გილოცავთ სახელმწიფო ენის დღეს!
სახელმწიფო ენის დღე ეკუთვნის იმ უმნიშვნელოვანეს თარიღებს, რითაც საქართველომ შეძლო საკუთარი მეობის შენარჩუნება, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და გაძლიერება, რითაც დღემდე მოვიდა.
შეიძლება ითქვას, რომ 1978 წლის 14 აპრილით იწყება ჩვენი მსვლელობა საბჭოთა ოკუპაციისგან დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მისაღწევად.
კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსის დაცვა და არდათმობა, რომელმაც შვა ეროვნული მოძრაობა, უტოლდება სხვა ისტორიულ თარიღებს და გამარჯვებებს: 1917 წელს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, 1918 წლის და 1991 წლის დამოუკიდებლობის აქტის მიღებას!
ამ გამარჯვებებზე დგას დღესაც ჩვენი სახელმწიფო!
ორასოცდაერთი წელი კი ეცადა რუსეთი, საქართველოსთვის წაერთმია სახელმწიფოც, ენაც და დამოუკიდებლობაც. თუმცა, მიუხედავად რუსიფიკაციასთან უთანასწორო ბრძოლისა, საქართველომ შეძლო დამოუკიდებლობასთან ერთად, გადაერჩინა თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა, შეენარჩუნებინა 3 ქართული ანბანი და ამავე დროს, მოეხდინა ქართული ენის მოდერნიზაცია.
ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში აგრძელებს. რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქართველებს კი, ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება.
ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციითაა განსაზღრული, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და მათი გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და უნიკალურ სიმდიდრეს წარმოადგენენ. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურის არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ.
დედაენის დღეს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ სწორედ რუსუფიკაციის ორასწლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიური ოჯახის ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ეს როცა კავკასია თავისი ენობრივი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს, არაბები კი მას „ენათა მთას“ უწოდებდნენ. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს.
45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართულმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა, დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, და იბრძვის საკუთარი ენისათვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ!