული კანდიდატები წარვადგინე და არა უკვე მოქმედი თავმჯდომარე მესამეჯერ.

კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი საკითხი - ვეტო, რომელიც მოსმენების კანონში ცვლილებებს დავადე. რატომ? მე აქამდე ძალიან ფრთხილად ვეკიდებოდი ვეტოს საკითხს. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება პრეზიდენტი ვეტოს ხმარობდეს ისეთი მარტივი ფორმით, რაც გააუფასურებს ამ ბერკეტს, (თუ ამას ბერკეტს დავარქმევთ) რადგან ისიც ვიცით, რომ დღევანდელ პირობებში, ვეტოს დაძლევა გარანტირებულია (და ასე იყო მთელი ჩემი მანდატის პირველი სამი წლის განმავლობაში), ვეტოს დაძლევის ბერკეტი უმრავლესობის ხელშია, მაგრამ არის საკითხები, როცა ვეტო ძალიან მაღალ პოლიტიკურ ნიშანს ატარებს. პოლიტიკური, არა როგორც აქ ხშირად ესმით - პოლიტიზირებული, არამედ პოლიტიკური, რადგან ეს ეხება სისტემას და რა თუ არა მოსმენები ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას.

ეს გამყოფი ხაზია - ჩვენ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობაში ვართ, თუ გადავდივართ მართლაც ევროპულ სისტემაში? დაცულია თუ არა მოსმენებისგან ჩემი პირადი ცხოვრება? ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა, როცა სადმე შევდივართ და საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ? და მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ: ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ.

მაგრამ ეს არ არის ევროპული ცხოვრება! ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა! ეს სხვა სისტემაა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ! და სწორედ ამის თქმა მინდოდა ამ ვეტოთი, რომ მოსმენების ამ ფორმით გაფართოებაში შეიძლება იყოს რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რომლითაც მიღებული იყო ეს ცვლილებები - არადასაბუთებული, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული ამ კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს არის მხოლოდ ძალაუფლების გამყარებისთვის მიღებული ცვლილებები, რომ მოსმენები კიდევ ერთხელ, (როგორც ამ ქვეყანაში ვართ მიჩვეული) ძალაუფლების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი გახდეს.

და ეს არ შეიძლება! არ შეიძლება იმ მომენტში, როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ რამდენიმე თვეში მივდივართ კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის და მივდივართ ევროპისკენ?! თუ მივდივართ უნდა წავიდეთ! თუ არ მივდივართ, მაშინ უნდა ითქვას. ვეტოთი ითქვა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადავწყვიტოთ, საითკენ ვართ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვენეციის კომისიამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა და თუ ჩემზე შეიძლება ითქვას, რომ არაკომპეტენტური ვარ, მე მგონი, რომ ცოტა არ იყოს უხერხულია ზოგიერთებისთვის, როცა ვენეციის კომისიას აბრალებენ არაკომპეტენურობას, მით უმეტეს, ისინი, რომლებიც სხვა დროს და სხვა სიტუაციებში სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნებს იშველიებდნენ. ასე რომ, ცოტა სერიოზულობაც გვმართებს, მით უმეტეს, ამ ურთიერთობებში, იმ დროს, როცა კიდევ ერთხელ, ვიღწვით (ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი დეკლარირებული მიზანი) ევროპისკენ და კანდიდატობის სტატუსისკენ. სწორედ ამას მინდა ახლა დავუბრუნდე. რა ხდება ახლა? ეს სამი კონკრეტული საკითხი აგიხსნათ, რათა საჭიროდ ვთვლიდი ნათელი მომეფინა ამ საკითხებისთვის.

ახლა გადავიდეთ იმაზე თუ რა დღეში ვართ და საით მივდივართ. ახლა იწყება ძალიან სერიოზული მომენტი. ერთ კვირაში ჩატარდება ასოცირების საბჭო, სადაც როგორც სჩვევია, პრემიერია მიწვეული და ეს ზაფხულის რეკომენდაციების მერე, პირველი ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვა ხაზი, რომ ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ ხელისუფლებიდან, მთავრობიდან არავინ ჩასულა ბრიუსელში იმისთვის, რომ ამ 12 რეკომენდაციაზე რაღაც პირველადი გასაუბრება მაინც მომხდარიყო, რადგან შეიძლება ყველაფერი არ იყოს იმ ფორმით მისაღები, შეიძლება რაღაც გადასახედია.

