,,არ შეიძლება არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაგრძელება - სწორედ აქედან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა"

ეროვნული თანხმობის პროცესი ევროინტეგრაციის ჭრილში, შეხვედრა ქუთაისის დრამატულ თაეტრში

დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის საშუალება მეძლევა. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებების მოსმენა ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით. აუცილებელია, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს.

აუცილებელია, რომ ჩვენ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ, რადგან ზემოდან სამოქალაქო საზოგადოება არ იქმნება. თქვენგან უნდა წამოვიდეს ეს და მე ვხედავ აქ ბევრ ახალგაზრდას და ეს თქვენი მოვალეობაა თქვენივე მომავლისთვის, რომ შექმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც შემდგომში ყველაფრისგან დამცველია.

უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, დემოკრატია, ეკონომიკის განვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რამდენად იარსებებს ყველა ეს მთავარი პრინციპები, რაც  დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოს ქმნის. თუ არ იარსებებს, მაშინ ყოველთვის იქნება რაღაც ჭიდილი.

საიდან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა? იქიდან, რომ არ შეიძლება დღეს არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაგრძელება. სამწუხაროდ, პოლარიზაცია მსოფლიოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, მაგრამ ჩვენთან ამან რაღაც ძალიან მახინჯი ფორმა მიიღო და პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზეც არ არის საშინელი დაპირისპირება და პოლარიზაცია, ლანძღვა-გინება. ეს არ არის დისკუსია და სხვადასხვა მოსაზრებების ერთმანეთთან შეჯერება, ეს პირდაპირ პერსონალური ლანძღვა და მეორის დისკრედიტაციაა და ეს არის სწორედ ის, რაც უნდა შეიცვალოს.

ჩვენ, საზოგადოება, შეთანხმებულნი არ ვართ არც წარსულზე, არც აწმყოზე და არც მომავალზე. პოლიტიკურ ელიტაში მომხდარი პროცესები გადმოდის საზოგადოებაზე და ძალიან გვამძიმებს ეს მდგომარეობა.

ჩვენ თუ ვერ მივაღწევთ იმას, რომ აუცილებელია, წარსულის რაღაც ნაწილზე ერთნაირი შეხედულების ჩამოყალიბება,(რადგან ერი არის ის, რომელსაც საერთო წარსული აქვს); თუ ჩვენ სხვანაირად ვკითხულობთ წარსულს; თუ ყველა ოჯახში წარსულის სხვა განცდა და წარმოდგენაა, მაშინ აწმყოსა და მომავალზეც სხვა წარმოდგენა გვექნება; მაშინ რა გვაერთიანებს?! რა ვართ?! ვინ ვართ?! მხოლოდ ტერიტორია, თუ ნამდვილი სახელმწიფო და საზოგადოება?

ეს კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია, რომლებსაც ჩვენ ყველა ჩვენს თავს უნდა ვუსვამდეთ. არ ვარგა ყველაფრის პოლიტიკურ პარტიებზე გადაბრალება, რადგან მართალია, ეს მათი დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს სხვა პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, რათა ეს არ დაუშვას ამ საზოგადოებაში.

ასევე, ამ დაპირისპირებაში და მისი ტონალობის აწევაში მედიის დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ აქაც, საზოგადოება იმიტომაა, რომ ეს უნდა გამოასწოროს, სხვა მოთხოვნა დააყენოს, მიჰყვეს თავის მოთხოვნებს და არა იმას, რაც გარედანაა წამოსული.

ბევრი კითხვა იყო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეროვნული თანხმობა, როგორ უნდა შეარიგოთ მხარეები და ასე შემდეგ. არავის შერიგებას არ ვაპირებ. ამის არც ძალა მაქვს და არც ბერკეტი. ან რატომ უნდა შევარიგო ვინმე ვინმესთან?! პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია რომელიმე პოლიტიკური ძალების შერიგება. შერიგება ეს სხვა მორალური განზომილებაა, რომელიც შეიძლება ეკლესიის პასუხისმგებლობა, ან პირადად ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობის ნაწილი იყოს.

აღნიშნულ საკითხში ჩემი როლის შესახებ სხვა ხედვა მაქვს. მინდა, თქვენგან გავიგო და მჯერა, რომ არსებობს, ის თემები, რომლებზეც ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვთანხმდებით.

ჩვენ უნდა მოვნახოთ, ის საფუძვლები, რაზეც დგას და იდგა ეს ქვეყანა. ჩვენ ხომ ვთანხმდებით დამოუკიდებლობაზე? - კი, ყველა ვთანხმდებით, დემოკრატიაზე? - ყველა ვთანხმდებით. შეიძლება ამ ცნებების სხვადასხვა გაგება გვქონდეს, მაგრამ ზოგადად ხომ ვიცით რას ნიშნავს ეს? ვთანხმდებით, რომ არ გვინდა არადემოკრატიული ქვეყანა დავუტოვოთ შემდეგ თაობას.

