უმაღლესი მთავარსარდალი

00:00 / 00:00

 

საქართველოს პრეზიდენტი - მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა და მასშტაბები ადასტურებს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონის და შავი ზღვის უსაფრთხოების და მშვიდობის განმტკიცების პროცესში

 

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა მრავალეროვნული სამხედრო სწავლების ,,მტკიცე სული 2021“დახურვის ცერემონიაზე 


მოგესალმებით,

მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო,

მივესალმები ყველას - ჩვენს გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგითებს,

მივესალმები ყველა მონაწილეს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს,

I want to greet here all the and each and every representative of our partner countries that took part in “Agile Spirit” this year.

მოგესალმებით, პატივცემულო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!

მინდა ყველას მოგილოცოთ  მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „მტკიცე სული 2021“ წარმატებით დასრულება!

მადლობას მოვახსენებ სწავლების ორგანიზატორებს, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობასა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის,  ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სარდლობას ევროპასა და აფრიკაში. მადლობას მოვახსენებ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს სწავლებაში მონაწილეობისათვის.

„მტკიცე სული 2021“ გამოირჩეოდა წვრთნების მრავალფეროვნებით, ლოკაციის, სადესანტო ოპერაციებისა და მათში ჩართული სამხედროების რიცხოვნობის ზრდით. ჩვენი სამხედროების მებრძოლი სულის სიმტკიცისა და მათი მაღალი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელდა მეათე, საიუბილეო სამხედრო სწავლება, რომელშიც 15 ქვეყნის 2500-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

„მტკიცე სული“ 2021 არ არის მხოლოდ გამორჩეული, ის ისტორიულიც გახლავთ,  რამეთუ, საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნების ისტორიაში, წელს პირველად მონაწილეობდა საქართველოში წარმოებული, ქართული ჯავშანტექნიკა. ეს გახლავთ საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სამხედრო ინდუსტრიის  წარმატება.

საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ქართული „დიდგორი მეომარისა“ და „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით აღიარებულია საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკის ნატოს თანამედროვე სტანდარტებთან თავსებადობა. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის  თავდაცვისუნარიანობის და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

საქართველო კვლავ ერთგულად და დაუღალავად  ისწრაფვის არჩეული მიზნისკენ -  ნატოში ინტეგრაციისკენ. ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობასა და ურთიერთთავსებადობას. ეს არის მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანი, რომელსაც, ჩვენდა საამაყოდ, ყოველწლიურად  გაზრდილი წარმატებით ვაღწევთ.

საქართველოში განხორციელებული მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დინამიკა და მასშტაბები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის  მნიშვნელობას რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებისა და შენარჩუნების პროცესში.

ნათელია, რომ დღეს მსოფლიოს ამა თუ იმ  რეგიონის უსაფრთხოება და მშვიდობა აღარ არის უშუალოდ რეგიონში გეოგრაფიულად მდებარე ქვეყნების პრობლემა და საზრუნავი. რეგიონული უსაფრთხოება და მშვიდობა გლობალური უსაფრთხოების და მშვიდობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს რეალობა საქართველოს კარგად აქვს გათვითცნობიერებული. ჩვენს  მიერ  არჩეულ გზას - ნატოში ინტეგრაციის გზას მივყავართ სტაბილურობის და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე ერთგულად სვლით, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაძლიერებთ და ვამტკიცებთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც მსოფლიო მშვიდობის განმტკიცების საწინდარია.

დღევანდელი დღე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნების შედეგად მტკიცდება ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი, რასაც ისინი მომავალშიც საქართველოს, რეგიონისა და მსოფლიო მშვიდობის გაძლიერებას მოახმარენ.

დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ „ძალა ერთობაშია“!, „ძალა პარტნიორობაშია“! გარწმუნებთ, რომ საქართველო და მისი ჯარისკაცები მომავალშიც ღირსეულად გაგიწევენ სანდო და საიმედო პარტნიორობას და ძალისხმევას არ დაიშურებენ მსოფლიო უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ღირსეული წვლილის შეტანაში.

ამისათვის ყველას უდიდესი მადლობა მთლიანად ჩვენი საზოგადოებისგან და საქართველოს პრეზიდენტისგან!