საქართველოს პრეზიდენტი - საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი!

მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ბატონო თავდაცვის მინისტრო,

ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო,

მივესალმები ბატონ გენერლებს,

ოფიცრებს,

სერჟანტებს,

კაპრალებს,

რიგითებს,

მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს,

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,

მივესალმები ჩვენს საზოგადოებას.

დღეს ქართული ჯარისთვის და არა მხოლოდ ქართული ჯარისთვის, სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია“ დაასრულა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში, მონაწილეობა ოცი ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საქართველოს თავდაცვის ძალების ოცდათორმეტმა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე . ჩვენ, ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს დამოუკიდებლობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას.

მოხარული ვარ, რომ დღეს მედლით მხედრული მამაცობისთვის დავაჯილდოვებ 8 სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის არიან ის ჯარისკაცები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში.

დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ჰყავს. დღევანდელი ქართული ჯარი გმირების მაგალითსა და სულისკვეთებაზე დგას, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა. იბრძოლა და იმსახურა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში, იბრძოლა და იმსახურა საერთაშორისო მისიებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალა.

ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის.

საქართველო ნატო-ს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს. ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“.

გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისთვის და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა.

საქართველო არასდროს შეწყვეტს სწრაფვას ნატოსკენ, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი.

დასასრულს სიამაყით აღვნიშნავ, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან და აქ არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პარტნიორების წვლილი, რომლის ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდით თქვენ.

დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, თვით მისია კი, 31 აგვისტოს დასრულდება. არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ჩვენი ერთიანი ბრძოლა. მე მინდა თქვენ ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ.

გაუმარჯოს ქართულ ჯარს!

გაუმარჯოს საქართველოს!