საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტი - ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს!

საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის ერთობლივი განცხადებები:

საქართველოს პრეზიდენტი:

მივესალმები ევროპარლამენტარების დელეგაციას და მის თავმჯდომარეს, 

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ ვიზიტისთვის. 

ეს ვიზიტი იმართება დღეს, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, რომლიც ჩვენი ევროპული მომავლისთვის შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჩვენთვის, ალბათ, ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს დელეგაცია საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რაც ხაზს უსვამს ასევე, დღევანდელ მსოფლიოში რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას.

საქართველო და ევროკავშირი - ჩვენ უნდა გვესმოდეს (და ეს ალბათ, მთავარია ამ ქვეყნისთვის), რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მიერ მოგვენიჭა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი და უკან დახევა არ იქნება, მაგრამ ეს ჩვენგან მოითხოვს, ვიყოთ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსნი.
 
მეორე მხრივ, უახლოესი მომავლისთვის შეიძლება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმ მთავარი რეკომენდაციების 12 პუნქტს, რომელზე მუშაობაც უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი, ბრიუსელში. მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენელები წავლენ ბრიუსელში, რათა კომისიასთან გაარკვიონ დეტალები: როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი. 

მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვის მოვაწერე ხელი განცხადებას, რომ შედგეს საზაფხულო სესია. როცა ჩვენ 6 თვე გვაქვს, სრულიად გაუგებარია, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა და მე მგონი, ეს გაუგებარია ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვისაც.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის, პლენარული სხდომის, ან კომიტეტების ფორმატში და ასევე, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას. ყველგან უნდა ვიმუშაოთ! ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს! იმაზე უარის თქვა და ამაზე კი - ასე არ გამოვა, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს. მხოლოდ ერთად მუშაობა. იმის გარკვევა რაში ვეთანხმებით და არ ვეთანხმებით ერთმანეთს ეს ცალ-ცალკე არ ხდება. ეს ყველასთვის ძალიან მარტივად გასაგებია. 

ეს, პირველ რიგში, უმრავლესობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან მთავარი ბერკეტები პარლამენტში, თუ მთავრობაში უმრავლესობის ხელშია. მათ ხელშია ამ კანდიდატობის [სტატუსის] მიღწევა. ამას ასევე, კონსტრუქციული ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპონირებას, მაგრამ კიდევ ერთხელ, მთავარი პასუხისმგებლობა (და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ), ხელისუფლებაზეა.

ამისთვის საჭიროა, ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილიდან, რომელიც არამხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც არის. ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგპონგი. მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს - პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში გადავიყვანოთ. მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება ითქვას. 

არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს. ეს მიუღებელია! არ შეიძლება, ამ პირობებში, დავიწყოთ რამე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე.

დევიდ მაკალისტერი:

ქალბატონო პრეზიდენტო,

ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დელეგაციის მასპინძლობისათვის. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა თქვენთან ერთად განგვეხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ამჟამად ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ამ შესანიშნავი ქვეყნის წინაშეა. 

მე ვარ დევიდ მაკალისტერი. მაქვს პატივი წარმოვადგენდე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს და ასევე, ევროპარლამენტის ექვსკაციან დელეგაციას. ჩვენ მოხარულები ვართ რომ ვიმყოფებით საქართველოში. ჩვენი დელეგაციის წევრები არიან: ზელიანა ზოვკო, ტიერი მარიანი, ასიტა კანკო, ვიოლა ფონ კრამონი და რა თქმა უნდა, სვენ მიქსერი, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს იცავდა. საქართველოში ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ვიზიტის ნაწილია.

დღეს და ხვალ დატვირთული პროგრამა გვაქვს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან გვექნება მაღალი დონის შეხვედრები.
ჩვენ შევხვდებით პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს. მათ შორის პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. შევხდებით ,,ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, ჩვენს კოლეგებს საგარეო საქმეთა კომიტეტიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგელებს

რა თქმა უნდა, მთავარი სასაუბრო საკითხი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი იქნება. როგორც პრეზიდენტმა უკვე აღნიშნა, წინა თვეში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მართლაც ისტორიული გახლდათ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სათანადოდ არდაფასებული. ეს ქართველი ხალხის, მათი ქვეყნის ევროპული მომავლის მკაფიო მხარდაჭერისა და ქართული ინსტიტუტების მუშაობის აღიარებაა, რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროპის კავშირს. 

საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. თუმცა, ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას რიგი პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდაა გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში საქართველოს წევრობის აპლიკაციაში. 

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და კონსტრუქციულად იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის კანდიდატის [სტატუსის] მინიჭებაა. 

სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის თან ახლავს ამ საუბარს და ეს არის პოლარიზაცია. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო. ქვეყნის პოლიტიკური კურსი ხასიათდება მკაცრი რიტორიკითა და ერთად მუშაობის უუნარობით ან სურვილის არარსებობით, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყნისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეიცვლება. პოლიტიკური დაპირისპირება ხელს უშლის საქართველოს პროგრესს და კომისიის 12 პრიორიტეტის სია ამ სიტუაციისადმი ჩვენი შეშფოთების გამოხატულებაა. 

ევროკავშირი აქტიურად მოუწოდებს პოლიტიკურ მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ძირითადი რეფორმების გატარებით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი შარლ მიშელის ჩართვამ აჩვენა ჩვენი ერთგულება უმაღლეს დონზე. 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალინ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, როცა პოლიტიკურ პარტიებს ერთად მუშაობისკენ მოუწოდა იმ დაბრკოლებებიდან გამომდინარე, რომლებსაც საქართველო უნდა გაუმკლავდეს. 

ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის კრიტიკული მომენტია, რათა მკაფიოდ აჩვენონ მათი პოლიტიკური სურვილი განახორციელონ მათი ხალხის ევროპული ამბიცია. გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ 12 პრიორიტეტის განხორციელების გზაზე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მიმდინარეობს. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას საკუთარი გეგემები აქვთ, სამოქალაქო საზოგადოებამ ასევე წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები და იდეები. ეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათ საერთო მიზანს აჩვენებს. რაც ახლა გვჭირდება არის ის, რომ დავინახოთ ერთობლივი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება მიზნის მისაღწევად და არა დაყოფისკენ და ბრალდებებისკენ. დრო არ ითმენს. 

მინდა ევროპარლამენტის პოზიცია გავიმეორო, გაფართოება რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, რომელიც ეხება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, საბაზრო ეკონომიკასა და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობის იმპლემენტაციას. ეს პროცესი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს და არ ექვემდებარება ვაჭრობას. 

საქართველოს შეფასება გაგრძელდება მისი დამსახურებების შესაბამისად თუ როგორ წარმატებულად დააკმაყოფილებს ის კოპენჰაგენის კრიტერიუმებს ევროკავშირის კანდიდატურისთვის

ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას, რათა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს. პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა შეასრულონ ეს ლეგიტიმური სურვილები. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი ვიზიტით შევძლებთ ამ პროცესში გარკვეული იმპულსი შევქმნათ. 

ევროკავშირის ისტორია დაკავშირებულია მშვიდობისა და კეთილდღეობის მშენებლობასთან. ნობელის პრემიაც კი აქვს მიღებული 2012 წელს ჩვენი წვლილისთვის ევროპაში მშვიდობის, დემოკრატიულობისა და ადამიანის უფლებების განვითარებისთვის 6 ათწლეულის განმავლობაში, ამიტომაა, რომ მუდმივად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ძალისხმევა იყო ორიენტირებული მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების საშუალებით. ამიტომაა, რომ ხვალ ჩვენ ვესტუმრებით სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზს, რომელიც 2008 წელს საქართველოზე განხორციელებული რუსეთის აგრესიის მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების დაბრკოლებების ნათელი შეხსენებაა

დაბოლოს, საქართველომ გადაწყვიტა საკუთარი მომავალი -  სად უნდა იყოს. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზანი მის კონსტიტუციაშია ასახული და დიდი მხარდაჭერაც აქვს. ახლა დროა, საქართველომ დამაჯერებელი ნაბიჯები გადადგას ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტი, მოხარულები ვიქნებით მხარი დავუჭიროთ თქვენ ქვეყნას!

მადლობა!

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი - ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი, ასიტა კანკო
 
ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპარლამენტართა დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.