ჯერჯერობით, ეს რეკომენდაციები იმ კონდიციაშია, რაშიც იყო. ყველაფერზე ყოველთვის შეიძლება მოლაპარაკებების ჩატარება. ეს იქნება პირველი საშუალება, რომ რაიმე სერიოზული საუბარი შედგეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და არ შეიძლება, რომ ეს მომენტი დაიკარგოს. აქ პრემიერისთვის, მთავრობისთვის და უმრავლესობისთვის გადასადგმელი ნაბიჯები ძალიან ნათელია.

პირველ რიგში, (და ეს დიდ აუცილებლობას წარმოადგენს), პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცეებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან.

არ შეიძლება, რომ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ (ევროპულ) პერსპექტივას, შემდგომ კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროპის კომისიას, ხან ვაბრალებდეთ სხვადასხვა ევროპელებს, ან სხვადასხვა პარტნიორებს, რომ ვითომ მათ ჩვენი რაღაც ომში ჩართვა უნდათ და ესაა მათი მიზანი.

ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი - არავის არ უნდა ჩვენი ომში ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც მე მგონი, საბჭოთა პროპაგანდის დასრულების შემდეგ, არავის სმენია. ცოტა გონზე მოვიდეთ და არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება... არ ვიცი, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით საზოგადოებას რამენაირად შეუცვლის აზრს... აქ საჭიროა, რომ ყველა ეჭვი, რაც ამ ყველაფრის გამო, ჩვენს მიმართ შეიქმნა - სანქციებზე რაღაც არასწორი ნათქვამები, რაღაც ომის თემა, რომელიც ყველასთვის, ვინც გარედან გვიყურებს ძალიან გაუგებარია - ეს ყველაფერი გაიფანტოს, გაიფანტოს ეს ტყუილები, ეს ეჭვები - ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რეპუტაციაზე, ჩვენს მიმართ ნდობაზე უარყოფითად ახდენს გავლენას. ეს ერთია, რაც პრემიერს ევალება, როცა ბრიუსელში ჩავა და რისი მოწმეც ყველანი უნდა ვიყოთ.

მეორე, რაც მას ევალება, ეს გეგმის წარდგენაა. უკვე აღარ არის კალენდრების დრო (იმას გავაკეთებთ... ამას გავაკეთებთ). რა გეგმით ვასრულებთ ამ 12 რეკომენდაციას, თუ რეკომენდაციების რაღაც მთავარ ნაწილს. როგორ ვაჩენთ ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მართლაც მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს მან იქ ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებს, დაინახონ რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე, სხვა ალტერნატივა არ არსებობს!

და მესამე - ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდეგ, 3 კვირაში იმართება გაეროს გენერალური ასამბლეა. როგორც ჩანს პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო - ასეც იყოს თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ყველა ის ეჭვი უნდა გავფანტოთ რაც ჩვენს მიმართ შეიქმნა: ვიცით ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა, თუ არ ვიცით?! და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი ომში ან ბრძოლაშია. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ მორალურად მის გვერდით უნდა იდგე. სხვას  არაფერს არავინ გვთხოვს - არც დამატებით სანქციებს (ესეც ტყუილია), არც ჩვენს ჩართვას რამეში. მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას და ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების მანძილზე იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, გაეროში რადგან იქ სხვა თემა არ იქნება. ოკუპაცია, ომი და ყველა ქვეყანა თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავს.

ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების ნაწილია, რომელიც ცივილიზებული, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ნაწილია, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ.

ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა ყველას აკისრია, ოპოზიციაც უნდა გამოვიდეს თავისი რაღაც გაუგებარი ბოიკოტიდან, რადგან პასუხისმგებლობა ყველასია, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია, ხელისუფლებისაა და მოსახლეობასაზოგადოება და მეც პირადად, ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს!