საქართველოს პრეზიდენტის პირველი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ცნობილია, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, თუმცა იმისათვის, რომ პრეზიდენტის მხრიდან მოხდეს ინიციატივების, ქველმოქმედების და ნოვაციის ხელშეწყობა და  აღნიშნული ქმედებების წახალისება, უნდა გამოინახოს ახალი ფორმები, რომლის იურიდიულ ასპექტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

"მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნოთ ფორმა და კერძო საწყისზე, საზოგადოებრივი პირების დახმარებით, შეიქმნას ფონდი, რომელშიც მე, პირველ რიგში, და იმედია, რომ სხვებიც მომბაძავენ, გადავრიცხავ ჩემს საპრეზიდენტო ხელფასს, რადგან ჩემთვის სრულებით საკმარისია საფრანგეთის დაგროვებითი პენსია, რომელსაც უკვე ვიღებ. შემიძლია, ჩემი პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საქმეებს, რასაც ერთად გადავწყვეტთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც ცილისწამების შესახებ კანონმდებლობას ეხება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აღნიშნულ თემაზე ფართო დისკუსია გამართოს. მისი განცხადებით, პრეზიდენტს კონსტიტუციით საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება, ჰქონდეს მორალური ინიციატივა, წამოსწიოს რომელიმე თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას, საზოგადოებას.

"აუცილებელია, დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილია რაღაც დაპირისპირებაში, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ეს საკითხი უკვე გადაწყვიტეს. ამის მაგალითია საფრანგეთი, რომელმაც საარჩევნო პერიოდში მიიღო კანონი ცილისწამების წინააღმდეგ და საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც  ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომლებიც ასახულია ადამიანის უფლებების დეკლარაციაში.

დღეს სოციალური ქსელები, ქმნის იმ ფონს, სადაც პასუხისმგებლობის განცდა ნაკლებია. როდესაც მხოლოდ მედიაზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ მედიას აქვს თავისი ქცევის წესები და ამდენად, უფრო დაცულია მოქალაქე, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ქსელებთან, რომელიც ზოგჯერ ანონიმურია, ზოჯერ სხვა ქვეყნის მიერაა მართული საჭიროა, ვიფიქროთ ამ მიმართულებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საგარეო პრიორიტეტების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება საქართველო უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე ყველა მიმართულებით.

"არის რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია უფრო აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი. ერთ-ერთი გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხებია. ამის გარდა, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ ვნახოთ როგორ შეიძლება ამ მისიამ უფრო მეტი უსაფრთხოება მოუტანოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ეს იქნება ერთ-ერთი თემა ბრიუსელსა და ევროკავშირში დაგეგმილი შეხვედრებისას.

ასევე პრიორიტეტია ევროკავშირთან უფრო აქტიური ურთიერთობა, მისი წევრობისკენ მიმართული ყველა ნაბიჯი და ამ პერიოდში, ამ ურთიერთობის უამრავი კომპონენტით შევსება. ასევე მისახედია ვიზების საკითხი. ის სტატისტიკა, რაც გვაქვს არ არის მთლად სახარბიელო, თუმცა, საფრთხე არ არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი და ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ალიანსთან ერთად მზადდება მისი ვიზიტი ავღანეთში, თუმცა, ვიზიტის დაზუსტებული თარიღის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას და აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, არ შეიძლება, რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი.

"უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია, რადგან კარგად ვიცით და გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. ჩვენთან ეს იყო  დამოუკიდებლობის საწინდარი. ეს არის ჩვენი ისტორიული გზა, სადაც საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესია იყო წინა პლანზე და ეკლესია ქმნიდა სახელმწიფოს სიძლიერეს, დამოუკიდებლობასა და ყველა მხრივ მისი განვითარების საწინდარს.

ეს არ არის ალბათ უკრაინის ისტორიული გამოცდილება, სხვანაირი ქვეყნები ვართ და არ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, მაგრამ ეს მნიშვნელობა ყველასთვის არსებობს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მიმელოცა უკრაინის ხალხისთვის ავტოკეფალია, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, ჩემი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ მე დღეს ვსაუბრობ არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ჩემზე ნაკლებად არ იცის, რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნელოვანია. თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობენ, რაღაც შედეგების გამო, რომელზე ხაზგასმაც ახლა არ მინდა, მაგრამ ყველას გვესმის რას ეხება. არ შეიძლება, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვიყო ნაკლებად პასუხისმგებელი. მე არ მიმაჩნია, რომ მაქვს უფლება ავიღო ეს პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ.

არ მინდა დავაკონკრეტო გარკვეული მიზეზები, მაგრამ ყველამ ვიცით, რა საფრთხეები შეიძლება, იყოს. ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ. მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ  გავამძაფრო არსებული სიტუაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა, რომელიც "მოსამართლეთა სიას" უკავშირდება.

"სასამართლო, სასამართლოს რეფორმა და სასამართლოს მიმართ ნდობა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედია. ჩვენი სასამართლო სისტემა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საწინდარია. სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების მხრიდან, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.

ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მეოთხე სტადიაზე და სწორედ ეს არის, რაც განაპირობებს ჩვენი შემდეგი თაობების მომავალს. არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი არ იყოს დიდი ყურადღებით ამ პროცესის მიმართ, თუ რა სისწრაფით იქნება შემოტანილი რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ განვითარდება და როგორ ეკიდება საზოგადოება ამ რეფორმას. ამ კუთხით, მე არ ვარ არც ინდიფერენტული, არც ნეიტრალური, მე, ამ რეფორმის, დიდი მომხრე ვარ და ვიქნები ბოლომდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, მისგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე პირადი პოზიციის დაფიქსირება.

"როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს რომელიმე მოსამართლისა და მოსამართლეთა სიის შექმნის მიმართ პოზიცია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, როცა საკითხი ეხება უზენაეს სასამართლოს, სასამართლოს მიმართ ნდობასა და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს, ყველაზე ფრთხილ პროცედურებს მოითხოვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, გავრცელებულ მოსაზრებებს არაკომპეტენტურს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაშიც სოციალური ქსელები გახდა ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება.

"ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორიის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული კრიტიკული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით.
მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიფრთხილისკენ, რადგან ლუგარის ლაბორატორია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ურთიერთობები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ჩვენ ამ ლაბორატორიისგან ძალიან ბევრ სიკეთეს ვიღებთ.

დღეს უკვე ეს არის სრულად ქართული უწყება და არანაირად ამერიკული, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ. აქ არის ხელოვნურად შემოტანილი დაძაბულობის ნიშნები და მინდა, რომ ყველა ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.