პრეზიდენტი - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა

ამ დღეებში, საზოგადოებისთვის საყურადღებო გახდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების“შეტანის საკითხი. პარლამენტში ახლადშესული ოპოზიციიდან პრეზიდენტის მისამართით გაჟღერდა ვეტოს გამოყენების მოთხოვნა.

შესაბამისად, შეხვედრები გავმართე პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მმართველი პარტიის მხრიდან კანონპროექტის ინიციატორებთან.

გადაწყვეტილების მიღებამდე მოვისმინე, ყველა მხარის არგუმენტი. ვეთანხმები ოპოზიციის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ასეთი კანონის გამოტანა პირველივე სხდომაზე, რომელშიც ოპოზიცია მონაწილეობდა, არ შეესაბამებოდა ახალმიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას.

ვიზიარებ ასევე იმ აზრს, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები შევიდნენ მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება, რომ სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში. ეს პროცესი მოითხოვდა, ჩემი აზრით, მეტ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა კანონში ცვლილებები ბოლომდე გაგებული და გაზიარებული ყოფილიყო ჩვენი მოქალაქეების მიერ.

კომუნიკაციის ნაკლებობა ასეთ საკითხებში, რომელიც ადამიანის უფლებებს და სამართალდამცავ ორგანოებთან მოქალაქეების ურთიერთობას ეხება, ყველასათვის დამაზიანებელია, რამეთუ უნდობლობას ბადებს. ასეთი სენსიტიური საკითხი მოითხოვს სწორედ ყველას ჩართულობას და ფართო დისკუსიას.

ამდენად, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა ნაკლებად იძლეოდა არგუმენტების წარდგენისათვის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას.

ვიზიარებ იმასაც, რომ როდესაც საზოგადოება, 19 აპრილის შეთანხმების თანახმად ელოდება სამი მთავარი კანონის ინიცირებას: ამნისტიის, საარჩევნო კოდექსის და სასამართლო რეფორმის, ამ ფონზე, არსებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება შეიძლება პოლიტიკურად უდროოდ იყოს მიჩნეული.

ამდენად, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავდი ვეტოს ინსტრუმენტის გამოყენებას, თუმცა მეორე მხრივ, ვეტოს გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სამართლებრივ არგუმენტებსაც.

ამ კუთხით, ახალი ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, ვერ მიიჩნევა ვერც რომელიმე სამართლებრივი პრინციპის დარღვევად და ვერც რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის უგულებელყოფად.

ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა. თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოიყენოს.

დაბოლოს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, არ შეიძლება ხაზი არ გავუსვა იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოები წარმოადგენენ იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებზეც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის წესრიგი და სტაბილურობა დგას. მათ მიმართ პატივისცემა აუცილებელი სამოქალაქო ვალია, თუმცა ეს არ მიიღწევა მხოლოდ სანქციებით და ჯარიმებით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებითაც.