სალომე ზურაბიშვილი - მხოლოდ შემწყნარებლობას შეუძლია გაგვაძლიეროს და წაგვიძღვეს მშვიდობისკენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანთან და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჰოლოკოსტი ეს  ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გუშინ 75 წელი შესრულდა აუშვიც- ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან.
 
"გასულ კვირას, მსოფლიოს ათეულობით ლიდერთან ერთად, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს დავესწარი იერუსალიმში. საერთაშორისო ფორუმზე იად ვაშემში, მე ვნახე როგორ დავდეთ პირობა, რომ კაცობრიობა აღარასოდეს ივლის ამგვარი ბოროტი გზით. ეს ფაქტი ნამდვილად სინანულის გამოცდილება იყო.
 
როგორც უკვე აღვნიშნე, 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ყველაზე სამარცხვინო მომენტი დასრულდა. თუმცა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, მას კლიტე დავადოთ. ანტისემიტიზმი დაავადებაა, რომელიც არამხოლოდ მის სამიზნეს აყენებს ზიანს - ერთ კონკრეტულ ერს - არამედ ზიანს აყენებს ყველა ადამიანს, ვინც ამ სიძულვილის გავრცელების თანამონაწილეა.
 
ჰოლოკოსტის არსებობა ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. და არასოდეს დავრთოთ ნება ბოროტ ძალებს ანტისემიტიზმი დღევანდელ თაობებში გაავრცელონ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მე ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ერს, რომელიც ებრაელ ხალხთან მუდმივად ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს. ეს მეგობრული ურთიერთობები არამხოლოდ დღევანდელი მთავრობის მიღწევაა, არამედ ისტორიულია.
 
ებრაელ ხალხთან 26 საუკუნოვანი ურთიერთობა გვაკავშირებს და ჩვენს ერში ამ ისტორიის მანძილზე ვერც ერთი ანტისემიტური შემთხვევა ვერ მოიძებნება. როგორც ჩვენი ებრაელი მეგობრები ამბობენ, ქართველები ერთადერთი ერის წარმომადგენლები არიან, ვისაც  ებრაელების წინაშე ბოდიში არ აქვთ მოსახდელი.
 
შემწყნარებლობა მსოფლიო მშვიდობისთვის მთავარი აუცილებელი ფასეულობაა. დღევანდელ სამყაროში ამ ფასეულობის ნაკლებობაა, მაგრამ საქართველოს არასდროს გადაუხვევია პატივისცემის, გაგებისა და შემწყნარებლობის კურსიდან. 
 
ანტისემიტიზმის უარყოფა არ არის საკმარისი სიამაყისთვის, ისევე როგორც არ უნდა იყო ამაყი, რომ არ ხარ კრიმინალი. მე ამაყი ვარ იმ მეგობრობით, რომელიც ჩვენ შემწყნარებლობამ მოგვიტანა.
 
მე უკვე შეთავაზებული მაქვს, რომ ეს "ქართული ტოლერანტობა"  შეტანილი იყოს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, რათა გავაძლიეროთ ეს ტრადიცია და ვაჩვენოთ, რამდენად ვაფასებთ ამ ღირებულებებს. 
 
ჩემთვის პატივია სტრასბურგში ყოფნა, ასეთ დასამახსოვრებელ დროს. ფასეულობები, რომლებიც ახასიათებს სტრასბურგს, ბრიუსელს, ან მთლიან ევროპას დაცული უნდა იყოს.
 
მხოლოდ შემწყნარებლობას შეუძლია წაგვიძღვეს მშვიდობისკენ და დაცულობისკენ, გაგვაძლიეროს, სანამ ჩვენ ვეჭიდებით მნიშვნელოვან გამოწვევებს. მხოლოდ შემწყნარებლობას შეუძლია წაგვიძღვეს უკეთესი მომავლისკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები