ევროკავშირისგან კითხვარის მიღება - ,,თუ რამეს ჰქვია ეროვნული, სწორედ ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი"

მოგესალმებით,

დიდი მადლობა მობრძანებისთვის.

დღეს საქართველოს ისტორიაში ნამდვილად ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც, ალბათ რამდენიმე წელი არ ველოდით, ეს არის არაჩვეულებრივი, ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამისთვის, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, თვით ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კომისიას და ევროპულ საბჭოს უნდა ვუმადლოდეთ, მაგრამ, ალბათ, ამას კიდევ უფრო უკრაინას და უკრაინის ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ. უკრაინის ეს თავდადებული ბრძოლა რომ არ ყოფილიყო, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, ან ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე ამას ვერავინ ვერ იტყოდა.

ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე  ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს ბრიუსელში ყოფნისას გავიგე, რაც შემდეგ  რეალობაში გადავიდა და დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და მასზე კი და არას პასუხი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დღეს ჩვენ ყველანი ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ ან შევძლებთ ან ვერ შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული და არავინ სხვაზე.  

ამიტომ, ყველა ძალა ამისთვის უნდა იყოს მობილიზებული. ეს ის საკითხია, რომელიც რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით ვერ გადაწყდება. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, სწორედ ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. და მე არ წარმომიდგენია, რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც პირველი დამოუკიდებლობიდან  ჩვენი წინაპრებიც კი ოცნებობდნენ, ჩვენ ყველანი არ ვიყოთ გაერთიანებულნი. იქნება ეს მთლიანად საქართველოს  მოსახლეობა, რომელიც გაერთიანებულია ამ საკითხის ირგვლივ, თუ მთლიანად პოლიტიკური სპექტრი, იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა,  მეორეს ვინ რას აბრალებს ან არ აბრალებს. აქ ნამდვილად ჩვენი მომავალია სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში, რაც მოცემულია იმისთვის, რომ ჩვენ ამ კითხვარს ვუპასუხოთ.

ეს კითხვარი ეხება საქართველოს, როგორ არის ის დღეს, რა პრობლემები და მიღწევები არსებობს. ეს არის შედეგი, რეალურად გუშინწინ ვიყავით აქ შეკრებილნი 9 აპრილს სახელმწიფოებრიობის კუთხით ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან დღეს -  დამოუკიდებლობის აქტის კიდევ ერთხელ გახსენების დღე. ეს 31 წელი იმისთვის იყო, რომ ამ დღემდე მოვსულიყავით და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ არა მხოლოდ სრული სერიოზულობით, არამედ სრული ერთსულოვნებითაც. ვინც ამის ირგვლივ გაერთიანებული არაა, ის საქართველოს ირგვლივ არაა გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ, მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქში თუ სოფელში, მოსახლეობას, პოლიტიკური პარტიებს, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ამ მიზნის ირგვლივ ეროვნული თანხმობა, ეს არის ეროვნული ინტერესი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

ძალიან დიდი მადლობა!