საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: 75 წელი გავიდა იუნესკო-ს დაფუძნებიდან, მას შემდეგ რაც ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენ დავახლოვებოდით და დაგვეცვა კაცობრიობის ყველა მემკვიდრეობა, რათა მშვიდობიან სამყაროში შეგვძლებოდა საკუთარი თავი მიგვეძღვნა იმ ყველაფრისთვის, რაც კაცობრიობის სიმდიდრეს ქმნის. ჩვენ კვლავ ახალი და უფრო და უფრო ძლიერი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

ჩვენი ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა, აგრესიის ობიექტად რჩება, აგრესიისა, რომლის მიზანიც ერთნის ისტორიის, მეორენის იდენტობისა და ყველას კულტურის წაშლაა.

განათლებაზე წვდომა, ის სიკეთე, რომელიც ყველაზე მეტად უნდა იყოს გაზიარებული, არათანაბრად გადანაწილებულ უფლებად რჩება, იმ უფლებად, რომელიც დღესაც კი მრავალი ქალისა და ბავშვისათვის აკრძალულია.

დღეს ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ადგილზე არსებული კონფლიქტები, რომელთა გადაჭრაც გვსურს, არა მხოლოდ მონუმენტებს, არამედ კულტურას, ისტორიას და, რა თქმა უნდა, სოლიდარობას ანადგურებს. ავღანეთი, სირია, ეს ყველაზე აქტუალური ორი შემთხვევა რომ ვახსენოთ, მტკივნეული მაგალითებია იმ რეალობისა, რომლებიც არსებობას არ წყვეტენ.

საქართველო თავად არის ამ გამოწვევის წინაშე. აფხაზეთში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც სამხრეთ ოსეთში, მრავალი შუასაუკუნეების ეკლესია, კათედრალი და მონასტერი განადგურების პირასაა და დამახინჯების წინაშე დგას. ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, წაშალოს საქართველოს კვალი ჩვენი ტერიტორიებიდან. ახლა ქართულ ენასა და ქართულ ენაზე განათლებაზე წვდომა აკრძალულია. არცერთი სკოლა აღარ ასწავლის ენას, ქართულენოვანი კლასები დაიხურა. დღეს საფრთხის ქვეშაა თავად აფხაზური ენა, კულტურულ უფლებებთან ერთად რეპრესირებულია ადამიანის უფლებები.

ყველა შემთხვევაში, ძალადობა ანადგურებს ინდივიდს, მის იდენტობას და საზოგადოებას. მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ პასუხი გასცეს თანამედროვე დროის ამ გამოწვევებს, გარკვეულწილად თანამედროვე ხელსაწყოებითაც. შესაძლებელია იმაზე ფიქრი, რომ გაციფრულებას შეუძლია ხელი შეუწყოს იმის კონსერვაციას, რის გაქრობასაც ზოგიერთები ლამობენ, იმ მონუმენტების კონსერვაციას, რომლის გაქრობასაც აგრესორები ცდილობენ.

მსურს, ყურადღება შევაჩერო სხვა ძირითად გამოწვევაზე, რომელიც დღეს ჩვენი და ყველა საზოგადოების სიმსივნეა. ეს არის სიძულვილის ენა, რომელიც თავს ესხმის განათლებასა და ინტელექტს და გვიკრძალავს ერთმანეთის გაგებას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვყოფს და პოლარიზებას ახდენს - ეს სიძულვილის ენაა, რომელსაც თან ახლავს ცრუ, ფეიკინფორმაციადა რომელსაც სოციალური ქსელები ასე ხალისიანად ავრცელებენ. მას სურს დაყოფით, ფრაგმენტაციით და პოლარიზებით გაანადგუროს ის, რაც კაცობრიობის საერთო საფუძველია, სწორედ ის, რის კონსოლიდაციას და დაცვასაც ეს ორგანიზაცია ახდენს.

დოკუმენტი, რომელიც იუნესკომ ახლახან მიიღო, რათა გაუმკლავდეს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის მოზღვავებას, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაზიაროთ ყველამ ჩვენს ქვეყანებში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა სიძულვილის ენაზე გავიმარჯვოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა შევინარჩუნოთ ენები, რომლებიც ერთმანეთის გაგებაში გვეხმარებიან და რომლებიც თავად გაქრობის ობიექტები არიან.

დასასრულს, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კავკასიურ ენათა ოჯახზე, რომელიც ყველაზე პატარა ლინგვისტური ოჯახია ევრაზიის კონტინენტზე, თუმცა ათეულ ენას მოიცავს. აფხაზური ენა ერთ-ერთია იმ მრავალ ენათა შორის, რომლებიც კავკასიას უძველესი დროიდან წარმოაჩენდნენ და რომელსაც არაბები ენების მთას უწოდებდნენ. კავკასიური ოჯახის ენები, ყველა, ქართული ენის გარდა, გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია.

მსურს თქვენ და ამ ორგანიზაციას, მოგმართოთ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობასა და მის ჩართულობას, რათა დაწესდეს კავკასიური ენების საერთაშორისო დღე. ჩვენ ეს ენები უნდა გადავარჩინოთ, ისევე როგორც უნდა ავკრძალოთ სიძულვილის ენა.

დიდი მადლობა!