​საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა

დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავიხსენოთ!
ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება.
დღეს ბევრი ვერ მივიდა 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს.
3 დღეში ბზობა, 10 დღეში კი, აღდგომაა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა აღდგომის წირვაზე, ან ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე ეკლესიაში არ მივსულიყავი. ეს ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია და ჩვენი რწმენის გამოხატულება იყო, თუმცა წელს სხვა ვითარებაა. ამ წელს ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი ამ კუთხით სამაგალითო უნდა იყოს და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რაიმე მაგალითს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება იქნება! ეს ერთიანობა ჩვენი მთავარი იარაღია დღეს, ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ჩართულნი ვართ.
ჩვენმა საზოგადოებამ, ჯანდაცვის სისტემამ, ხელისუფლებამ და ყველა მოქალაქემ ამ დღეებში ძალიან დიდი მაგალითი მოგვცეს. ჩვენი ექიმების გონივრული ნაბიჯები, ჩვენი მთავრობის დროული ნაბიჯები, ის თვითშეგნება, რომელიც გამოიჩინა მთელმა საზოგადოებამ, ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში ვართ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რაღაცნაირად ჩვენ გადარჩენილნი ვართ, არ ვართ ჯერ გადარჩენილნი. ეს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯსა და სახლში დარჩენას მოითხოვს.
მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადავუხადო - ექიმებს, მედპერსონალს, იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვარზე დგანან, ჯარისკაცებს. ძალიან განსაკუთრებული მადლობა ჩვენ დიპლომატიურ უწყებას, რომელიც წინა ფრონტზე იბრძვის იმ ქვეყნებში, სადაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა და ეხმარება ჩვენს ემიგრანტებს. მინდა რომ ყველამ მიიღოს ეს მადლობა, რადგან ის ყველას ეკუთვნის.
ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში სოლიდარობაა, რომელიც უკვე გამოვიჩინეთ. სოლიდარობა გამოიჩინა საზოგადოებამ, თითოეულმა ადამიანმა, კერძო სექტორმა. სოლიდარობა გამოვიჩინეთ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე ვრცელდება ყველა ის საშუალება, რაც გვაქვს. ჩვენ სოლიდარობა გამოვიჩინეთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ, როცა მათ ვაბრუნებთ ყველ იმ შესაძლებლობებით, რაც გვაქვს. ეს ის საიდუმლო იარაღია, რომელიც საქართველოს გააჩნია. ჭირში სოლიდარობა ყოველთვის იყო ჩვენი კულტურისა და ჩვენი ღირებულებების ერთ-ერთი მაჩვენებელი და დამახასიათებელი. ეს სოლიდარობა, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, არის ის, რაც ხვალ გადაგვარჩენს. ჩვენ კიდევ დაგვჭირდება სოლიდარობა, რადგან ამ დიდ კრიზისს მოჰყვება კიდევ დიდი ეკონომიური და სოციალური სირთულეები, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და მზად უნდა ვიყოთ, რომ ამ შემდეგ ეტაპსაც ერთიანად დავხვდეთ.
თქვენ იცით, რომ მე არასოდეს ვპასუხობ თუნდაც პრეზიდენტის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევასა და შეურაცხყოფას, მაგრამ მე დღეს არ შემიძლია რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის არასერიოზულ და პასუხისმგებლობამოკლებულ ზოგიერთ პოზიციაზე. არ შეიძლება ამ პერიოდის გამოყენება, ერთიანობის დარღვევა, არ შეიძლება ნიშნის მოგებით პოპულისტური განცხადებების გაკეთება, რომელიც არაფერს არ ეყრდნობა და ამით ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ეს არ შეიძლება, რადგან ეს არღვევს მთავარს - სოლიდარობასა და ერთიანობას, რითაც ჩვენ ხვალ გადავრჩებით!