საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრეზიდენტის ბრიფინგი

ჩვენ გვიყვარს სიტყვები - ისტორიული დღეები, ისტორიული გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ნამდვილად ვდგავართ გზაგასაყარზე. ორ დღეში, ამ ბოლო წლების განმავლობაში,  ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასოცირებაც მნიშვნელოვანი იყო და ბევრი სხვაც, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მოსალოდნელი არ იყო, ეს შანსი ჩვენი ქვეყნისთვის გაჩნდა და დღეს მთავარი კითხვაა - შევძლებთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ თუ ხელიდან გავუშვებთ?

აღარ განვმეორდები, ვრცლად ვისაუბრე თუ რა მოხდა ამ ბოლო წელს და სად არის პასუხისმგებლობა, იმაზე თუ როგორ გადმოვინაცვლეთ ერთი წლის წინანდელი ტრიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან ბოლო რიგში და პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ვერ მივიღეთ (რამეთუ ჩვენ ჯერ ვართ რეკომენდაციებში და ორ დღეში იქნება მიღებული გადაწყვეტილება).  

დავანებოთ თავი, ერთი წელი რა ხდებოდა და რამ განაპირობა ის გადაწყვეტილება, რაც ალბათ ორ დღეში იქნება მიღებული. მნიშვნელოვანი ისაა, თუ ახლა რა ხდება, რას ვაკეთებთ ამ ბოლო დღეებში იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი ყველაზე პოზიტიურად წარმოვაჩინოთ და წარმატებული შედეგები მივიღოთ.   

ერთი მხრივ, მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა თავისი სათქმელი თქვას. საზოგადოება გამოვიდა, გამოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით, და მკაფიო გზავნილი გაუგზავნა ბრიუსელს, რომ ჩვენ - საზოგადოება, ყველა წლოვანების და ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანი აქ ერთად დგას და ამბობს ერთ რამეს - ჩვენ ვართ ევროპელები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირი თუ რამეს ანიჭებს მნიშვნელობას, ეს ადამიანების ნებაა, საზოგადოების ნება და მისი თავისუფალი გამოხატულება. ის რაც  ჩვენ  ორშაბათს ვნახეთ, ნამდვილად იყო ჩვენი საზოგადოების თავისუფალი ნების გამოხატულება და იყო ის რასაც გადავეჩვიეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც ევროპა გვთხოვს  - ერთიანობა, და ეს ჩვენთვის ნამდვილად უაღრესად მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე. მე სრულიად შეშფოთებული ვარ, იმისგან რაც დღეს პარლამენტში მოვისმინე. რაც პარლამენტში დავინახეთ, საწინააღმდეგოა იმის რაც საზოგადოებამ აჩვენა. საზოგადოებამ აჩვენა თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, , ყველაფერი რაც ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ შეიძლებოდა გვეჩვენებინა, დღეს ვაჩვენეთ.

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც, არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და გზავნილს გააგზავნიდა, რომ ‘ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არ გვინდა’ - აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით. ჩვენი პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როცა ელოდები, როგორც მინიმუმ მოგეთხოვება ორი რამ:

ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც ზოგადად ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება. მეორე, რომ გაიგო შენგან რას ელოდება პარტნიორების ის ყრილობა, რომელიც ზეგ  გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი ერთ მარტივ რამეს ელოდებოდნენ, ძალიან მარტივს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი ჩენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ერთად, არაპოლარიზებულად და არა დაპირისპირებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ რაცაა ჩვენს მიმართ გზავნილი -  თქვენ რადენიმე ნაბიჯს მაინც თუ გადადგამთ და პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენც მიიღებთ კანდიდატის სტატუსს.

ამ დროს ჩვენ რა გვესმის. მოსახლეობა, ვინც მოუსმინა, გაოგნებულია დღევანდელი დღით და მეც გაოგნებული ვარ. მინდა აქედან  სხვა გზავნილი ბრიუსელში გავაგზავნო, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ რის საქართველოს მოსახლეობის ნება. არ ვიცი ეს რას წარმოადგენს - ეს ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, ეს საგანგებოდ არის გაკეთებული? მე ამ ყველაფერზე პასუხი უკვე აღარ მაქვს. შემიძლია ერთადერთი რამ ვთქვა, რომ დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის არასამთავრობო სექტორის პლატფორმას შევხვდი, რომელიც  ევროკავშირში მიღებული პლატფორმაა (ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის) და მათთან ერთად შევთანხმდით, რომ ახლა დავსახავთ როგორი უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში როგორი უნდა იყოს მათი ჩართულობა, ჩემი ჩართულობა, რომ ჩვენ ერთგვარად ამ პროცესის ხელმძღვანელები ვიყოთ  ან ყოველ შემთხვევაში მონიტორინგი გავუწიოთ, რათა არ დავუშვათ, რომ კიდევ ერთხელ ამ ექვს თვეში ხელიდან გაგვაშვებინონ ის, რაც საქართველოს უზარმაზარი შანსია.

კიდევ ერთს ვიტყვი. დღეს მე ვეტო გამოვიყენე. თქვენ იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ცოტა არ იყოს ინსტიტუტისთვის არ ვარგა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვეტოს ვიყენებ კანონზე, რომელიც  მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას ეხება. ვიყენებ, რადგან ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ.

მე ვიცი, რომ  დაძლეული იქნება, შინაარსობრივად არ შეცვლის რამეს, მაგრამ ეს ასე იქნება და ყველა კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული - მე დავადებ ვეტოს და ავხსნი რატომ ვადებ ვეტოს. ეს უფრო პოლიტიკური ვეტოა, ვიდრე სამართლებრივი. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მეტი გარანტიები მივცეთ, უფრო დემოკრატიულები და უფრო ევროპულები ვიყოთ.

ეს არის ჩემი დღევანდელი სათქმელი.