რაზე ვთანხმდებით კიდევ? ვთანმხდებით, რომ გვინდა ეკონომიკური განვითარება, არ გვინდა სიღარიბეში მყოფი ქვეყანა? ვთანხმდებით! ვთანხმდებით, რომ გვინდა კანონის უზენაესობა და სამართლიანობა? ვთანხმდებით!

რეალურად მოქალაქეებში, ბევრად მეტი გაგებაა იმ საფუძვლების შესახებ, რომლებზეც დგას ეს ქვეყანა. ანუ, სარკეში კი არ ვიყურებით, ვიყურებით რაღაც შექმნილ რეალობაში, რომელიც ძალიან ცუდი, არადამაიმედებელია და ამიტომაა ეს პესიმიზმი გლობალურად საზოგადოებაში. რაღაცნაირად მინდობილები ვართ იმაზე, რაც ხდება და არ გვგონია, რომ საზოგადოებას ამის შეცვლა შეგვიძლია. გვგონია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს, კიდევ ერთი მხსნელი, რომელიც ამას გადაწყვეტს და გააკეთებს. არ იქნება ეს ასე! ან ჩვენ შევძლებთ (და მე თქვენი ნაწილი ვარ), ან თუ ვერ შევძლებთ, (უნდა ვიცოდეთ, რომ) ამას სხვა ვერავინ გაგვიკეთებს - არც უცხოელი, არც ქართველი - ვიღაც ახალი ბელადი.

ამიტომ ძალიან ბევრი რეალური შესაძლებლობა არსებობს ამ ქვეყანაში და ვხედავთ ამას. ვხედავთ, რამდენად საინტერესოა სამომავლოდ ეს ქვეყანა, რამდენად იწვევს ინტერესს გარედან, მაგრამ ჩვენ იმ ადგილას უნდა ვიდგეთ, სადაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოვიწვევთ და უფრო ამ ინტერესის ღირსნი ვიქნებით, რადგან, ერთია რომ ინტერესი გააჩინო და მეორე, დაინახონ, რომ რეალურად არაფრის გამკეთებელი არ ხარ. ამ მდგომარეობაში ვართ დღეს.

უკრაინის ომმა დღეს სულ სხვაგვარი რეალობა გააჩინა. ეროვნული თანხმობის პროცესი უკრაინის ომამდე დავიწყეთ, მაგრამ დღეს ძირეულად შეიცვალა მსოფლიო. უკრაინის ომმა შეცვალა მთლიანად ევროპა და ევროპისკენ მიმავალი უკრაინის გზა, ჩვენი გზა და შეცვალა ზოგადად, ევროპის დამოკიდებულება სხვა ქვეყნების მიმართ, ყველაფერი ახლა, დღეს, ან გადაფიქრებული, ან გადაფიქრების პროცესშია.

(უკრაინის ომმა) დიდი ხნით შეცვალა რუსეთი. დღეს ვერ ვიტყვით, როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი, მაგრამ ფაქტია, რომ აღარ იქნება ის რუსეთი, რაც ამ ომამდე იყო, არ იქნება იგივე რუსეთი სხვების თვალში და თუ რამე გონება აქვთ, თავიანთ თვალშიც უნდა შეიცვალოს. რეალობა შეიცვლება - მათი რესურსები, მათი ძალა, სხვებისგან იმის დაჯერება, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ქვეყანა თუ არა. ეს ყველაფერი აღარ იქნება იგივე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

შეიცვალა ამერიკა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ მან დატოვა ავღანეთი, ტოვებს ევროპას და უკვე მხოლოდ და მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩინეთია მისი მთავარი პრიორიტეტი. დაბრუნდა ამერიკა ევროპაში. ის ძალიან მჭიდრო კავშირშია ევროპელებთან და მისთვისაც სრულად იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა.

დღეს ფინეთი ითხოვს ნატოში შესვლას. ვინ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინ, რომ ამას მოისურვებდა ფინეთი? ანუ ეს ჩვენ უნდა დავინახოთ იმისთვის, რომ ვნახოთ ჩვენ სად ვართ, რა რეალური შანსები არსებობს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ როცა, ჩაიკეტა რუსეთი და ჩაიკეტა ალბათ, კარგა ხნით.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი განწყობაა ევროპის ქვეყნებში, რომ ეს სანქციები არ მოიხსნება ხვალ-ზეგ. ამდენად, ჩვენი რეგიონი ხელახლა იძენს ძალიან სერიოზულ დანიშნულებას, როგორც ტრანზიტისა და ენერგეტიკისთვის, ასევე ბევრი სხვა კუთხითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიძენთ უფრო მეტ მნიშვნელობას. ეს არ ნიშნავს, რომ ასე იქნება თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორ უნდა ჩავდგეთ ამ როლში, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი მზადყოფნისათვის.

მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად და უნდა წარადგენდეს თავის მოთხოვნებს, ყველაფერს არ უნდა აკეთებდეს იმის მიხედვით, თუ რას იტყვის, ან არ იტყვის ან ხელისუფლება, ან ოპოზიცია. საზოგადოებას თავისი მიმართულება და გეზი უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და დავინახოთ სად არის საქართველო დღეს ამ მსოფლიოში.

დღეს ევროპული ინტეგრაციის გზა სულ სხვანაირად გვეჩვენება. გუშინ ვამბობდით, რომ 2024 წელს შევიტანდით განაცხადს კანდიდატობაზე და ისიც ცოტა ხელოვნური მიდგომა იყო - აი გავაკეთოთ და ვნახოთ. რეალურად, არ იყო ისეთი მომზადებული, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო. და ამის შემდეგ ალბათ, პასუხისათვის რამდენიმე წელი უნდა გველოდა.

დღეს კანდიდატობაზე განაცხადი შეტანილია. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ მათ მიმართ. უამისოდ ეს არ იქნებოდა, უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ ეს და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცბად გავხდით ღირსნი ამ ყველაფრის.

ეს მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით. მართალია, წლების განმავლობაში, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს, მათი დამსახურებაა და დღეს ამ გაცხადებულ კანდიდატობაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებში, და კვირებში. რა იქნება პასუხი, ამას მე ვერ გეტყვით. ესეც ნაწილობრივ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში, რამდენად ვაჩვენებთ ჩვენ საქართველოს არსებულ სახეს, რამდენად მზად ვიქნებით, ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში, რომ გახდეს ევროპული ამ მიმართულებებით: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება, ის სტანდარტები და წესები, რის გამოც მოგვწონს ევროპა.

ჩვენ რაღაცები შეიძლება ევროპაში არ მოგვწონდეს, მაგრამ იმ ეკონომიკური და სოციალური სტანდარტების, შრომის უსაფრთხოებისა და ბევრი სხვა რამისათვის, რაც გვინდა ევროპიდან - მზად უნდა ვიყოთ და ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენშიც. პირველ რიგში, მენტალობა. ჩვენი იდენტობა ჩვენი დასაცავია. არავის არაფერი თავს არ უნდა მოვახვევინოთ, თუმცა მზად უნდა ვიყოთ მთავარი პრინციპების შესასრულებლად.

ანუ აქ არის ძალიან სერიოზული ბალანსი, რომელიც ჩვენი დასაჭერია. არავინ არაფერს არ გვთხოვს ისეთს, რაც ჩვენ არ გვინდა. და რაც არ გვინდა, ის არ უნდა გავაკეთოთ, ამიტომ ეს არის ძალიან, ერთი მხრივ, მარტივი და დამოკიდებულია იმაზე რა და როგორი მომავალი გვინდა და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის.

მარტივია და ალბათ, საკმაოდ რთულიც, მაგრამ ეს არის ის მოცემულობა, რაშიც დღეს ვართ. შეიძლება ამ კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროპაში და მძიმე როცა ომი მიმდინარეობს, მაგრამ ამ ომმა და როგორც ხდება ხოლმე, კრიზისებმა იციან, რომ მთლიანად ცვლიან არსებულ რეალობას და მითუმეტეს, არსებული რეალობის შემაფერხებელი პუნქტები უცებ იცვლება, და ამ მხრივ, შეგვიძლია ოპტიმისტები ვიყოთ, მაგრამ ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენ ამისთვის  უნდა მოვემზადოთ, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

საჭიროა, ჩვენ ისეთი სახე ვაჩვენოთ, რომელიც არ გამოიხატება მხოლოდ დაპირისპირებასა და ერთი-მეორის დამცირებაში, თორემ ჩვენი პარტნიორები იფიქრებენ, რომ ჯერ თავიანთ თავში მოაგვარონ საკითხები, რომლებიც ვერ მოუგვარებიათ და მერე ვიფიქროთ მათ ადგილზე ჩვენს სხვადასხვა გაერთიანებებში.

აქ მოვედი, რომ მე თქვენ და თქვენ ერთმანეთს მოუსმინოთ. ასეთი საუბრისა და დისკუსიის სივრცეები სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა, არ არსებობს. მეც მეუბნებოდნენ, რომ არ მოვიდოდა ხალხი. მე ვამბობდი, რომ მოვიდოდა, რადგან დღეს ერთმანეთთან საუბრის მოთხოვნა არსებობს.

იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი, რომ შევძლებთ ამ საუბრების გავრცობას და ეს მხოლოდ ჩემზე არ შეიძლება იყოს დამოკიდებული. არ შეიძლება, რომ დაელოდოთ პრეზიდენტის ჩამოსვლას, რომ გავხსნათ ასეთი საუბრები. თქვენგან უნდა წამოვიდეს ასეთი სამოქალაქო საუბრების თვითორგანიზება.

ქუთაისი ის ქალაქია, სადაც ყველანაირი ინტელექტუალური რესურსი და შესაძლებლობა არსებობს, ორი უზარმაზარი უნივერსიტეტია და შეგიძლიათ, ეს თქვენით დაიწყოთ და გააგრძელოთ და ეს მხოლოდ სტუდენტებს არ ეხებათ.

დიდი მადლობა!