საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდზე, სამების საკათედრო ტაძარი 

ბატონო გენერალო,
ბატონო გიორგი,

დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100 წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა.

ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მე-11 არმიის თავდასხმითა და ოკუპაციით შეწყდა. ბედის ტრიალი 2021 წლის 26 მაისს სრულდება, როცა ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წელს აღვნიშნავთ და ამავე დროს თქვენ სამშობლოში სრული სამხედრო პატივით გაბრუნებთ.

ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი,

თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით.

საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო... დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც გენერალი გიორგი კვინიტაძის სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენს მაგალითზე აღიზრდებიან, თქვენი შემართებით და გულანთებული მამულიშვილობით. ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება.

ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის. სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი.

100 წლის თავზე, ქართულ თავისუფალ მიწაზე, ჩვენი ასეთი შეხვედრა ნიშნავს, რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემის და ყველა სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა: საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია! ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია!

ამიტომ დღეს მე აქ მოვედი არა მხოლოდ როგორც ის პატარა გოგო, რომელიც უფროსებთან ერთად თქვენს სანახავად მისული შთაბეჭდილებების ქვეშ გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი და მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი.

თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრებაგამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით.

დღევანდელი დღე არა გლოვის, არამედ გამარჯვების და ახალი იმედების დღეა! ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს თქვენსავით სჯეროდეთ ჩვენი ქვეყნის მომავლის და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს ერთგულად სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა.

მინდა, ყველას სახელით მადლობა მოგახსენოთ ამ ერთგულებისა და თავდადებისთვის. დაე, თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, ქალბატონი მარიამისთვის მსუბუქი ყოფილიყოს მშობლიური, ქართული მიწა. იყოს თქვენი საუკუნო ხსენება, საქართველოს დიდო მთავარსარდალო!